Skip to content Skip to footer

თურქეთი პომიდვრის ექსპორტს ზღუდავს, თუმცა საქართველოში არა

თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 14 აპრილამდე ქვეყნიდან პომიდვრის ექსპორტის შეზღუდვა გადაწყვიტა. შეზღუდვა არ გავრცელდება ჩრდილოეთ კვიპროსზე, პალესტინასა და აზერბაიჯანზე.

ქვეყნის მთავრობამ მიზეზად ბოლო კვირებში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფა და ფასების სტაბილიზაცია დაასახელა.

აგროანალიტიკური პლატფორმა EastFruit-ის პროგნოზით, ეს სიახლე სერიოზულ გავლენას მოახდენს იმ ქვეყნებზე, სადაც პომიდვრის იმპორტი სწორედ თურქულ პროდუქციაზეა დამოკიდებული. ასეთებია: საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და რუმინეთი. ასე რომ თურქული პომიდვრის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნების ბაზრებზე, პროდუქტის დეფიციტის ფონზე, შესაძლოა მისი ფასის მკვეთრად გაძვირება.

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში თავდაპირველად მედიას დაუდასტურეს, რომ შეზღუდვა საქართველოზეც გავრცელდა, თუმცა იმპორტის აკრძალვა იმ ტვირთს არ შეეხებოდა, რომლის შესყიდვაზეც დადგენილების მიღებამდე გაფორმდა შეთანხმება. მოგვიანებით კი,  შედგა კომუნიკაცია თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რომლის შედეგად, თურქეთმა საქართველო, ზემოთ ჩამოთვლილ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, გამონაკლის ქვეყანათა სიაში შეიყვანა და თურქული პომიდვრის ექსპორტი აღარც საქართველოში შეიზღუდება.

საქართველო თურქული ბოსტნეულისთვის მნიშვნელოვანი ბაზარია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში პომიდვრის იმპორტმა 7.1 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც თითქმის სრულად თურქეთიდან განხორციელდა.

Leave a comment