Skip to content Skip to footer

მოსახლეობას ენერგოეფექტური ღუმელების ყიდვა სახელმწიფოს თანადაფინანსებით შეუძლია

კახეთის რეგიონში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო 5 მწარმოებლის 11 ენერგოეფექტური ღუმელი.

ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და პროგრამის განმახორციელებელი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აქტივობა ტყის რეფორმის ფარგლებში შედგა.  სწორედ რეფორმის ნაწილია ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამაც, რაც, მთავრობის მოლოდინით, ხელს შეუწყობს ტყეზე ზეწოლის შემცირებას, ბრიკეტების წარმოების განვითარებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

ახალი პროგრამა რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს თანადაფინანსებით შეიძინონ ენერგოეფექტური ღუმელები: მოსახლეობისთვის, სუბსიდიის სახით, ფინანსდება ენერგოეფექტური ღუმელების ღირებულების 30%, არაუმეტეს 300 ლარისა.

ენერგოეფექტური ღუმელების გამოყენებით, თითოეული ოჯახისთვის საწვავი ხარჯი 50%-მდე დაიზოგება.

ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა -ECO.Georgia“-ს ფარგლებში.

Leave a comment