Skip to content Skip to footer

“მზეთამზისანი” – ახმეტაში გამოყვანილი ქართული აბრეშუმის ჯიში დაპატენტდება – მუნიციპალიტეტის ადგილობრივებთან თანამშრომლობის პრაქტიკა მეაბრეშუმეობის განვითარებისთვის

საქართველოში ერთ დროს მყარად ფეხზე მდომი და წლების განმავლობაში მივიწყებული დარგი, მეაბრეშუმეობა, გამოღვიძებას ახლაღა იწყებს. სფეროს ადვოკატირებას კი ახლადშექმნილი მეაბრეშუმეთა ასოციაცია ცდილობს. მათ გეგმებსა და დარგის პერსპექტივაზე სასაუბროდ “აგრო სიახლეები” მეაბრეშუმე ქალბატონებს პირდაპირ რთველში ესტუმრა. ახმეტაში, ზემო ალვანში, გვიმასპინძლა დარიკო ქელეხაძის ოჯახმა. აბრეშუმის პარკების ცეხებიდან გადმოხსნა – მოკლედ ასე აიხსნება ეს ულამაზესი სანახაობა, რომელსაც აბრეშუმის თეთრი ოქროს რთველს უწოდებენ.

რთველამდე გრძელი გზაა. მეაბრეშუმეობის დაწყების მსურველმა ქალბატონებმა, რომლებიც ასოციაციის წევრები არიან, კონსულტაციები გაიარეს  ირაკლი გუჯაბიძესთან, რომელიც აგრარულ უნივერსისტეტში მეაბრეშუმეობაზე ლექციებს კითხულობს. დაურიგდათ გზამკვლევი ბროშურებიც, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი საწარმოო პროცესის სრული ციკლი. როცა თეორიული ცოდნა დააგროვეს. წარმოების დასაწყებად დახმარება ახმეტელმა ქალბატონებმა ადგილობრივ მუნიციაპლურ გამგეობას სთხოვეს. ადგილობრივ მთავრობას ოფიციალურად წარუდგინეს წერილობითი თხოვნა, ეშუამდგომლა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კველევით ცენტრთან, გადმოეცათ ასოციაციის წევრი ქალბატობენისთვის მური, აბრეშუმის პატარა ჭიები იმისთვის, რომ დაეწყოთ აბრეშუმის წარმოება. გამგეობამ ადგილობრივების თხოვნა დააკმაყოფილა და სწორედ მათი შუამდგომლობის საფუძვერელზე გადმოეცა ასოციაციას სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრისგან ჭიები.

ახლა კიდევ ერთი საჭიროების დაკმაყოფილებაზე ემუშავებიან ადგილობრივ მთავრობას. მეაბრეშუმეთა ასოციაცია ითხოვს უსასყიდლოდ გადმოეცეს ხოდაშენში მდებარე აბრეშუმის პარკის საშრობი, რომელიც დღეს სახელმწიფოს საკუთრებაა. ადგილობრივი გამგეობა მოსახლეობასთან ერთად მუშაობს იმის დასადგენად, რა ფორმით შეიძლება გადაეცეს ეს საშრობი ასოციაციას. როგორც მეაბრეშუმე ქალებმა გვითხრეს, თანამშრომლობისთვის მუნიპალიტეტი ღიაა.

მეაბრეშუმე ქალბატონებისგან განსხვავებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ საკუთარი ქონების განკარგვის საქმეში ოპერატიული შედეგის მოლოდინი არ აქვს თვითმმართველობის ექსპერტს დავით ლოსაბერიძეს. როგორც ის “აგრო სიახლეებს” უხსნის, ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისა და განსაკუთრებით რეგიონების ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მუხრუჭი სწორედ ისაა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არეალში არსებული ქონების დამოუკიდებლად (ცენტრისგან დამოუკიდებლად) განკარგვა მუნიციპალიტეტების მიერ დღემდე გამოწვევად რჩება. ლოსაბერიძის თქმით, იმის გამო, რომ ქვეყანაში დეცენტრალიზაციის რეფორმა შუა გზაში შეწყდა, დღეს საკუთარი ქონების საკუთარი შეხედულებებისამებრ მართვა ადგილობრივ თვითმმართველობებს არ შეუძლია, რაც, მისივე პროგნოზით, მეაბრეშუმე ქალბატონების მიზნის მიღწევას, როგორც მინიმუმ, დროში გააჭიანურებს. დავით ლოსაბერიძის აზრით, ამის კიდევ ერთი მიზეზი ახლა დამატებით შეიძლება გახდეს “ოცნების” მიერ ბოლო დროს ამოქმედებული ახალი კანონმდებლობა (ე.წ ფარა, უცხოური დაფინანსების გამჭვირვაკლობაზე და ა.შ.)

თვითმმართველობის მკვლევარი, მაგდა პოპიაშვილი, ფიქრობს, რომ მეაბრეშუმეთა ასოციაციის მოთხოვნა სრულიად ლეგიტიმურია და უნდა დაკმაყოფილდეს. მისივე აზრით, მუნიციპალიტეტს ამაში ხელს ვერაფერი შეუშლის, თუ ამის ნება ექნება.

ახმეტელი მეაბრეშუმე ლამარა ბეჟაშვილი, რომელიც ქართული მეაბრეშუმეობის გულმხურვალე ქომაგი და პრაქტიკოსი მეაბრეშუმეა და რომელიც საკუთარ გუნდთან ერთად (ასოციაციის წევრებთან ერთად) წლებია მეცნიერულად სწავლობს ქართულ აბრეშუმს, აპირებს საკუთარი გამოყვანილი ახალი ჯიში დააპატენტოს, ანუ, მოიპოვოს ადგილწარმოშობის სერთიფიკატი. ამის გაკეთებას მეაბრეშუმე ქალბატონი ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით გეგმავს, რადგან მიაჩნია, რომ პროცესი მათი შუამდგომლობით უფრო დაჩქარდება. ასე რომ, დიდი ალბათობით, სულ მალე, ლამარა ბეჟაშვილისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კოორდინაციით, ქართული აბრეშუმის უკვე დარეგისტრირებულ ჯიშებს, ახალი ბრენდი “მთეთამზისანი” შეემატება. ის “მზიური 2-ის” სელექციითაა გამოყვანილი.

ცნობისთვის, ქართული აბრეშუმის რამდენიმე ჯიში უკვე დაპატენტებულია.

ადგილობრივებს ზემო ალვანში სასმელი წყლის პრობლემაც აქვთ და, როგორც გვითხრეს, მოსახლეობის აქტიურობისა და ადგილობრივ გამგეობასთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად მალე ეს პრობლემაც გადაიჭრება. გვეუბნებიან, რომ აბერშუმთან დაკავშირებულ საკითხებზეც და სხვა საყოფაცხოვრებო თუ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც გამგეობას ხშირად აწუხებენ. ცდილობენ, ხელისუფლებამ მოდუნების საშუალება არ მისცენ და აქტიურად იყვნენ ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მეაბრეშუმე ქალები ხშირად მუნიციპალურ საჯარო დღესასწაულებზე, ღონისძიებებზე, გამოფენებზე, ფესტივალებზე, ფორუმებზე არიან წარმოდგენილნი და ცდილობენ საკუთარი ნაწარმოს პოპულარიზაციას. ამბობენ, რომ, ამ მხრივაც, მათთან მუნიციპალური გამგეობა აქტიურ კონტაქტზეა.

როგორ მუშაობს დეცენტრალიზებული ეკონომიკა? – გაეცანით აქ 👇

ახლადშექმნილ მეაბრეშუმეთა ასოციაციაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სულ 15 წევრია გაერთიანებული. რიცხვი ეტაპობრივად იზრდება. ასოციაციის წევრებს მთავარი საზრუნავი ამ ეტაპზე აბრეშუმის წარმოების სრული ციკლის აწყობაა, რომ პირველად მწარმოებლებს მოყვანილი პროდუქქტის ჩაბარება შეეძლოთ, რაც, თავის მხრივ, ინტერესს გაზრდის და წარმოების ზრდას შეუწობს ხელს.

ცნობისთვის, ეკონომიკის დარგებს შორის, მეაბრეშუმეობა ყველაზე ეკოლოგიურად შეიძლება ჩაითვალოს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში უდანაკარგო წარმოების მიღწევა მინიმუალური ძალისმევითაც შესაძლებელია. ამ და კიდევ სხვბა ბევრ საინტერესო დეტალს გაიგებთ “აგრო სიახლეების” გადაცემიდან, რომელსაც პირდაპირ აბრეშუმის რთველიდან შემოგთავაზებთ შაბათს, 28 ივნისს, “აგროგარემო TV-ის” ეთერში. თვალი გვადევნეთ მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც. გვიპოვით ასევე:  სილქ TV– 284, მაგთი TV – 57, ახალი TV – 276, Myvideo; “ახალი ქსელებისა” და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.

სრული გადაცემა ნახეთ აქ 👇