საქართველოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულად აქვს ჰარმონიზებული სააუზო მართვის ახალი კანონი, რომელიც 2026 წლიდან ამოქმედდება. იმისთვის, რომ კანონი სრულფასოვნად ამუშავდეს და ეფექტური იყოს, გარემოს დაცვის სამინისტროს დიდი სამუშაო აქვს გასაწევი. კანონის შესაბამისად, შესაქმნელია საზოგადოების ჩართვის სქემა, მუნიციპალური გეგმები და სააუზო მართვის სპეციალური საბჭო, რომლის დებულება უკვე მიღებულია და რომელშიც გაწევრიანდება ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი. სააუზო უბნებს კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს.
სანაპირო მართვის ექსპერტი, გარემოსდაცვითი საკითხების სპეციალისტი, მამუკა გვილავა, ამბობს, რომ აუცილებელია ინტერაქციული სისტემა ყველა მდინარის აუზზე გავრცელდეს. სპეციალისტები დიდი ხანია მდინარეთა აუზების ინტეგრირებული მართვის აუცილებლობაზე საუბრობენ, რასაც, მათივე თქმით, ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა და ერთიანი ხედვა სჭირდება. როგორც სანაპირო მართვის ექსპერტი გვეუბნება, რიონი დღეს ერთადერთი მდინარეა, რომელიც მთლიანად საქართველოს მართვის ქვეშაა.
სააუზო მართვა წყლის ჩარჩო დირექტივის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, ამ მხრივ, ევროკავშირი და აშშ მოწინავეა და მათი პრაქტიკების გადმოღება საქართველოსთვის მომგებიანი იქნება. მამუკა გვილავას თქმით, შესაძლებელია ოკუპირებულ აფხაზეთთან, ჰუმანიტარულ-სამოქალაქო ურთიერთობის ფარგლებში, ერთობლივი სააუზო მართვის გეგმის შემუშავებაც კი წყლის ჩარჩო დირექტივის მეთოდოლოგიით. მზაობას გვილავა ხედავს. სპეციალისტები ხაზს იმასაც უსვამენ, რომ საქართველოს შეუძლია საერთაშორისო პრაქტიკის ადგილზე დანერგვით ერთი აუზის ფარგლებშიც კი აჩვენოს კარგი მართვის შედეგი, თუმცა, ამისთვის უპირველესად, კარგი გეგმის შექმნაა საჭირო, რომელიც, აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას. გარემოს დამცველები დარწმუნებული არიან, რომ მხოლოდ ეფექტური გეგმის გონივრულ ვადებში განხორციელება მოიტანს შედეგს.
როგორც ეკოლოგები და გარემოს დამცველები ამბობენ, დღეს საქართველოში ყველა მდინარეს იდენტური პრობლემები აქვს. ამ მრავალრიცხოვან პრობლემებს შორის ყველაზე მწვავე ეკოლოგიური მდგომარეობის სიმძიმეა. მდინარეების სტატუსის განსაზღვრის სტანდარტები ჯერ კიდევ არ გვაქვს შემუშავებული, მაშინ როცა კანონი მოითხოვს, ვიცოდეთ — საშუალო, მაღალი თუ დაბალი დაბინძირების დონე აქვს ამა თუ იმ მდინარეს.
საქართველოში მდინარეების საერთო პრობლემას ჰიდროელექტროსადგურებიც წარმოადგენს. გარემოს დამცველთა ინფორმაციით, ამ ეტაპზე ჩვენ იმასაც კი ვერ ვითვლით, რა ოდენობის წყალი ჩამოდის მდინარეებში და რა ხარჯი გვაქვს. საქართველო ჯერ კიდევ არ ფლობს წყალმზომებს, რომლებიც მდინარეებში ჩამონადენ წყალს გაზომავს — იზომება მხოლოდ მდინარის დონე. ნონი ჩხობაძის თქმით, იმისათვის, რომ მდინარეების მონიტორინგის ტექნოლოგიური სისტემატიზება მოხდეს, საჭიროა შესაბამისი ტექნოლოგიები და სპეციალიზებული, მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომლის მწვავე დეფიციტიც ქვეყანაში წლების განმავლობაში სულ უფრო ღრმავდება.
როგორც უკვე გითხარით, 2026 წლიდან საქართველოში ამოქმედდება სააუზო მართვის კანონი, რომლის ინტეგრირებული მუშაობა სტრატეგიულ გარემოსდაცვით ინსტრუმენტთან ერთად ქვეყანას მისცემს მზა რეცეპტს — როგორ უნდა მოიქცეს და რომელი გზაა გონივრული და სწორი: ჯერ უნდა ვაშენოთ ჰესები და შემდეგ დავიწყოთ აუზების მართვა, თუ პირიქით? სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ ნებისმიერი მშენებლობა — იქნება ეს ჰესი თუ სხვა ობიექტი — აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს აუზების მართვის სტრატეგიას.
მაგალითისთვის, მამუკა გვილავას შეფასებით, თუ რიონზე ავაშენებთ ნამოხვანის ჰესს, უნდა შევეგუოთ, რომ რიონში ზუთხი გაქრება. თუ ჰესზე ვიტყვით უარს, გვრჩება შესაძლებლობა 9-კილომეტრიანი ჰაბიტატი განვავრცოთ. უნდა გადავწყვიტოთ, რა უფრო გვიღირს. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზუთხი სამეზობლოში მხოლოდ საქართველოშია შემორჩენილი — აღარც რუსეთშია და აღარც თურქეთში. უფრო მეტიც, რუმინეთიც კი დაინტერესებულია, რომ საქართველომ ზუთხი შეინარჩუნოს, რადგან იმედოვნებენ, რომ აქედან მათთანაც გავრცელდება.
სანამ მდინარეების სხვა, არანაკლებ მწვავე პრობლემებზე გადავიდოდეთ — ჰესებთან და ჰიდროენერგეტიკასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ საკითხებზე — გარემოსდამცველებს კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აქვთ. მათ შორისაა ნამოხვანიჰესის საქმეზე საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლოში წაგების საკითხიც. მამუკა გვილავასთვის ნიშანდობლივია, რომ საქმის დეტალები ისევე არ საჯაროვდება, როგორც გონიოსა და თბილისში „იგლს ჰილსის“ 6-მილიარდიანი არაბული პროექტის ხელშეკრულების დეტალები.
ცალკე დგას სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის ჰესების, კომერციალიზაციის საკითხი, რომელიც მამუკა გვილავასთვის მიუღებელია. მაგალითად, მას „გუმათი 1“-ისა და „გუმათი 2“-ის განკერძოების შედეგები მოჰყავს.
მდინარეების კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა ინტენსიური გამორეცხვა, რაც ინერტული მასალის ჭარბი ამოღებით არის განპირობებული. ხშირად ირღვევა კანონით დადგენილი აკრძალვები, რაც მდინარეებს კალაპოტსაც კი უცვლის.
მდინარეების ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა ნარჩენებიც, ხშირად ისეთი სახიფათოც კი, როგორიცაა სამედიცინო ნარჩენები, მკვდარი ლეში და სხვა, რაც ხშირად ჰესებისთვისაც პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ ნარჩენების მართვის მექანიზმების ამოქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობის შესამსუბუქებლად. მართალია, სუფსაში დამონტაჟებული ნარჩენების დამჭერი ბადეები ნაგვის ზღვაში შეტანას ეფექტურად უშლის ხელს, თუმცა ეს საკმარისი არ არის და აღნიშნული ქსელი გასაზრდელია, რადგან ზღვაში მდინარეებს სხვა მხრიდან მაინც შეაქვს დიდი რაოდენობით ნარჩენი.
მამუკა გვილავა მიუთითებს იმაზე, რომ მდინარეთა აუზების მართვის ადგილობრივი (მუნიციპალური) გეგმების შემუშავებისას აუცილებელია, უპირველესად, ადგილობრივების ინტერესების გათვალისწინება, განხილვებში მათი ჩართვა და მათი საჭიროებების მოსმენა-გათვალისწინება.
ცნობითვის, ნაკლებად ეფექტურად რომ ვმართავთ მდინარეებს, ეს ცოტა ხნის წინ ლიახვმაც შეგვახსენა 👇
რამდენად სწორად ვმართავთ სანაპიროებს და როგორ ვიყენებთ შავი ზღვის რესურსს? – გაიგეთ აქ 👇
