Skip to content Skip to footer

5-ზე მეტი ცხოველი ერთ მისამართზე იკრძალება? ფიზიკურ პირს სხვადასხვა მისამართზე 5-ზე მეტი ცხოველის ყოლა შეიძლია?.. – რა რჩება ბუნდოვანი ახალ რეგულაციაში?

1 ივლისიდან თბილისში შინაური ბინადარი ცხოველების ყოლის ახალი წესი ამოქმედდება. რეგულაციის მიხედვით, კონკრეტულ მისამართზე ან ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ტერიტორიაზე ერთდროულად 5-ზე მეტი ცხოველის ყოლა იკრძალება, თუ ეს სივრცე ცხოველთა თავშესაფრისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. გამონაკლისია მხოლოდ 6 თვემდე ასაკის ნაშიერი.

ახალ კანონში თავშესაფრისთვის რამდენიმე ძირითადი მოთხოვნაა გაწერილი. კერძოდ, თავშესაფარს უნდა ჰქონდეს ვოლიერები, ვეტერინარული სივრცე, საკარანტინო ან იზოლაციისთვის განკუთვნილი სივრცე და ცხოველების გასასეირნებელი ადგილი. ვოლიერი ცხოველს გადაადგილებისა და საკვების მიღების შესაძლებლობას უნდა აძლევდეს, არ უნდა უზღუდავდეს თავისუფალი სივრცის ხედვას, არ უნდა იყოს ოთხივე მხრიდან დახურული და უნდა ჰქონდეს სათანადო ვენტილაცია.

ცალკე მოთხოვნებია დაწესებული საშენებისა და მომშენებლებისთვისაც. კანონის მიხედვით, ცხოველების მიზნობრივი და გეგმაზომიერი მოშენება საშენის მეშვეობით უნდა განხორციელდეს. საშენი ვალდებულია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოში დარეგისტრირდეს. რეგისტრაცია 3 წლის ვადით გაიცემა, ხოლო შესაბამისი დოკუმენტი მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილზე უნდა იყოს განთავსებული.

საშენს ასევე უნდა ჰყავდეს კინოლოგი ან ფელინოლოგი, დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, უზრუნველყოს ცხოველების კვება და დარწყულება, მოაწყოს ღია და დახურული სივრცეები სათანადო განათებით, დათბუნებითა და ვენტილაციით. გარდა ამისა, აუცილებელია ნაყარის მისაღები სივრცის არსებობა, სანაშენე ცხოველებისა და მიღებული ნაყარის დოკუმენტური აღრიცხვა და სანაშენე წიგნის წარმოება.

თუმცა, კინოლოგებისა და პროფესიონალი მომშენებლებისთვის რამდენიმე საკითხი კვლავ ბუნდოვანი რჩება. კერძოდ, როგორ უნდა შეფასდეს კერძო მეპატრონის ან მომშენებლის ტერიტორია, რა დოკუმენტით დადასტურდება, რომ სივრცე თავშესაფრის მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს და რომელმა უწყებამ უნდა განახორციელოს მონიტორინგი.

კანონში ზოგადი მოთხოვნები გაწერილია, თუმცა პრაქტიკული აღსრულების დეტალები დამატებით განმარტებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, „აგროგარემო TV“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსგან ოფიციალურ პასუხს ელოდება.