Skip to content Skip to footer

კურორტი აბასთუმანი მზად 2025 წლის ზაფხულისთვის იქნება – დავითაშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, აბასთუმნის განახლებული კურორტი 2025 წლის ზაფხულისთვის ტურისტების მიღებას შეძლებს. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა კურორტ აბასთუმანში მშენებარე სასტუმროებისა და სხვა განთავსების ობიექტების, მათ შორის რესტორნებისა და გასართობ-დასასვენებელი სივრცეების ინვესტორებთან მორიგი საკოორდინაციო შეხვედრაზე განაცხადა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს აბასთუმნის განვითარებასთან დაკავშირებული არსებული საკითხები და კურორტის რეაბილიტაციის ფარგლებში არსებული სამშენებლო სამუშაოები.

„ინტენსიურად ვაგრძელებთ შეხვედრებს ინვესტორებთან, რომლებიც მაღალი კლასის სასტუმროებისა და სხვა განთავსების ობიექტების მშენებლობას ახორციელებენ აბასთუმანში, რითაც საკუთარი წვლილი შეაქვთ კურორტის განვითარებაში. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ბიზნესთან და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, აბასთუმანი გახდება უნიკალური კურორტი, რომელიც ათასობით სტუმარს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ აბასთუმნის სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმიურად მიმდინარეობს და სამუშაოების საკმაოდ დიდი ნაწილი დასრულებულია. როგორც იცით, ჩვენს მიერ გაცხადებული გეგმით, კურორტი 2025 წლის ზაფხულის სეზონისთვის იქნება მზად და დღეის მდგომარეობით, მიმდინარე თუ შესრულებული სამუშაოები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ განახლებული აბასთუმანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უმასპინძლებს ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტებს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კურორტ აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია უკვე დაასრულა. შემუშავდა კურორტ აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს აბასთუმნის ელექტრომობილების ქალაქად ქცევა სურდა და შესაბამისი პროექტი ჯერ კიდევ 2018 წელს დააანონსა, რომლის მიხედვით ადგილობრივ მოსახლეობას ელექტრომობილები უნდა დარიგებოდა, ქალაქში კი ელექტრომობილების სპეც.სადგომი უნდა მოწყობილიყო. მალევე მუნიციპალური განვითარების ფონდმა კურორტ აბასთუმნის გენგეგმა შეიმუშავა და დაბაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო.
2021 წელს, მაშინდელი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის აბასთუმანში ვიზიტისას სახელმწიფო უწყებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კურორტზე 442 მილიონი ლარის სასტუმროები შენდება, რომლებიც 2023 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ სასტუმროების გახსნა დამოკიდებულია სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებაზე, რომლის ვადები არაერთხელ შეიცვალა.