Skip to content Skip to footer

რუსეთი ცოფსა და პასტერელოზს ებრძვის – იგეგმება თუ არა დამატებითი შეზღუდვები ან კონტროლის გამკაცრება რუსეთიდან და ბელარუსიდან ცოცხალი ცხოველებისა და ხორცის იმპორტზე

რუსეთის ნოვოსიბირსკის ოლქში ცხოველთა ინფექციური დაავადებების გავრცელების გამო ვითარება რთულდება და რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ოფიციალური ინფორმაციით, გავრცელებულია ცოფი და პასტერელოზი, რომელიც „არასტანდარტულ ფორმას“ იღებს და მუტაციის ნიშნებს ავლენს. რეგიონში კარანტინია დაწესებული და მიმდინარეობს პირუტყვის მასობრივი ხოცვა. ყირგიზეთმა, ყაზახეთმა და ბელარუსმა რუსეთისგან ცხოველებისა და ცხოველური პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვები დააწესეს. ბელარუსის გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ის საქონლის ხორცის ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელია. 2026 წლის პირველ ორ თვეში საქართველომ 2.07 მილიონი დოლარის, 363 ტონა საქონლის ხორცი შეიძინა. ძირითადი იმპორტი მოდის ბელარუსზე და უკრაინაზე. საქართველოს ბაზარი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმპორტზე არა მხოლოდ საქონლის, არამედ ღორის მიმართულებითაც. ქვეყანაში მოხმარებული ღორის დაახლოებით 60% იმპორტირებულია, რასაც სპეციალისტები სექტორის დაავადებებისადმი მაღალი მოწყვლადობით ხსნიან. ცოცხალი ღორების მთავარი მომწოდებელი საქართველოსთვის რუსეთია. სწორედ ამ საკითხზე „აგრო სიახლეებმა“ განმარტებისთვის მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს. ვიკითხეთ, იგეგმება თუ არა დამატებითი შეზღუდვები ან კონტროლის გამკაცრება რუსეთიდან და ბელარუსიდან ცოცხალი ცხოველებისა და ხორცის იმპორტზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა თავად რუსეთის პარტნიორი ქვეყნებიც კი ზღუდავენ იმპორტს საეჭვო რეგიონებიდან. სააგენტოს პასუხის მიხედვით, საქართველოში იმპორტი მკაცრად კონტროლდება როგორც საზღვარზე, ისე ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო ის ფერმები და საწარმოები, საიდანაც პროდუქცია შემოდის, წინასწარ ინსპექტირებას გადიან. სხვათა შორის, კითხვით „აგრო სიახლეებმა“ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ჯერ კიდევ 20 მარტს მიმართა და უწყების პრესსამსახურს 24 მარტამდე დასჭირდა დრო საკითხის მოკვლევისთვის და ერთი წინადადების მომზადებისთვის. არადა, მსგავსი ტიპის რისკის პირობებში, როცა საქმე ქვეყნის ინფექციურ კეთილსაიმედოობას, სურსათის უვნებლობასა და ბაზრის სტაბილურობას ეხება, ინფორმაციის პროაქტიული გავრცელება თავად პასუხისმგებელი უწყებების მოვალეობაა. ეს კიდევ უფრო აძლიერებს მთავარ კითხვას — არის თუ არა სეს-ის პასუხი და ზომები საკმარისი იმ ვითარებაში, როცა რეგიონში ინფექციის გავრცელება უკვე საერთაშორისო შეზღუდვების მიზეზი გახდა და პარტნიორი ქვეყნებიც პრევენციულ ნაბიჯებს დგამენ? ნოვოსიბირსკში დაწყებული ვეტერინარული კრიზისი უკვე სცდება ერთი რეგიონის ფარგლებს და რეალურ რისკად ყალიბდება, რომლის გავლენა საქართველოზეც შესაძლოა უფრო მკაფიოდ და მალე აისახოს როგორც ფასების, ისე სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით, თუმცა დამატებითი ზომების მიღებას უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, არ ვჩქარობთ. ბოლო წლებში ცოცხალი ღორის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა — 2020 წლის დაახლოებით 9 მილიონი დოლარიდან 2024 წელს 33 მილიონ დოლარამდე. 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში იმპორტირებულია 36.9 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების (19 955 ტონა) ცოცხალი ღორები. საქართველოში 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ცოცხალი ღორების იმპორტი სრულად რუსეთიდან განხორციელდა.