Skip to content Skip to footer

ერთ დღეში ნამდვილად ვერ შევცვლით ჭიათურის რეალობას – ოთარ შამუგია

“ერთ დღეში ნამდვილად ვერ შევცვლით ჭიათურის რეალობას, თუმცა, არის საკითხები, რომელთან მიმართებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა”, – ასე უპასუხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პლენარულ სხდომაზე (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის, გიორგი ვაშაძის კითხვას, რომელიც ჭიათურაში არსებულ ვითარებას ეხებოდა.

შეგახსენებთ, ოთარ შამუგია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს 2022 წლის თებერვლიდან იკავებს, ხოლო ქართული ოცნება ხელისუფლებაში 2012 წლიდანაა.

შამუგიას განმარტებით, მათ განახორციელეს გარკვეული ღონისძიებები, რაც ეხება მდინარის გაწმენდით სამუშაოებზე დაკვირვებას, რეკულტივაციას, ოჯახების განსახლებას და ტერიტორიის მონიტორინგს, ხოლო რამდენად ჰქონდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევას ადგილი, ამის ინსპექტირებას ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს.

„იქ გასული საუკუნეებიდან იცით, რომ მიმდინარეობდა სამთო სამუშაოები, შემდგომ უკვე გეოლოგიურმა პროცესებმა და სხვა ბუნებრივმა მოვლენებმა გამოიწვია ის პროცესები, რასაც ჩვენ იქ ვხედავთ. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გარემოს ეროვნული სააგენტო თავიდანვე ჩაერთო ამ პროცესში. შეიქმნა კომისია, რომლის ფარგლებში სხვადასხვა ორგანიზაციის, მიმართულების სპეციალისტები იყვნენ ჩართულნი და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, მათ შორის, კონკრეტული ოჯახების განსახლებასა და შემდგომ მონიტორინგთან დაკავშირებით. ჩვენი სპეციალისტები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ ამ ტერიტორიის მონიტორინგს. სხვა შესაბამისი უწყებები და სამსახურები მათი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებენ ღონისძიებებს, რაც შეეხება განსახლებას თუ სხვა საკითხებს. „ჯორჯიან მანგანეზს“ რაც შეეხება, დიახ, მმართველს არ ჰქონდა კონკრეტული გეგმა და ამ გეგმასთან მიმართებით არის ღონისძიებები, რაც განხორციელდა ამ პერიოდის განმავლობაში. მოდით, აქაც რეალურად შევხედოთ მოვლენებს, ეს არის ძალიან დიდი ხნის მემკვიდრეობა და ჩვენ ერთ დღეში ნამდვილად ვერ შევცვლით რეალობას. თანმიმდევრული უნდა ვიყოთ. არის საკითხები, რომელთან მიმართებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. ჩვენ სულ ახლახან ვაკვირდებოდით მდინარის გაწმენდით სამუშაოებს, არის გარკვეული ღონისძიებები განხორციელებული რეკულტივაციის კუთხით, თუმცა, არის, რა თქმა უნდა, გეგმასთან მიმართებით შეუსრულებელი ვალდებულებები. ამის დეტალური მონიტორინგი კეთდება სამსახურების მიერ. ამჟამად ხდება შეფასება იმ გეგმის, რაც უნდა განხორციელებულიყო. ჩვენი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამის ინსპექტირებას ახორციელებს და გვექნება სრული სურათი, თუ რა გაკეთდა და ვერ ან არ გაკეთდა. სად შეიძლება გარემოს დაცვით კანონმდებლობის დარღვევას ჰქონდეს ადგილი ან არ ჰქონდეს. შესაბამისი სპეციალისტები ნახავენ ინსპექტირების პერიოდში და შემდგომ გვექნება ამაზე საშუალება ვიმსჯელოთ,“ – განაცხადა შამუგიამ.

შეგახსენებთ, სხდომაზე გიორგი ვაშაძე დაინტერესდა, ოთარ შამუგია მინისტრის რანგში ნამყოფია თუ არა ჭიათურაში. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ჭიათურაში უმძიმესი ეკოლოგიური ვითარებაა. ვაშაძის შეფასებით, სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ 2016 წლიდან „ჭიათურ მანგანუმს“ სამინისტროს წარდგენით სასამართლოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი მართავს, თუმცა, ვითარება არ უმჯობესდება.

რამდენად მძიმე მდგომარეობაა ჭიათურაში, დეტალები ნახეთ ჩვენს გადაცემაში ?

Leave a comment