Skip to content Skip to footer

პირველი ზარი ბევრ სოფელში აღარ დარეკილა – რას გვამცნობს პირველკლასელთა შემცირება სოფლად

დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოში ახალი, 2026–2027 სასწავლო წელი დაიწყო. თუმცა ხარაგაულის სოფელ წიფაში დღეს პირველკლასელებისთვის პირველი ზარი არ დარეკილა. აქ წელს არც ერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა.

ამ ფაქტით მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, თუ რას ნიშნავს სოფლისთვის წელი პირველკლასელის გარეშე? პირველ რიგში, ეს იმის მანიშნებელია, რომ სოფლად სწავლის მსურველთა ოდენობა იკლებს. აქ მაინც დავაზუსტოთ, რომ ნული პირველკლასელი ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ სოფელში ექვსი წლის ბავშვი საერთოდ არ ცხოვრობს. ოჯახმა შესაძლოა ბავშვი მეზობელი სოფლის, რაიონული ცენტრის ან ქალაქის სკოლაში შეიყვანოს. მაგრამ როდესაც პატარა სოფლის სკოლაში პირველ კლასში ახალი მოსწავლე საერთოდ აღარ შედის, ნამდვილად არის განგაში ასატეხი ახალგაზრდა ოჯახების შემცირების საფრთხეზე, შობადობის კლებასა და მოსახლეობის მიგრირებაზე, რასაც ჯამში სოფლების დაცლამდე მივყავართ საბოლოოდ. განსაკუთრებით საშიში ეს მაშინაა, როცა ასეთი სურათი რამდენიმე წლის განმავლობაში მეორდება.

სამწუხაროდ, წიფა გამონაკლისი არ არის. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის — EMIS-ის მონაცემებით, 2026–2027 სასწავლო წლისთვის 29 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს საჯარო სკოლებში 37 733 პირველკლასელი იყო რეგისტრირებული. 188 საჯარო სკოლაში არც ერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა, ხოლო 727 სკოლაში მათი რაოდენობა ხუთს არ აღემატება.

კიდევ უფრო ცუდი ისაა, რომ პირველკლასელთა რაოდენობის კლებას მხოლოდ წლევანდელი მონაცემი არ ავლენს. EMIS-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 2023–2024 სასწავლო წლისთვის ქვეყანაში 53 903 პირველკლასელი დარეგისტრირდა, 2024–2025-ში — 50 771, 2025–2026-ში კი — 47 630. წლევანდელი დაახლოებით 45 ათასი კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელია. (ეს ციფრი 8 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დააზუსტა)

(შენიშვნა: ამ დინამიკის პირდაპირ მხოლოდ დემოგრაფიით ახსნა არ შეიძლება, რადგან ამ წლებში პირველ კლასში მიღების ასაკობრივი წესებიც იცვლებოდა. თუმცა 2025–2026 სასწავლო წელს, ისევე როგორც გამონაკლისის წესით წელს, სკოლაში ნებაყოფლობით შესვლის უფლება იმ ბავშვებსაც მიეცათ, რომლებსაც ექვსი წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. შესაბამისად, ბოლო ორი წლის მაჩვენებლების შედარებისას ასაკობრივი მოცვის ფაქტორი მნიშვნელოვნად ნაკლები პრობლემაა.)

ხარაგაული ამ პროცესს სოფელ-სოფელ კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს. მუნიციპალიტეტის 26 სკოლაში წელს სულ 130 პირველკლასელია. წიფაში — არც ერთი; მოლითსა და სარგვეშში — თითო; ბაზალეთსა და ლაშში — ორ-ორი; საღანძილში, ნადაბურში, ვახანში, წყალაფორეთსა და ხიდარში — სამ-სამი; ღორეშში, ვაშლევში, ლეღვანში და ხუნევში — ოთხ-ოთხი. ამავე მუნიციპალიტეტში 2023–2024 სასწავლო წელს 157 პირველკლასელი იყო, მომდევნო წელს — 155, გასულ წელს — 134 და წელს — 130.

მსგავსი სურათია შიდა ქართლშიც. ქარელის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, 2026–2027 სასწავლო წლის რეგისტრაციის მონაცემებით, ავლევისა და გვერძინეთის საჯარო სკოლებში არც ერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირდა. კიდევ შვიდ სკოლაში — ხეობის, ბრეძის, ქვემო ხვედურეთის, აბანოს, ატოცის, თამარაშენისა და კნოლევის სკოლებში — პირველკლასელთა რაოდენობა ხუთზე ნაკლები იყო. მთლიანად მუნიციპალიტეტში 36 საჯარო სკოლაზე 402 პირველკლასელი ნაწილდება.

არის კიდევ ერთი მხარე: საქართველოში ყველა სოფელს საკუთარი სკოლა საერთოდ არ აქვს. საქართველოში 3 617 სოფელია, მაშინ როდესაც ბოლო გამოქვეყნებული, 2025–2026 სასწავლო წლის მონაცემებით, მთელ ქვეყანაში — ქალაქებისა და სოფლების ჩათვლით — სულ 2 292 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათგან 2 086 საჯარო და 206 კერძო. შესაბამისად, ცალსახაა, რომ სოფლების მნიშვნელოვან ნაწილში ცალკე სკოლა არ ფუნქციონირებს.

სოფლიდან სკოლამდე ყოველდღიური გადაადგილება იმდენად ფართო პრობლემაა, რომ განათლების სამინისტროს „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამა დღესაც მიმდინარე პროგრამების ჩამონათვალშია. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც პირდაპირ წერია, რომ გაგრძელდება იმ მოსწავლეთა უფასო ტრანსპორტირება, რომლებსაც სკოლამდე მანძილის, რთული კლიმატური თუ გეოგრაფიული პირობების გამო სასწავლო პროცესზე დასწრების პრობლემა აქვთ.

შემიძლია კონკრეტული მაგალითიც მოგიყვანოთ: 2026 წლის გაზაფხულზე გავრცელებული ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში სკოლა მეოთხე წელია დაკეტილია და 100-ზე მეტი ბავშვი სასწავლებლად მეზობელ სოფელში დადის. ეს შემთხვევა მოსახლეობის არარსებობით კი არა, სკოლის ინფრასტრუქტურული პრობლემით არის გამოწვეული. ასეთი შეთხვევა არის ბევრი და ისეთიც, სადაც სახელმწიფო სერვისი ვერ წვდება, ანუ ბავშვების სკოლებამდე გადაადგილებას სახელმწიფო ვერე უზრუნველყოფს.

მაგრამ განათლების სტატისტიკა განსაკუთრებით საგანგაშოდ გამოიყურება, როდესაც მას სოფლის მოსახლეობის აღწერის შედეგებს დავადებთ. საქსტატის 2024 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოში 3 617 სოფელია. მათგან 200 სოფელში მუდმივი მოსახლე საერთოდ აღარ ცხოვრობს. კიდევ 278 სოფელში მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 1-დან 10 ადამიანამდეა. მათ შორის 40 სოფელში მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს, 42 სოფელში — ორი, 31-ში — სამი. ესაა 2024 წლის აღწერით დაფიქსირებული რეალობაა.

აღწერა კიდევ ერთ მნიშვნელოვან სურათს აჩვენებს: 2014 წელთან შედარებით საქართველოს სოფლის მოსახლეობა 117 044 ადამიანით, ანუ 7.4%-ით შემცირდა. 2024 წელს სოფლად 1 474 137 ადამიანი ცხოვრობდა და ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 37.5%-ს შეადგენდა. ამავე პერიოდში ქალაქის მოსახლეობა 332 821 ადამიანით გაიზარდა და მთლიან მოსახლეობაში ქალაქის წილი 62.5%-მდე ავიდა.

ზოგ მუნიციპალიტეტში ცვლილება გაცილებით მკვეთრია. 2014–2024 წლებში მოსახლეობა ხულოში 29.9%-ით, შუახევში 26.2%-ით, ცაგერში 18.2%-ით, წყალტუბოში 15.1%-ით და ტყიბულში 14.9%-ით შემცირდა. ეს მაჩვენებლები მთლიან მუნიციპალიტეტებს ეხება და არა მხოლოდ მათ სოფლის მოსახლეობას, თუმცა სოფლის დაცლის საერთო პროცესის მასშტაბს კარგად აჩვენებს.

სოფლის დაცლა მხოლოდ დემოგრაფიული სტატისტიკა არ არის. როდესაც სოფელში აღარ რჩებიან ახალგაზრდა ოჯახები, ჯერ მცირდება ბავშვების რაოდენობა, შემდეგ — სკოლის კონტინგენტი. პარალელურად მცირდება შრომისუნარიანი მოსახლეობა, რომელიც მიწას ამუშავებს, მეურნეობას უძღვება და ადგილობრივ ეკონომიკას ქმნის. მცირდება მოთხოვნა მაღაზიაზე, ტრანსპორტზე, სერვისზე; სულ უფრო ძვირი და რთული ხდება მცირე მოსახლეობისთვის გზის, წყლის, სკოლის, სამედიცინო და სხვა ინფრასტრუქტურის შენარჩუნება. შედეგად კი იქმნება თვითგამაძლიერებელი წრე: რაც ნაკლები ადამიანი რჩება სოფელში, მით ნაკლები მომსახურებაა ხელმისაწვდომი და მით მეტი მიზეზი აქვთ ოჯახებს, დატოვონ სოფლები.

აგრარული ქვეყნისთვის ამას კიდევ ერთი ფასი აქვს. სოფელი მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი არ არის, ის არის სასოფლო-სამეურნეო წარმოების სივრცე. ადამიანების შემცირებასთან ერთად იზრდება რისკი, რომ მიწის ნაწილი აღარ დამუშავდება, დაიკარგება მცირე საოჯახო მეურნეობები, ადგილობრივი წარმოების ცოდნა და სოფლის ეკონომიკური ფუნქცია. ამიტომ კითხვა, რამდენი პირველკლასელი მივიდა დღეს სოფლის სკოლაში, სინამდვილეში ბევრად უფრო დიდი კითხვაა: იქნება თუ არა ამ სოფელში ათი და ოცი წლის შემდეგ ოჯახი, რომელიც იცხოვრებს, მიწას დაამუშავებს და ახალ თაობას გაზრდის. აქ ისიც უნდა ვთქვათ, საზღვრისპირა სოფლებში ოჯახის დარჩენა, ბავშვის სკოლაში სიარული, მეურნეობის არსებობა და დასაქმების შესაძლებლობა მხოლოდ რეგიონული განვითარების საკითხი აღარ არის, ეროვნული უსაფრთხოების ნაწილიცაა.

მოკლედ, დღეს სოფლის სკოლებში გამოწვევად რჩება თავად საჯარო სკოლებში განათლების ხარისხი, ინფრასტრუქტურა, მოსწავლეთა კვება, ტრანსპორტი, მასწავლებლების ხელმისაწვდომობა და ის უთანასწორობა, რომელიც განსაკუთრებით რეგიონებსა და პატარა სოფლებში იგრძნობა. იქ, სადაც ბავშვს სკოლამდე რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევს, სადაც კლასში სულ რამდენიმე მოსწავლეა, სკოლას კი ზოგჯერ საბაზისო რესურსებიც არ ჰყოფნის, განათლების პოლიტიკის პრიორიტეტები განსაკუთრებით მკაფიოდ უნდა განისაზღვროს. ამ კონტექსტში სკოლის ფორმის სავალდებულოობა თავისთავად შეიძლება არც იყოს ცუდი იდეა, რადგან გასაგებია, რომ ერთიანი ფორმა გარკვეულწილად ამცირებს სოციალურ განსხვავებებს, ქმნის სკოლისადმი კუთვნილების განცდას და დისციპლინის ელემენტსაც შეიცავს, თუმცა, მგონი რელევანტურია ვიკითხოთ: რამდენად არის ეს დღეს პირველ რიგში გადასაჭრელი პრობლემა? მაშინ, როცა ზოგ სოფელში პირველკლასელი საერთოდ აღარ არის, სხვაგან ბავშვები მეზობელ დასახლებაში დადიან, ხოლო არაერთ სკოლაში გამოწვევად რჩება კვება, ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა და ხარისხიან განათლებაზე თანაბარი წვდომა, შესაძლოა სახელმწიფოს დრო, ფინანსური რესურსი და პოლიტიკური ენერგია პირველ რიგში სწორედ ამ პრობლემებზე იყოს მიმართული და კონცენტრირებული, მით უფრო, რომ სოფლის სკოლებისთვის დღეს ბევრად უფრო მწვავე პრობლემებია გადასაჭრელი. უპირველესად ალბათ ის, რომ სოფელი ბავშვებისგან, ოჯახებისგან, არ დაიცალოს.

წყაროები, საიდანაც მონაცემებია დამუშავებული: