აგრარული ბაზრების ნაწილში ერთი კილო ხახვის ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა, ჰიპერმარკეტების ნაწილი კი მაღალ ფასს ინარჩუნებს. თბილისის სასურსათო თუ ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში 1 კილოგრამი ხახვის ფასი 5-8 ლარის ფარგლებში მერყეობს.
მაინც რამ გამოიწვია ხახვის მოულოდნელი გაძვირება? – ექსპორტიორები ამბობენ, რომ ძირითადი საიმპორტო ქვეყნებიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან, ლოგისტიკაში მცირე შეფერხებაა, თუმცა აგროსპეციალისტები ფასის ზრდას ადგილობრივი წარმოების პრობლემებსაც უკავშირებენ.
როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის წარმომადგენელი, აგრონომი ნინო ჭიორელი “აგრო სიახლეებს” სატელეფონო საუბარში უხსნის, ადგილობრივ ფერმერებს ხახვის მოვლა-მოყვანის პირობები არ აქვთ და მოსავალს მამა-პაპური ტრადიციული მეთოდით იწევენ, რის გამოც წარმოებაში დიდი ჩამორჩენაა. მათი უმეტესობა ხახვს ხელით თესავს, ასევე ხელით იღებს და არჩევს მოსავალს, რაც თანამედროვე პირობებში წარმოუდგენელია, მაშინ როცა მაგალითად მეზობელ თურქეთში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მაღალ დონეზეა და სტანდარტს სრულად პასუხობს.
სწორედ ამ ყველაფროთ ხსნის ჭიორელი იმ ფაქტს, რომ ხახვის ადგილობრივი წარმოება ფაქტობრივად არ გვაქვს, მარაგებზე საუბარიც ზედმეტია.
მისი განმარტებით, ფერმერებს არ აქვთ ფინანსური ხელშეწყობა, ტექნიკა, სათესლე აპარატი, სასაწყობე, თუ სამაცივრე მეურნეობები და სხვა. საქართველოში ფერმერებს ჯერ კიდევ მორწყვის პრობლემა აქვთ .
„ხახვის წარმოებაში ძალიან ბევრი პრობლემა იკვეთება, რაც ფასთან პირდაპირ კავშირშია. დეფიციტია მაღალი ფასის გამო, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა რომ ჰქონდეს დარგს, პრობლემა დიდწილად მოგვარდებოდა,“ – ეუბნება აგრონომი “აგრო სიახლეებს”.
შეგახსენებთ, საქართველოში ხახვს ძირითადად ორ რეგიონში აწარმოებენ, ესაა, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი. ქართული წარმოების ხახვი ბაზარზე ივნისის ბოლოდან გამოჩნდება, პიკი კი ივლისი-აგვისტოს პერიოდშია.
2023 წლის მარტში, იმ პროდუქტების ჩამონათვალში, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასი, ხახვი პირველ ადგილზეა. აღნიშნულ პერიოდში ის 110,7%-ით გაძვირდა. იანვარში ეს მაჩვენებელი 74.1%-ს შეადგენდა.
მიმდინარე წლის 3 თვეში საქართველომ 2.7 მლნ აშშ დოლარის 7 220 ტონა ხახვი იყიდა, რაც თითქმის არ განსხვავდება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემისგან, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 2.4 მლნ აშშ დოლარის 7 744 ტონა პროდუქტი შემოვიდა. თუმცა 3-თვიან მაჩვენებელთან შედარებით, მკვეთრად არის შემცირებული იმპორტი მარტში. გასულ თვეში საქართველოში 347.9 ათასი აშშ დოლარის 919.7 ტონა ხახვი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ თვეში კი, 1.03 მლნ აშშ დოლარის 3 379 ტონა. შედეგად გამოდის, რომ რაოდენობრივად მარტში ხახვის იმპორტი თითქმის 73%-ით შემცირდა.
იმპორტიორი ქვეყნები კი არიან: რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ეგვიპტე და ნიდერლანდები.