Skip to content Skip to footer

რა ეღირება პასკა წელს

2022 წლის წინასააღდგომო პერიოდთან შედარებით, წელს პასკაზე ფასი 5-დან 15%-მდე მოიმატებს. ბიზნესის განმარტებით, ეს იმპორტირებული ნედლეულის გაძვირებამ გამოიწვია. გაძვირებულია შესაფუთ მასალებზე ფასებიც. კომპანიებში ამბობენ, რომ აღდგომის კვირაში ფასის მატება აღარ მოხდება და ამჟამინდელი ღირებულება საბოლოოა.

საკონდიტრო საწარმო “სანდომის” მარკეტინგის ხელმძღვანელი თეკლა თალაკვაძე აღნიშნავს, რომ პროდუქტი გასულ წელთან შედარებით მცირედით გაძვირებულია, თუ გასულ წელს პასკის ღირებულება 5 – 6 ლარიდან იწყებოდა, დღეს მინიმალური ფასი 9 ლარია.

“სანდომის 800 გრამიანი პასკის ღირებულება წელს 12 ლარს შეადგენს, ხოლო 550 გრამიანის ფასი 9 ლარი იქნება. პასკაზე ფასის ზრდის მიუხედავად, გასულ წელთან შედარებით მოთხოვნა გაზრდილია და წარმოებაც აქტიურ რეჟიმზეა გადასული. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ პასკებს დიდ ქსელებს ვაწვდით და მასიური წარმოება გვაქვს, ფასი სხვა კომპანიებთან შედარებით დაბალია. თუმცა გასულ წელს თუ შევადარებთ დაახლოებით 10%-ით მაინც გაძვირდა, რადგან ნედლეულის ღირებულება მომატებულია“, – ამბობს თეკლა თალაკვაძე.

“ქუქი ბეიქერის” მენეჯერი კი ღნიშნავს, რომ მოთხოვნა მაღალია და წარმადობაც შესაბამისად გაზრდილია. “ქუქი ბეიქერში” აღდგომას ორი ზომის პასკით ხვდებიან, რომლის ღირებულებაც 24 ლარიდან იწყება.

“ჩვენთან მოთხოვნა ყოველ წელს მზარდია, შესაბამისად, გასულ წელთან შედარებით გავზარდეთ წარმოება და მომხმარებელსაც ორი ზომის პასკას ვთავაზობთ. ჩვენი პასკების ღირებულება გრამების მიხედვით არის და შედარებით მცირე ზომის 24 ლარი ღირს, ხოლო დიდი ზომის პასკის ფასი 33 ლარია”, – აღნიშნა მეგი შულაიამ.

წყარო: BM.GE

Leave a comment