საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ხშირად უსვამდა ხაზს სამშობლოს სიყვარულს, მიწისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მნიშვნელობას.
მისი სიტყვები — „არავისა აქვს უფლება გაყიდოს ქართული მიწა…“ — დღესაც ძლიერ გზავნილია.
მიუხედავად უდიდესი სულიერი მისიისა, თავად ამბობდა, რომ სურვილი ჰქონდა უბრალო სოფლის მოძღვრად ემსახურა.
მისი მოკლე, მაგრამ გულწრფელი სიტყვები — „საქართველო მიყვარხარ!“ — ასახავს იმ ღრმა სიყვარულს, რომელიც მან მთელი ცხოვრება საკუთარ ქვეყანას მიუძღვნა.
ილია II წარმოშობით საქართველოს მთიანი რეგიონის — ყაზბეგის (სტეფანწმინდა) ოჯახს უკავშირდება. მისი მშობლები სოფელ სნოდან და სიონიდან იყვნენ, რაც მას ბავშვობიდანვე აკავშირებდა სოფლის ცხოვრებასთან, მთის კულტურასა და ტრადიციებთან.
ბავშვობის პერიოდში ის ხშირად ატარებდა დროს მთიან გარემოში და იზრდებოდა ოჯახში, სადაც სოფლის ტრადიციები, სტუმართმოყვარეობა და სულიერი ცხოვრება მნიშვნელოვანი იყო. ასევე ცნობილია, რომ მისი ოჯახი საბჭოთა პერიოდში დევნილ სასულიერო პირებსაც აფარებდა თავს, რაც კიდევ უფრო ამყარებდა მის კავშირს როგორც ეკლესიასთან, ისე ტრადიციულ ქართულ გარემოსთან.
სწორედ ეს ფესვები — მთიანი რეგიონი, სოფლის კულტურა და ტრადიციები — ითვლება ერთ-ერთ საფუძვლად, რის გამოც მოგვიანებით ილია II განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სოფლის, მიწისა და ეროვნული იდენტობის მნიშვნელობას.
ილია II სოფლის გადარჩენას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად მიიჩნევდა.
პატრიარქი სხვანაირად აღიქვამდა გარემოსაც, მას სულ სხვანაირად უყვარდა ბუნება და ღვთის სახე და ხატი, ადამიანი, უფლისვე შექმნილი ბუნების მცველად მიაჩნდა – ასე ხედავდა ილია მეორე სამყაროს.
93 წლის ასაკში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა. ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამღძვრად 1977 წელს აირჩიეს. ის საქართველოს ეკლესიას 48 წელი წინამძღოლობდა.