ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მეწყრულ ზონაში, ვითარება კვლავ საგანგაშოა. ტერიტორიაზე, რომელიც გეოლოგებმა შედარებით უსაფრთხოდ მიიჩნიეს და ე.წ. ყვითელ ზონას მიაკუთვნეს, საცხოვრებელ სახლებს ახალი ბზარები უჩნდება.
როგორც ადგილობრივები „აგროსიახლეებს“ეუბნებიან, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ღვერკში, გეოლოგების მიერ შედარებით უსაფრთხოდ შეფასებულ ტერიტორიაზე, საცხოვრებელ სახლებზე ახალი ბზარები გაჩნდა. მითივე ინფორმაციით, დაზიანებები ლაშესა და სოფელ ძირულას შორის მდებარე გელაშვილების უბანშიც შეინიშნება.
მოსახლეობა შიშობს, რომ მეწყრული პროცესები კვლავ გრძელდება და საფრთხე იმ ტერიტორიებზეც არსებობს, სადაც ცხოვრება ამ დრომდე დასაშვებად მიიჩნეოდა.
ღვერკსა და ხემაღალში მასშტაბური მეწყრული პროცესები 2025 წელს გააქტიურდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის მიხედვით, მეწყრული ტერიტორია დაახლოებით 68 ჰექტარს მოიცავს, ხოლო მეწყრული მასის მოცულობა დაახლოებით 30 მილიონ კუბურ მეტრს აღწევს. სპეციალისტებმა მეწყერი განსაკუთრებით მასშტაბურ და რთულად სამართავ პროცესად შეაფასეს.
მეწყრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ნაწილი საცხოვრებელი სახლებიდან გაიყვანეს, ნაწილი კი ტერიტორიაზე დარჩა. სახელმწიფომ დაზარალებულებისთვის კომპენსაციის მექანიზმი განსაზღვრა, თუმცა შეთავაზებული თანხები და მიღებული გადაწყვეტილებები მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს.
ადგილობრივები მეწყრული პროცესების შესაძლო გამომწვევ მიზეზებს შორის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობასაც ასახელებენ და სახელმწიფოსგან სრულყოფილ, დამოუკიდებელ კვლევას მოითხოვენ. ამ ეტაპზე სარკინიგზო სამუშაოებსა და მეწყრის გააქტიურებას შორის მიზეზობრივი კავშირი ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
ახალი ბზარების გაჩენა კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს როგორც მეწყრული პროცესების მასშტაბის, ისე გეოლოგიური შეფასებებისა და მოსახლეობის უსაფრთხოების შესახებ. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ დაზიანებების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება იმ ტერიტორიიდანაც, რომელიც თავდაპირველად შედარებით უსაფრთხოდ იყო მიჩნეული.
ჩატარდა თუ არა ახალი ბზარების გაჩენის შემდეგ განმეორებითი გეოლოგიური შეფასება, შეიცვალა თუ არა საფრთხის კატეგორია და რამდენად უსაფრთხოა დღეს ე.წ. ყვითელ ზონაში ცხოვრება? ამ კითხვებზე სახელმწიფო უწყებების განახლებული ოფიციალური პასუხები ამ ეტაპზე არ გვაქვს.
„აგროსიახლეებმა“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა კითხვებით, ფლობს თუ არა უწყება ინფორმაციას ე.წ. ყვითელ ზონაში საცხოვრებელ სახლებზე გაჩენილი ახალი ბზარების შესახებ და რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. როგორც კი მერიისგან პასუხს მივიღებთ, მასალას შესაბამისი ინფორმაციით განვაახლებთ.
მანამდე კი ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობის ნაწილისთვის კვლავ გაურკვეველია, რამდენად უსაფრთხოა საცხოვრებელი სახლები, რომლებშიც ისინი დღემდე ცხოვრობენ.
ამ გაურკვევლობის პარალელურად, დაზარალებულები სამართლებრივ დავასაც აგრძელებენ. ისინი მთავრობის 2026 წლის 16 იანვრის №84 განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლითაც მათ ეკომიგრანტის სტატუსი მიენიჭათ და კომპენსაციად 30-დან 50 ათას ლარამდე განესაზღვრათ. ადგილობრივები თავს ეკომიგრანტებად არ მიიჩნევენ და მეწყრის შესაძლო გამომწვევ მიზეზად სარკინიგზო სამშენებლო სამუშაოებს ასახელებენ.
რა მოლოდინები აქვთ დაზარალებულებს 16 დეკემბერს დაგეგმილი სასამართლო პროცესის მიმართ, რას მოითხოვენ სახელმწიფოსგან და რამ მიიყვანა ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობა სასამართლოს კარამდე? ამ საკითხებზე, ადგილობრივების პოზიციებსა და სამართლებრივი დავის დეტალებზე „აგროსიახლეები“ ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
