Skip to content Skip to footer

რას აკეთებს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სტიმულირებისთვის – მინისტრის ანგარიში

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, სახელმწიფოს ყველა პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ, სადაც მათ სხვა იურიდიულ პირებთან შედარებით სახელმწიფო თანადაფინანსების დამატებით 10%-იანი სარგებელი გააჩნიათ, ხოლო სპეციალური კოოპერატიული პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსება განსაზღვრულია 70-80%-ით, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში 2022 წლის ანგარიშის წარადგენისას განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წელს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა, რაც კოოპერატივების შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

„2022 წელს დაფინანსდა ბოსტნეულისა და კარტოფილის შემნახველი 9 სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული საწარმოს მოწყობა, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება 4 მლნ ლარს აღემატება. პროექტი 100-ზე მეტ მცირე ფერმერს აერთიანებს და ჯამურად 4500 ტონა პროდუქციის შენახვა არის შესაძლებელი.

2023 წელს, სპეციალურად კოოპერატივებისათვის, მათი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გაუმჯობესების, პროდუქციის წარმოების ზრდის და კონკურენტუნარიანობის გაძლიერების მიზნით, ხორციელდება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ სახელმწიფოს მხრიდან ღირებულების 50%-იანი (არაუმეტეს 100 ათასი ლარის) საგრანტო დაფინანსებით“, – თქვა მინისტრმა.

დღესვე ოთარ შამუგია “მინისტრის საათის” ფორმატში დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომ შარშან აგროპროდუქციის (პირველადი და გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვებამ 15.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მაჩვენებელი 112%-იანი ზრდაა, ხოლო 2021 წელთან შედარებით სახეზეა 14%- ით ზრდა. მისივე მტკიცებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება 96%-ით არის გაზრდილია და 4.4 მილიარდ ლარს შეადგენს, 2021 წელთან შედარებით ზრდა 13%-ია.

რაც შეეხება, ექსპორტს, შამუგიას თქმით, ბოლო 10 წელში ქართული აგროექსპორტის თითქმის 147%-იღ გაიზარდა და მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ევროკავშირის ბაზარია, თუმცა აქვს დასძენს, რომ ევროკავშირის ბაზრის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისათვის ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება აუცილებელია.

მინისტრის მონაცემებით, სახელმწიფო პროგრამა “დანერგე მომავლის” დაწყებიდან დღემდე 20,000 ჰექტრამდე თანამედროვე ბაღია გაშენებული და 16 თანამედროვე სანერგე მეურნეობაა მოწყობილი. საპროგნოზო მაჩვენებლით, 2030 წლისათვის მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში გაშენებული ბაღებიდან მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 200 ათას ტონას მიაღწევს, რომლის ღირებულება დაახლოებით 500 მილიონი ლარი იქნება. პროგრამის ფარგლებში, ჯამში დასაქმებული 10 000-მდე მუდმივი და 45 000-მდე დროებით დაქირავებული სამუშაო ძალაა.

პროდუქციის შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოო ინფრასტრუქტურის შექმნის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეიქმნა 218 გადამამუშავებელი საწარმო და შემნახველი ინფრასტრუქტურა. მინისტრის პროგნოზით, სახელმწიფოს დაფინანსებული საწარმოების სრულად ამოქმედების შედეგად, დასაქმდება 3000-ზე მეტი ადამიანი, შეიქმნება 240 მლნ ლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, შემნახველი ინფრასტრუქტურის ტევადობა 130 000 ტონას მიაღწევს. 128 საწარმო უკვე ექსპლუატაციაშია შესული და ამჟამად 130 მილიონი ლარის პროდუქცია იწარმოება, შემნახველი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს 43 000 ტონა პროდუქციის თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შენახვას და დასაქმებულია 2 000 ადამიანი.

ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა 200-მდე კომპანიამ. პროგრამა მოიცავს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, ბრენდირებას, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის პროდუქციის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის თანადაფინანსებას.

მინისტრმა შამუგიამ დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში 2022 წლის ანგარიშის წარადგენისას 9 წლის განმავლობაში აგროდაზღვევის პროგრამის შედეგებიც მიმოიხილა. მისი ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში 2014 წლიდან დღემდე 65,000-ზე მეტ ბენეფიციარს დაზღვეული ქონდა 140,000 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი, ანაზღაურებული ზიანი 67 მლნ ლარს აღემატება.

Leave a comment