Skip to content Skip to footer

მწვანილი შესაძლოა კიდევ გაძვირდეს

წლევანდელი სეზონი მწვანილის ქართველი მწარმოებლებისთვის წარმატებული გამოდგა. ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების გავლენა ფასებზე სასოფლო სამეურნეო მიმართულების ანალიტიკურმა პლატფოტმა, EastFruit-მა, გამოიკვლია. გლობალური ბაზრის ანალიტიკოსები ქართულ მწვანილზე მოთხოვნის ზრდას ორი მიზეზით ხსნიან: 1. ირანის მოსავალი მიილია და 2.უზბეკეთში დაბალი ტემპერატურაა.

როგორც ფერმერები ამბობენ, ზამთრის დასასრული და გაზაფხულის დასაწყისი, – ეს ის პერიოდია საქართველოსთვის, როცა როგორც წესი, შესაძლებელია მიიღოს მაღალი ფასი მწვანილზე, რადგან ამ პერიოდში კონკურენცია ფაქტობრივად, არ არის.

სტატიაში აღნიშნულია, რომ შარშან მწვანილის მოყვანა ქართველი მწარმოებლებისთვის არც ისე მომგებიანი იყო: თუ შარშან 1 კილოგრამის საბითუმო ფასი 4 ლარი იყო, წელს ის 7 ლარამდეა გაზრდილი.

ბოლო წლებში, რუსული და უკრაინული ბაზრები, სადაც ქართული მწვანილი ძირითადად გადიოდა, ირანულმა პროდუქციამ ჩაანაცვლა. ახლა კი, როდესაც ირანში სეზონი დასასრულს მიუახლოვდა, გაიზარდა მოთხოვნა ქართულ მწვანილზე.

ირანის გარდა, მწვანილს რუსეთი და უკრაინა უზბეკეთისგანაც ყიდულობს, მაგრამ წლევანდელი დაბალი ტემპერატურების გამო, ქართული მწვანილის სეზონი გახანგრძლივდება.

მოთხოვნის გარდა, ფასებზე გავლენას ადგილობრივი ფაქტორებიც ახდენს. ქართველი ფერმერები ამბობენ, რომ 2022 წლის სეზონთან შედარებით მწვანილის წარმოება ბევრმა მწარმოებელმა შეამცირა. მაგალითად, მათი ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში კამის წარმოება, შესაძლოა, მინიმუმ 30%-ით შემცირდეს.

გასათვალისწინებელია კლიმატური პირობებიც. წელს მწვანილის ფასებზე გავლენას ახდენს დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, რაც მოსავლის აღების შეფერხებას იწვევს. ფერმერები მწვანილის კიდევ უფრო გაძვირებას უახლოეს კვირებში ვარაუდობენ.

Leave a comment