Skip to content Skip to footer

ევროპის მსხვილ ქალაქებში სულ უფრო მომრავლდა ახალი საცხოვრებელი ზონები, სადაც ურბანული მებოსტნეობა ინერგება. ქალაქ ლუქსემბურგში ახალი საცხოვრებელი მიკრორაიონი გაჩნდება, რომლის ტერიტორიაზეც მეურნეობები მოეწყობა, ხოლო მიღებული მოსავალი ადგილობრივ მოსახლეობას ახალი საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფს. ამავე ტერიტორიაზე გაშებდება ფერმებიც, რომლებშიც ქათმებსა და კურდღლებს მოაშენებენ. მიკრორაიონში ფერმერები მუშაობას 2024 წლიდან დაიწყებენ, ხოლო პირველი მცხოვრებლები ახალ უბანში 2028 წელს გადავლენ.

ურბანული მებოსტნეობა ევროპაში ტრენდული 2000-იანი წლების დასაწყისიდანაა. ამჟამად მის დასანერგად ევროპული ქალაქების მერიები ბიუჯეტიდან თანხას არ იშურებენ. მაგალითად, ამსტერდამში, ბარსელონასა და ბუდაპეშტის ცენტრებში იზრდება სალათის ფურცლები, პომიდორი და მწვანილი.

ლონდონში ბოსტნეულის, მწვანილისა და ხილის 12-მდე ოფიციალური „ფერმაა,“

პარიზში ბოსტნეულითა და მწვანილით გაშენებული ურბანული მიწის ფართობი 2020 წლისთვის 30 ჰექტარი იყო.

რომში 2000-იანი წლების დასაწყისში მერიამ ურბანული მებაღეობის ქვედანაყოფიც კი შექმნა და უკვე 2010 წელს საკუთარ შენობაში ბოსტანიც გააშენა.

ავსტრიის დედაქალაქ ვენის ყველა უბანში, მინიმუმ, ერთი ბოსტანი ან ბაღი მაინცაა გაშენებული.

ურბანული მებაღეობა ფინეთში, ევროკავშირის დაფინანსებით, პროექტ CircularHoodFood-ის ფარგლებში ვითარდება.

შეგახსენებთ, ურბანული მეურნეობა ევროკავშირისთვის ერთ-ერთი საშუალებაა მიაღწიოს ნულოვან ემისიას 2050 წლისთვის.

ურბანული მებოსტნეობის კლიმატგონივრული პრინციპი ასეთია: პირდაპირ ქალაქში წარმოებულ პროდუქციას მომხმარებლამდე ხანგრძლივი ტრანსპორტირება არ სჭირდება, რაც ტრანსპორტის მავნე გამონაბოლქვს ამცირებს, თანაც გზაზეც ნაკლები ხილი და ბოსტნეული ფუჭდება.

Leave a comment