Skip to content Skip to footer

ბოლო 10 წელში ქართული აგროექსპორტის თითქმის 147%-იღ გაიზარდა, ერთ-ერთი პრიორიტეტი ევროკავშირის ბაზარია – მინისტრი

2022 წლის წინასწარი მონაცემებით, აგროპროდუქციის (პირველადი და გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვებამ 15.2 მილიარდი ლარი შეადგინა, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში 2022 წლის ანგარიშის წარადგენისას განაცხადა.

მინისტრმა შამუგიამ ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტის მაჩვენებლებიც შეაფასა. მისი თქმით, ექსპორტის ზრდის დინამიკა სახელმწიფოს პოლიტიკის შედეგია და 2022 წელს ქვეყნიდან ექსპორტზე რეკორდული 1.3 მლრდ დოლარის ღირებულების აგროპროდუქტი გავიდა.

„სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობით, კერძო სექტორის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარების შედეგია, ბოლო 10 წელიწადში, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის თითქმის 147%-იანი ზრდა. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოდან, მსოფლიოს 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული 1.3 მილიარდამდე დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია (34%-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს, ხოლო 2021 წლის მაჩვენებელს – 10.5%-ით). ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის უფრო მზარდი ტენდენცია გვაქვს 2023 წელს, კერძოდ, პირველი კვარტლის მონაცემებით, ექსპორტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-იანი ზრდა გვაქვს, ხოლო ევროკავშირში ქართული აგროოსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 21%-ით გაიზარდა“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ევროკავშირის ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აგროპროდუქტის ექსპორტი 21%-ით გაიზარდა.

მისი ინფორმაციით, 2023 წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის უფრო მზარდი ტენდენცია გამოიკვეთა, კერძოდ, პირველი კვარტლის მონაცემებით, ექსპორტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ევროკავშირში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 21%-ით გაიზარდა.

„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის ბაზარი და ამ ბაზარზე არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ევროკავშირის ქვეყნებში 129%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი, სპირტიანი სასმელების – 26%-ით, ხილისა და ბოსტნეულის წვენების – 103%-ით, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები – 4.7-ჯერ, ხოლო მშრალი ხილის ექსპორტი 5-ჯერ არის გაზრდილი. ასევე ხორციელდება ჩაისა და ციტრუსის ექსპორტი.

აღსანიშნია, რომ ევროკავშირმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ საქართველოს მიანიჭა შემდეგი ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტზე გატანის უფლება: თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტები, შავი ზღვის თევზი და თევზის პროდუქტები, ცხოველთა საკვები და სხვა“, – აღნიშნა მინისტრმა.

ოთარ შამუგიამ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ბაზრის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისათვის ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება აუცილებელია.

„DCFTA-ს ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, ჩვენ ავიღეთ ვალდებულებები საკანონმდებლო დაახლოების მიზნით, 2015-2022 წლებში, მიღებული და დაახლოებულია 183 ნორმატიული აქტი, ეტაპობრივად ინერგება და სავალდებულო ხდება სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორისთვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის პროცედურების დანერგვა”, – განაცხადა შამუგიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, უწყების საქმიანობა სხვადასხვა სტრატეგიულ დოკუმენტებს, მათ შორის, აღსანიშნავია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია (2021–2027 წწ.) ეფუძნება, რომელიც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით, ასევე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) აქტიური თანამშრომლობით შემუშავდა.

Leave a comment