Skip to content Skip to footer

მეგრული თხა –გადაშენების საფრთხის წინაშე მყოდი უძველესი ჯიში – აგროგარემოს AI ია

მეგრული თხა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური ადგილობრივი ჯიშია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ხალხური სელექციით, ხალასჯიშიანი მოშენებითა და სარძეო პროდუქტიულობაზე მიზანმიმართული გადარჩევით ჩამოყალიბდა. ეს ჯიში გამორჩეულია ბუნებრივ გარემოსთან საოცარი შეგუების უნარით — მარტივად ითვისებს მაღალმთიან, კლდოვან და ძნელადმისადგომ საძოვრებს, ისევე როგორც კოლხეთის დაბლობების ჭაობიან, ეკალ-ბარდიან და შამბნარიან ტერიტორიებს.

მეგრული თხა ნაკლებად მომთხოვნია მოვლა-შენახვისა და კვების პირობების მიმართ, ხასიათდება დაავადებებისადმი მაღალი გამძლეობით, ძლიერი ჯოგური და დედობრივი ინსტინქტით. ჯიშში განასხვავებენ ორ ტიპს — მთისას და ბარისას. მთის ტიპი უფრო მასიური და სარძეო-სახორცე მიმართულებისაა, ხოლო ბარის ტიპი — ნაზი კონსტიტუციის, ძირითადად სარძეო პროდუქტიულობის მქონე.

მეგრული თხის ბეწვი მოკლე და უხეშია, რქები — გრძელი და ხმლისებურად მოხრილი. ფერებში ჭარბობს თეთრი, თუმცა გვხვდება ჩალისფერი, შავი, ნაცრისფერი და წითური ინდივიდებიც. ნეზვები ნაყოფიერებით გამოირჩევიან — ნაყოფიერება 130–140%-ს აღწევს. ლაქტაცია საშუალოდ 250 დღე გრძელდება და იძლევა 300–400 კგ რძეს 4–4,5% ცხიმიანობით.

დღეს მეგრული თხა გადაშენების რეალური საფრთხის წინაშეა. სანაშენე მუშაობის შეწყვეტამ და უსისტემო, ხშირად ნათესაურმა შეწყვილებამ მკვეთრად შეამცირა ტიპური ინდივიდების რაოდენობა. ამ უნიკალური გენეტიკური რესურსის დაცვა და აღდგენა ჩვენი სოფლის მეურნეობისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ცნობისთვის, მსოფლიოში სულ  148-ზე მეტი ჯიშის თხაა აღრიცხული. საწარმოო კლასიფიკაციით მათ 5 ჯგუფად ყოფენ. 

 სამატყლო ჯიშები _ რომელშიც შედის ანგორის, მურგუზი, საბჭოური სამატყლე თხა;

 სათივთიკე ჯიშები _ ალტაური, სოიხა, ორენბურგული და სხვ.

 სარძევე ჯიშები _ ზაანენური, ტოგენბურგული, ალპიური, მეგრული;

სახორცე ჯიშები _ ბენგალიის შავი, შანსი, სერანა, ბურების.

კომბინირებული ჯიშები – ამ ჯგუფში გაერთიანებულია პლანეტის სხვადასხვა კონტინენტის აბორიგენული უხეშბეწვიანი თხები, რომლებისგანაც აწარმოებენ რძეს, ხორცს, მატყლს, თივთიკს.

საქართველოში ძირითადად მოშენებულია მერძეული მიმართულების თხა. ვინაიდან თხის რძე, ისევე როგორც ძროხისა, კაზეინის შემცველია, მაგრამ, მისგან განსხვავებით, პრაქტიკულად არ შეიცავს ალფა-1S-კაზეინს, რომელიც რძეზე ალერგიის გამომწვევი ძირითადი ფაქტორია, ამიტომაც ძროხის რძეზე ალერგიის მქონე პირებისთვის რეკომენდებულია თხის რძე. კაზეინი ამინმჟავებით გაჯერებული ცილაა, რომელსაც ორგანიზმი ძალიან ნელა ითვისებს და ასევე ნელა გამოდევნის.