Skip to content Skip to footer

კადასტრში 36 431 მევენახეა რეგისტრირებული

საქართველოში ვენახების კადასტრში 36 431 მევენახეა რეგისტრირებული, მათი ვენახები 45 313 ჰექტარზეა გაშენებული, მიწის ნაკვეთების რაოდენობა კი 127 122-ია.

ვენახების კადასტრის შექმნა საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ექსპერტის ანა იზაბელ ლუცის ხელშეწყობით 2014 წელს დაიწყო.

გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები ღვინის კადასტრში უკვე სრულადაა რეგისტრირებული, დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონები კი მიმდინარე წლის განმავლობაში დარეგისტრირდება.

ვენახების კადასტრი მოიცავს ინფორმაციას ვენახებით გაშენებული ტერიტორიების შესახებ და მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ღვინის ხარისხისა და ადგილწარმოშობის მონიტორინგის კუთხით.

ვენახების კადასტრი წარმოადგენს ქართული ღვინის ადგილწარმოშობის მიკვლევადობის ინსტრუმენტს და ღვინის ქარხნებს აძლევს მოსავლის ეფექტიანი მართვის შესაძლებლობას.

შეგახსენებთ, მარტიდან გააქტიურდა მეფუტკრეთა სავალდებულო რეგისტრაცია და ამ გზით სახელმწიფო ცდილობს შექმნას მეფუტკრეთა რეესტრი. უკვე დასრულებულია მეთხილე ფერმერების რეგისტრაციაც, რომელის ფარგლებში მათ სახელმწიფო დახმარების აღება შეეძლოთ. ამგვარადაც მეთხილე ფერმერების რეესტრის ფორმირებას ცდილობდა სახელმწიფო.

ფერმერების დიდ ნაწილს სავალდებულო რეგისტრაცია, როგორც წესი, ეჭვსუაჩენს, რადგან ფიქრობენ რომ რეგისტრაციის შემდეგ მათი დაბეგვრა დაიწყება, რასაც კატეგორიულად უარყოფს სახელმწიფო და იშველიებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის “საყურეების” ნიშანდება-რეგისტრაციას, რომლის დასრულების შემდეგ, პირუტყვის მფლობე;ლი ფერმერები/გლეხები არ დაბეგრილა.

Leave a comment