Skip to content Skip to footer

ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 441 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე

2023 წლის 1-ელი იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 441 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 269 ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ “აგროგარემო TV-ს” გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 59 ფაქტი გამოვლენილია კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 31 სამართალდარღვევა, იმერეთში – 30, ქვემო ქართლში – 23, აჭარაში – 18, მცხეთა-მთიანეთში – 10, სამცხე-ჯავახეთშიც – 10, შიდა ქართლში – 4, გურიაში – 3, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი, 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა; ხე-ტყის უკანონო ჭრის 1 ფაქტია გამოვლენილი დედაქალაქში.

კერძოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოვლენილ ფაქტებს შორის 190 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 79 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია.

მათივე ცნობით, სამართალდარღვევებიდან 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 71 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქში, ამოღებულია 8 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

Leave a comment