Skip to content Skip to footer

გამონაბოლქვზე კონტროლი გამკაცრდება

იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა არ შეესაბამება დადგენილ ნორმას, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი პირველი დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება პირველი სახდელის დადებიდან 60 დღის შემდეგ, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. ამის შესახებ აღნიშნულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. ცვლილებები საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვის სამინისტრომ დააინიცირა.

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის მიერ იმ სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვება, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა არ შეესაბამება დადგენილ ნორმას – გამოიწვევს ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 1500 ლარის ოდენობით.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის განსახორციელებლად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით ესაჭიროება 800 000 ლარის გამოყოფა და აღნიშნული თანხები ასახულია 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში.

სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა კონტროლს განახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. პირველი ეტაპისთვის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში, დაგეგმილია 10 ეკიპაჟის შექმნა, რომელიც აღჭურვილი იქნება სათანადო გამზომი აპარატურით და შესაბამისი მოწყობილობებით, გზებზე გამონაბოლქვის კონტროლის განსახორციელებლად.

როგორც პრაქტიკა აჩვენებს, სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სრულად ვერ აგვარებს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის პრობლემას.

Leave a comment