გასულ კვირას იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში მომხდარ წყალდიდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 36 000 ადამიანზე მეტი კი უსახლკაროდ დარჩა.
Euronews-ის ცნობით, 36-საათიანმა გადაუღებელმა ძლიერმა წვიმამ მდინარეები აადიდა. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარეებმა დატბორა ქუჩები და სახლები. მეცნიერების დათვლით, 15-16 მაისს მოსული ნალექი, 6 თვის ჯამური ოდენობას აჭარბებს.
აშკარაა, რომ ატმოსფეროში CO2-ის გაზრდილი კონცენტრაცია უფრო და უფრო ხშირად ხდება ექსტრემალურ ამინდის გამომწვევი. მკვეთრი ცვლილებები მშრალ და სველ ამინდებს შორის კი სწრაფად მზარდი და ინტენსიურია.
იტალიელი გარემოს დამცველები ხელისუფლებას მსგავსი სიტუაციისთვის მოუმზადებლობაში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, ინტენსიური ექსტრემალური მოვლენების გამო ადამიანთა სიცოცხლე საფრთხეში დგას, კლიმატის ცვლილება კი გარემოსა და ეკონომიკას ერთნაირად ვნებს.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ქუჩების დატბორვის მიზეზი არა კლიმატის ცვლილება, არამედ ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რადგან, მათი მტკიცებით, მდინარეების აუზის მონიტორინგისთვის ქვეყანაში კადრების ნაკლებობაა, არაეფექტურმა ფორესტიზაციამ კი წყლის კასკადების პრევენციული ეფექტები შეამცირა.
ასეა თუ ისე, წყალდიდობას რეგიონის აგრიკულტურაზე ხანგრძლივი დამაზიანებელი შედეგები აქვს. დაიტბორა 5000-ზე მეტი ფერმა, მარცვლეულის, სიმინდისა და ხილის წარმოება კი შეფერხდა. საწყის ეტაპზე ზარალი €1.5 მილიარდს აღწევს, თუმცა ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ უცნობია.
წყალდიდობამ გაანადგურა წლევანდელი მოსავალი, თუმცა, მცენარეების ფესვების დაზიანების გამო, ვარაუდობენ, რომ მომავალი წლებიც უნაყოფოდ ჩაივლის. ზარალი განსაკუთრებით მაღალია ხორბლის მოსავალზე, 400 მილიონი კილო მარცვლეული სრულად განადგურდა.
შეგახსენებთ, ემილია-რომანიას რეგიონი, სადაც წყალდიდობაა, იტალიის ხორბლის ⅓ -ს გამოიმუშავებს, ამიტომაც, წინასწარი პროგნოზით, სტიქია ყოველდღიურ პროდუქტებზე, პურსა და პასტაზე ფასის ზრდას გამოიწვევს.
ემილირა-რომანია იტალიის ხილის მწარმოებელი ერთ-ერთი მთავარი რეგიონია და ყოველწლიურად 10 მილიონ ტონაზე მეტ პროდუქტს აწარმოებს. ამ რეგიონის აგროსექტორში 65 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.