Skip to content Skip to footer

თბილისში ევთანაზია 2 274 ცხოველს ჩაუტარეს, ხოლო ბუნებრივი სიკვდილით 5385 ცხოველი მოკვდა

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ ინფორმაციით, თბილისში, 2020-2022 წლებში სტერილიზაცია/კასტრაცია, ჯამში, 16 087 მიუსაფარ ძაღლსა და კატას ჩაუტარდა, ევთანაზია 2 274 ცხოველის შემთხვევაში გამოიყენეს, ხოლო ბუნებრივი სიკვდილით 5385 ცხოველი მოკვდა.

რაც შეეხება წლების მიხედვით მონაცემებს, 2022 წლის განმავლობაში სტერილიზაცია/კასტრაცია ჯამში, 5 633 მიუსაფარ ძაღლსა და კატას ჩაუტარდა. ამავე წლის განმავლობაში კი ევთანაზია, ე.წ. ცხოველის დაძინების პროცედურა 631 შემთხვევაში გამოიყენეს, ხოლო 1917 მიუსაფარი ცხოველი ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა. ამავე პერიოდში, სააგენტოს მიერ, ჯამში, 10 141 მიუსაფარი ძაღლი და კატაა თავშესაფარში შეყვანილი.

რაც შეეხება 2021 წელს, სააგენტოს ინფორმაციით, სტერილიზაცია/კასტრაცია ჯამში, 5 734 მიუსაფარ ძაღლსა და კატას ჩაუტარდა. ევთანაზია 776 შემთხვევაში გამოიყენეს, ხოლო 1830 შემთხვევაში დადგა მიუსაფარი ძაღლისა და კატის ბუნებრივი სიკვდილი. ამავე პერიოდში, თავშესაფარში 10 361 მიუსაფარი ძაღლი და კატაა შეყვანილი.

სააგენტოს ინფორმაციითვე, 2020 წლის მონაცემების მიხედვით, სტერილიზაცია/კასტრაცია ჯამში, 4720 მიუსაფარ ცხოველს ჩაუტარდა, ევთანაზია 867 ცხოველის შემთხვევაში გამოიყენეს, 1638 ცხოველი კი ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა.

„ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი“ მუშაობს როგორც კლინიკა, რომელიც ყოველდღიურად ათობით ტრავმირებულ და დაავადებულ ცხოველს ემსახურება.

ცხოველის ევთანაზია ჰუმანური წესით, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ცხოველის ტრავმები შეუთავსებელია სიცოცხლესთან; ადამიანებისა და ცხოველებისათვის საშიში, ასევე, ონკოლოგიური ან სხვა განუკურნებელი დაავადებებისას, როდესაც ცხოველი იტანჯება”, – განაცხადეს სააგენტოში.

წყარო: IPN.GE

გზებზე მოკლული ძაღლები, დასახიჩრებული, ნაწამები, მიუსაფარი და მშიერი ცხოველები დღეს ისევ მოუგვარებელი პრობლემაა, რომელიც თანაბრად აწუხებს, როგორც დედაქალაქს, ისე ყველა მუნიციპალიტეტს. რა ბედი ეწია კანონს, რომელიც პარლამენტში ერთი წლის წინ შევიდა და ცხოველების მოვლა-პატრონობის პასუხისმგებლობის საკითხები უნდა დაარეგულიროს. ?

Leave a comment