Skip to content Skip to footer

ევროკავშირის მხარდაჭერით სურსათის უვნებლობის შესახებ შექმნილი საგანმანათლებლო მასალები ხელმისაწვდომია სკოლის მასწავლებლებისა და მშობლებისთვის

ევროკავშირი მრავალი წელია მხარს უჭერს საქართველოში სურსათის უვნებლობის მიმართულებით მიმდინარე რეფორმებს და ეხმარება მოსახლეობას შეიტყოს სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ.

ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთ პროექტს “სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა (ENPARD IV)“ ჩეხეთის განვითარების სააგენტო ახორციელებს და ის მიზნად ისახავს, როგორც სურსათის უვნებლობის სექტორის სისტემურ დონეზე განვითარებას, ისე საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ხსენებული კამპანიის ფარგლებში, სურსათის უვნებლობისა და განათლების ექსპერტებმა შექმნეს საგანმანათლებლო რესურსები სურსათის უვნელობის შესახებ, საქართველოს სკოლებში არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში დასანერგად.

აღნიშნული ინოვაციური რესურსები მოიცავს საგანმანათლებლო მასალებსა და ინტერაქციულ სამაგიდო თამაშებს სკოლის მოსწავლეებისთვის და ხელმისაწვდომია, როგორც სკოლებში, ისე ონლაინ გამოსაყენებლად. ეს მასალები მიზნად ისახავს, როგორც მასწავლებლების, ისე სკოლის მოსწავლეების აღჭურვას პრაქტიკული ცოდნითა და უნარებით სურსათის უვნებლობის, მომხმარებელთა უფლებების და საკვების ჯანსაღად მოხმარების შესახებ.

📚 საგანმანათლებლო რესურსები

ექსპერტების მიერ მომზადებული მასალები მოიცავს როგორც თეორიულ სახელმძღვანელოებს, ისე ინტერაქციულ თამაშებს. რესურსები ხელმისაწვდომია ონლაინ:


🎥 ვიდეო მიმოხილვა

📋 რას მოიცავს მეთოდოლოგია?

მასწავლებლებზე მორგებული მეთოდოლოგია განკუთვნილია 7-12 კლასის მოსწავლეებისთვის და აერთიანებს ხუთ ძირითად თემას:

  1. სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი
  2. ჯანმოს (WHO) სურსათის უვნებლობის ხუთი ძირითადი პრინციპი
  3. სურსათის ეტიკეტირება და მომხმარებლის ინფორმირება
  4. საკვები დანამატები
  5. სურსათისმიერი დაავადებები

პროექტის ფარგლებში შექმნილი საგანმანათლებლო მასალები ეფუძნება არაფორმალური განათლების პრინციპებს, რაც გულისხმობს, რომ სასწავლო პროცესი მნიშვნელოვნად სცდება ინფორმაციის მშრალად მიღებას — ინტერაქციული გაკვეთილები უზრუნველყოფს მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას. ეს მიდგომა ორიენტირებულია მოსწავლეებზე და მათი საჭიროებების გათვალისწინებით, აყალიბებს ინკლუზიურ საგანმანათლებლო გარემოს. მნიშვნელოვანია ასევე, რომ თითოეული აქტივობა ადაპტირებულია განსხვავებულ საგანმანათლებო საჭიროებაზე. 

მეთოდოლოგიის მთავარი მიზანია მოსწავლეებში ცნობიერების, ღირებულებებისა და პრაქტიკული უნარების განვითარება. პრაქტიკული და გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების გზით, სტუდენტებს ეძლევათ საშუალება შეისწავლონ და გამოიყენონ სურსათის უვნებლობლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწავლა წახალისებულია ჯგუფური მუშაობის, შემოქმედებითობისა და თანასწორი მონაწილეობით.

მაგალითად, ერთ-ერთი აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები ქმნიან გამოგონილ საკვებ პროდუქტს — უნდა მოიფიქრონ მისი შეფუთვა, მარკეტინგული სლოგანი და ეტიკეტი — რაშიც იყენებენ სურსათის უვნებლობის შესახებ მიღებულ ცოდნას სახალისო და პრაქტიკული გზით.

სწავლა თამაშ-თამაშით სკოლასა და სახლში

სწავლის პროცესის კიდევ უფრო გასამრავალფეროვნებლად, პროექტის გუნდმა შეიმუშავა სამი ორიგინალური სამაგიდო თამაში, რომელთაგან 60-ზე მეტი კომპლექტი უკვე გადაეცა სკოლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ეს თამაშები არა მხოლოდ გართობას ისახავს მიზნად, არამედ წარმოადგენს ინტერაქციულ და გამოცდილებაზე დაფუძნებულ სასწავლო ინსტრუმენტებს, რომლებიც ხელს უწყობს სურსათის უვნებლობის პრინციპების ეფექტურად ათვისებას. თამაშის გზით მოსწავლეები უკეთ აკავშირებენ მიღებულ თეორიულ ცოდნას პრაქტიკასთან — რაც ხშირად რთულად მისაღწევია ტრადიციული სწავლების გზით.

თამაშები ასევე მშობლებისთვისაც არის გათვალისწინებული და საშუალებას აძლევს ოჯახებს სასწავლო პროცესში სახლის პირობებში ჩაერთონ.


📈 პროექტის შედეგები ციფრებში

სურსათის უვნებლობის შესახებ საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობა პროექტის გუნდმა გასულ წელს საგრანტო კონკურსით დაიწყო, რომლის მეშვეობითაც გამარჯვებული რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციები გამოვლინდნენ. ამ ორგანიზაციებმა სკოლის მასწავლებლებთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელეს ცნობიერების ამაღლების აქტივობები და მოამზადეს მასწავლებლები არასაფორმალური სასწავლო სესიებისათვის.

ინიციატივის ფარგლებში:

  • საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადამზადდა 100 მასწავლებელი
  • 1600-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა ინტერაქციულ სემინარებში
  • 200-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო შემოქმედებით აქტივობებში, მათ შორის კონკურსებსა და ფლეშმობებში.

დღეს შემუშავებული მეთოდოლოგია და თამაშები ხელმისაწვდომია ფართო აუდიტორიისთვის, რაც სკოლებსა და ოჯახებს დამატებით შესაძლებლობას აძლევს, ჩაერთონ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში.

მაჩვენებელირაოდენობა
გადამზადებული მასწავლებელი100
მონაწილე მოსწავლე სემინარებში1600+
შემოქმედებით აქტივობებში ჩართული ბავშვები200+
გადაცემული სამაგიდო თამაშების კომპლექტი60+

💡 მდგრადი რესურსი სკოლებისა და ოჯახებისთვის

ეს ინიციატივა ერთჯერადი კამპანიის ფარგლებს სცდება. იგი ქმნის მდგრად სასწავლო რესურსს, რომელიც მასწავლებლებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ ის, როგორც სასკოლო კლუბების, ასევე კურიკულუმს მიღმა დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში. მშობლებს კი ეძლევათ შესაძლებლობა ბავშვებში უვნებელი კვების ჩვევები სახლის პირობებში წაახალისონ.

არ აქვს მნიშვნელობა ხართ სკოლის დირექტორი, მასწავლებელი თუ მშობელი — ეს არის შესაძლებლობა, შეიძინოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნა და უნარები და გამოიყენოთ ისინი საკლასო ოთახსა თუ საოჯახო გარემოში — სახალისო, შემოქმედებითი და ეფექტური გზით.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში (ENPARD IV)“ თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მიერ. პროექტს ახორციელებენ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (UN FAO) და ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA).

🔗 გაიგეთ მეტი კამპანიის შესახებ: http://bit.ly/3VV5oHb


სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.