მთავრობა სოფლის მეურნეობაში „ძალიან მნიშვნელოვან წინსვლაზე“ საუბრობს. 19 სექტემბერს, ფერმერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მილიარდ ლარს მიაღწია და ეს 2012 წელთან შედარებით დაახლოებით 2.5-ჯერ მეტია.
მაგრამ მხოლოდ ეს რიცხვი სოფლის მეურნეობაში არსებულ რეალურ მდგომარეობას ვერ გვაჩვენებს. მიზეზი მარტივია: საუბარია ფულად მაჩვენებელზე, რომელზეც ფასების ზრდაც მოქმედებს. შესაბამისად, თუ პროდუქტი გაძვირდა, სექტორის ფულადი ღირებულებაც შეიძლება გაიზარდოს ისე, რომ რეალურად გაცილებით მეტი პროდუქტი არ იწარმოებოდეს.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთი განსხვავებაც. „აგრობიზნესი“ და უშუალოდ „სოფლის მეურნეობა“ ერთი და იგივე მაჩვენებელი არ არის. საქსტატის მონაცემებით, უშუალოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვებამ 2025 წელს დაახლოებით 8.4 მილიარდი ლარი შეადგინა. სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაზე კი ქვეყნის ეკონომიკის 5.9 პროცენტი მოდიოდა.
ამიტომ პრემიერის მიერ დასახელებული თითქმის 20 მილიარდი ლარი არ ნიშნავს, რომ უშუალოდ სოფლის მეურნეობის წარმოება 2012 წელთან შედარებით 2.5-ჯერ გაიზარდა.
უფრო ნათელ სურათს კონკრეტული პროდუქციის რაოდენობა გვაძლევს.
2012 წელს საქართველოში 267 ათასი ტონა სიმინდი იწარმოებოდა, 2025 წელს კი 208.6 ათასი ტონა. ბოსტნეულის წარმოება 198.5 ათასი ტონიდან 148.6 ათასამდე შემცირდა. ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობი 259.6 ათასი ჰექტრიდან 191.5 ათას ჰექტრამდე ჩამოვიდა. ციტრუსის წარმოება 77 ათასი ტონიდან 53.8 ათას ტონამდე შემცირდა.
შემცირებულია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობაც. 2012 წელს ქვეყანაში დაახლოებით 1.13 მილიონი სული იყო, 2025 წლის ბოლოს კი 762 ათასამდე. რძის წარმოება 589.5 მილიონი ლიტრიდან 556.2 მილიონ ლიტრამდე შემცირდა.

თუმცა სურათი მხოლოდ კლებისგან არ შედგება. იმავე პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგალითად, ყურძნის წარმოება. გაიზარდა ხორბლისა და ხილის ზოგიერთი მაჩვენებელიც. ანუ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებაში განსხვავებული ტენდენცია გვაქვს და სწორედ ამიტომ ფრაზა, რომ მნიშვნელოვანი წინსვლაა „ყველა მიმართულებით“, ოფიციალური მონაცემებით ერთმნიშვნელოვნად ვერ დასტურდება.

ამასთან, წარმოების ზრდაც ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ფერმერის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ფერმერები სხვადასხვა სექტორში კვლავ საუბრობენ გაზრდილ საწარმოო ხარჯებზე, მოსავლის რეალიზაციის პრობლემებსა და დაბალ შესასყიდ ფასებზე. ამიტომ იმის გასაგებად, რეალურად რამდენად განვითარდა სოფლის მეურნეობა, მხოლოდ წარმოებული პროდუქციის ფულად ღირებულებას ვერ დავეყრდნობით.
მთავრობის მიერ დასახელებული მაჩვენებელი რეალურ მონაცემს ეფუძნება, მაგრამ ის სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროცესების მხოლოდ ერთ ნაწილს გვაჩვენებს. ფულად გამოსახულებაში სექტორი გაიზარდა, თუმცა ეს ზრდა ყველა მიმართულებით ვერც წარმოების ფიზიკურ მატებად და ვერც ფერმერების მდგომარეობის გაუმჯობესებად ითარგმნება.
პრემიერმა ფერმერის დღეზე კიდევ ერთი მაჩვენებლით მოიწონა თავი – მისი თქმით, სოფლად დასაქმებულთა რაოდენობამ 577 ათასს გადააჭარბა, ხოლო უმუშევრობა 11.2%-მდე შემცირდა. ეს მონაცემები საქსტატს მართლაც აქვს, თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია: სოფლად დასაქმებული არ ნიშნავს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულს. საუბარია ყველა დასაქმებულზე, რომელიც სოფლის ტიპის დასახლებაში ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, ფერმერია, მასწავლებელი, ექიმი, მშენებელი, მძღოლი, საჯარო მოხელე, თუ სხვა სფეროში მუშაობს. ეს განსხვავება მთავრობისავე ანგარიშიდან ძალიან კარგად ჩანს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2024 წელს სოფლად სულ 560.7 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, მაგრამ უშუალოდ სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში – მხოლოდ 225 ათასი. მეტიც, სამინისტროს წინა სტატისტიკური ანგარიშით, 2012 წელს უშუალოდ ამ სექტორში 307.3 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული. ანუ 2012-დან 2024 წლამდე სოფლის მეურნეობის, სატყეო და თევზის მეურნეობის დასაქმება დაახლოებით 82 ათასი ადამიანით, ანუ თითქმის 27%-ით შემცირდა. ამიტომ პრემიერის 577-ათასიანი მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრებ დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ ამ რიცხვით არ შეგვიაძლია დავასკვნათ, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმება გაიზარდა ან მოსახლეობა სოფელში სტაბილურადაა. უფრო მეტიც, 2024 წლის მოსახლეობის აღწერის საბოლოო შედეგებით, სოფლის მოსახლეობა 1 მილიონ 474 ათას 137 ადამიანს შეადგენს. 2014 წლის აღწერასთან შედარებით სოფლის მოსახლეობა 117 ათას 44 ადამიანით, ანუ 7.4%-ით შემცირდა. სოფლის მოსახლეობის წილი ქვეყნის მოსახლეობაში 37.5%-მდე ჩამოვიდა, მაშინ როცა ქალაქის მოსახლეობის წილი 62.5%-მდე გაიზარდა. კიდევ უფრო თვალსაჩინო მონაცემია, რომ აღწერის მიხედვით ქვეყანაში 3 617 სოფელია და მათგან 200 სოფელში მუდმივი მოსახლე საერთოდ აღარ ცხოვრობს.
ანუ, მარტივად: ბოლო ათ წელიწადში სოფლის მოსახლეობა 117 ათასზე მეტი ადამიანით შემცირდა, ხოლო 200 სოფელს უკვე მუდმივი მოსახლე საერთოდ აღარ ჰყავს. ამიტომ უმუშევრობის 11.2%-მდე შემცირება შრომის ბაზრის კონკრეტული მაჩვენებლის გაუმჯობესებას აჩვენებს, მაგრამ თავისთავად ვერ ადასტურებს, რომ სოფლების დაცლისა და მოსახლეობის ადგილზე დამაგრების პრობლემა გადაიჭრა. მაშ რას ემსახურება ამ ციფრებით კეკლუცობა, თუ სოფელი იცლება, ფერმერი კი საკუთარ შრომაში შედეგს ვერ ხედავს? მთავარი ხომ არა სტატისტიკური ეფექტი, არამედ ისაა, რამდენად იგრძნობა ეს „წინსვლა“ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ცნობილი ფრაზა მახსენდება: რა საჭიროა გზა, თუ ის ტაძრამდე არ მიგიყვანს?
