Skip to content Skip to footer

რამდენად საშიშია კაწალხევში მდინარის დაგუბება და ნატანის მასის მოძრაობა? – პასუხისმგებელი უწყებების პასუხები

დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის თემში, სოფელ კაწალხევში, მდინარის კალაპოტში უჩვეულო პროცესი დაფიქსირდა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდება წყალთან ერთად სქელი, მონაცრისფრო, ტალახისმაგვარი მასა. ნატანი დაგროვილია მდინარის ნაპირებზეც, ზოგიერთ მონაკვეთში კი კალაპოტის მნიშვნელოვან ნაწილს ფარავს.

კადრებმა კითხვები გააჩინა მდინარის შესაძლო ჩახერგვის, წყლის დაგუბებისა და მიმდებარე ტერიტორიებისთვის მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. თავდაპირველად უცნობი იყო, უკავშირდებოდა თუ არა პროცესი ფერდობიდან მიწის მასის ჩამოსვლას, ღვარცოფულ მოვლენას თუ სხვა გეოლოგიურ პროცესს.

საყურადღებოა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2026 წლის გეოლოგიურ პროგნოზში პირდაპირ არის ნახსენები დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის თემის სოფლები, სადაც მეწყრული პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი.

სააგენტოს ბიულეტენში, რომელიც საქართველოში 2025 წელს განვითარებულ სტიქიურ გეოლოგიურ პროცესებსა და 2026 წლის პროგნოზს მოიცავს, აღნიშნულია, რომ მეწყრული პროცესების განვითარებას ხელს უწყობს უხვი ნალექები, მდინარეების მიერ ფერდობების გამორეცხვა და სხვა ბუნებრივი ფაქტორები.

ამავე დოკუმენტში საუბარია დუშეთის მუნიციპალიტეტში საშიში გეოლოგიური პროცესების მაღალი ინტენსივობით განვითარების შესაძლებლობაზე. მათ შორის, ღვარცოფული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია ფშავისა და ხევსურეთის არაგვის აუზებში, განსაკუთრებით ხევების კალაპოტებში.

კაწალხევი სწორედ მაღაროსკარის თემში, ფშავის არაგვის აუზში მდებარეობს. შესაბამისად, ოფიციალურ პროგნოზში აღწერილი საფრთხეები ამ ტერიტორიისთვისაც საყურადღებოა. თუმცა ბიულეტენის აღნიშნული ჩანაწერი კონკრეტულად კაწალხევს მაღალი რისკის ზონის სტატუსს არ ანიჭებს და არც იმას ადასტურებს, რომ სოფელში ამჟამად მეწყერი ან ღვარცოფი მიმდინარეობს.

საყურადღებოა ისიც, რომ კაწალხევში მდინარის კალაპოტის გაწმენდის საკითხი ადგილობრივი ხელისუფლების დღის წესრიგში არაერთხელ დამდგარა.

ჯერ კიდევ 2018 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტმა კაწალხევისა და მეზობელი სოფლების, წიფრანისა და ქალილოს ხევების კალაპოტების გაწმენდა-დაღრმავებაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 28 121 ლარი იყო.

2026 წლის 1 ოქტომბერს მუნიციპალიტეტმა ივნისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ახალი ტენდერი გამოაცხადა (NAT260020605). შესყიდვა ხუთ ობიექტს მოიცავდა, მათ შორის სოფელ კაწალხევში მდინარის კალაპოტის გაწმენდის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 9 122 ლარი იყო, თუმცა შესყიდვა არ შედგა.

მუნიციპალიტეტმა იმავე მიზნით განმეორებითი ტენდერი (NAT260021816) 20 ოქტომბერს გამოაცხადა, კვლავ 9 122 ლარის სავარაუდო ღირებულებით. წინადადებების მიღება 30 ოქტომბერს დასრულდა.

როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში “აგროგარემო TV-ს” განუმატრტეს, განმეორებით ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია და ამჟამად მასთან ხელშეკრულების გაფორმება მზადდება.

მნიშვნელოვანია, რომ 2026 წელს გამოცხადებული ორივე ტენდერი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას ეხება და არა უშუალოდ მდინარის კალაპოტის გაწმენდის სამუშაოების შესრულებას. შესაბამისად, ჯერ კიდევ გასარკვევია, როდის დაიწყება ადგილზე პრაქტიკული სამუშაოები. დუშეთის მუნიციპალიტეტეის პრესსამსახურში არ განუმარტავთ, როდის დაიწყება ადგილზე უშუალოდ გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა, გვითხრეს, რომ ამჟამად ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი აკონტროლებს, რომელიც პერიოდულად მიდის ადგილზე და მდინარის მდგომარეობას ამოწმებს. ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, ამ ეტაპზე საფრთხე არ იკვეთება.

განმარტებისთვის მივმართეთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსაც. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიდეოკადრების გავრცელების დღესვე დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე გავიდნენ, თუმცა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა არ გამოვლენილა. დეპარტამენტში განგვიმარტეს, რომ მდინარეში ბუნებრივი პროცესი განვითარდა. წყალმა ხეები და სხვა ნატანი მასალა ჩამოიტანა, რამაც კალაპოტში მცირე დაგუბება გამოიწვია. უწყების ცნობით, მათი კომპეტენცია გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების გამოვლენას მოიცავს და არა გეოლოგიური საფრთხეების შეფასებას.

შესაბამისად, გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის არარსებობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ტერიტორია გეოლოგიური ან ჰიდროლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხოა.

რა საფრთხე შეიძლება შექმნას მდინარის დაგუბებამ?

მდინარის კალაპოტში ხეების, მიწის, ქვებისა და სხვა ნატანი მასალის დაგროვებამ გარკვეულ პირობებში შესაძლოა წყლის ბუნებრივი მოძრაობა შეაფერხოს და დროებითი ბარიერი წარმოქმნას.

თუ ასეთი ბარიერის უკან წყალი დაგროვდება და შემდგომ იგი უეცრად დაირღვევა, შესაძლოა განვითარდეს სწრაფი ნაკადი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქვედა დინებაში მდებარე ტერიტორიებს, გზებს, ხიდებსა და სხვა ინფრასტრუქტურას.

საფრთხის მასშტაბი დამოკიდებულია დაგროვილი მასის მოცულობაზე, კალაპოტის მდგომარეობაზე, წყლის ხარჯზე, ნალექების რაოდენობასა და სხვა ფაქტორებზე. ამ მონაცემების გარეშე კონკრეტული მონაკვეთის რისკის ხარისხის განსაზღვრა შეუძლებელია.

საქართველოს სტიქიური გეოლოგიური პროცესების მძიმე და ტრაგიკული გამოცდილება აქვს. 2023 წლის შოვის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს დიდი მოცულობის წყლისა და მყარი მასის სწრაფი გადაადგილება.

ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ კაწალხევში ანალოგიური მასშტაბის საფრთხე არსებობს. თუმცა მსგავსი გამოცდილების გათვალისწინებით, მდინარის კალაპოტში ნატანის დაგროვება და თუნდაც მცირე დაგუბების დაფიქსირება განსაკუთრებულ ყურადღებასა და პრევენციულ მონიტორინგს საჭიროებს.

მით უფრო, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2026 წლის ოფიციალურ პროგნოზში მაღაროსკარის თემის სოფლებშიც მოსალოდნელია მეწყრული პროცესების გააქტიურება, ხოლო ფშავის არაგვის აუზში ღვარცოფული პროცესების განვითარების საფრთხეებზეა საუბარი.

რა კითხვები რჩება პასუხგაუცემელი?

ამ ფონზე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, ჩატარდა თუ არა კაწალხევში გეოლოგიური და ჰიდროლოგიური მდგომარეობის სპეციალური შეფასება და არსებობს თუ არა შესაბამისი დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ კალაპოტში ნატანის დაგროვება და მცირე დაგუბება მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურას საფრთხეს არ უქმნის.

როდის დაიწყება უშუალოდ კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები?

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს, რომ არსებულ მდგომარეობას აკონტროლებს და ამ ეტაპზე საფრთხე არ იკვეთება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კი ადასტურებს, რომ მდინარეში ხეებისა და ნატანი მასალის ჩამოტანის შედეგად მცირე დაგუბება წარმოიქმნა, თუმცა სამართალდარღვევა არ გამოვლენილა, თუმცა, ამ ორი უწყების განმარტების მიუხედავად, კვლავ ღიად რჩება მთავარი კითხვა: შეფასებულია თუ არა კაწალხევში არსებული მდგომარეობა გეოლოგიური და ჰიდროლოგიური საფრთხეების თვალსაზრისით, განსაკუთრებით იმ ოფიციალური პროგნოზის ფონზე, რომელიც მაღაროსკარის თემის სოფლებში მეწყრული პროცესების გააქტიურებას ითვალისწინებს?

ჩვენ ამის გარკვევას გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ვცდილობთ, თუმცა, ამ ეტაპისთვის უწყების პრესსამსახურს ვერ დავუკავშირდით. როგორც კი მათთან კავშირს მოვახერხებთ და რამე პასუხს მივიღებთ, მასალას განვაახლებთ.

მანამდე კი, კაწალხევში არსებული მდგომარეობის მონიტორინგს გავაგრძელებთ. მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმილი სამუშაოების განხორციელებამდე შესაძლო საფრთხეები კომპეტენტურმა სპეციალისტებმა შეაფასონ და საჭიროების შემთხვევაში პრევენციული ღონისძიებები დროულად გატარდეს.