Skip to content Skip to footer

რა პრობლემებს აწყდებიან ფერმერები ევროკავშირში აგროექსპორტისას

“ევროკავშირში ექსპორტისთვის პრობლემაა რაოდენობა, – ხშირად ჩვენ ვერ ვაწარმოებთ იმდენს, რომ უწყვეტად მიწოდება შევძლოთ ევროკავშირის ბაზრისთვის. მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია, უნდა გამსხვილდეს ფერმები,” – ეუბნება “აგრო სიახლეებს” რატი კოჭლამაზიშვილი, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.

მისი მტკიცებით, ასე ბევრად მარტივი და ხარჯთეფექტიანი იქნება საექსპორტო მიწოდების უზრუნველყოფა.

“ნებისმიერ შემთხვევაში, სტანდარტების დაკმაყოფილება აუცილებელია. ამით ადგილობრივ ბაზარსაც ხარისხიანი ნაწარმით მოვამარაგებთ და არც ექსპორტი გაგვიჭირდება,” – განმარტავს კოჭლამაზიშვილი.

რატი კოჭლამაზიშვილი მონაწილეობდა ISET-ის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის DCTA-ს მოთხოვნებთან დაახლოების თემაზე ჩატარებულ მრგვალ მაგიდაში, რომელსაც “აგრო სიახლეებიც” დაესწრო.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ასევე ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმაც, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ საქართველო DCFTA-ის პოტენციალს ვერ იყენებს მაშინ, როცა საქართველოდან დსთ-ს ქვეყნებში, რუსეთში, ყაზახეთში და ა.შ. აგროექსპორტის მაჩვენებლები მზარდია.

კვლევამ აჩვენა, რომ სოფლის მეურნეობის მიერ წარმოებული მშპ ნამდვილად გაზრდილია, თუმცა მხოლოდ პირველადი წარმოების ზრდის ხარჯზე და პრობლემა რჩება გასაღების ნაწილში.

ISET-ის მთავარი ეკონომისტი, სალომე გელაშვილი, ასევე განმარტავს, რა ხარვეზებია სახელმწიფო მხარდამჭერ პროგრამებში, რაც ფერმერებისთვის DCFTA-ის შესაძლებლობებს ჯერ კიდევ აუთვისებლად ტოვებს.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომელიც უნდა გათვალისწინონ სახელმწიფო აგროპროექტების შედგენისას ასეთია: ირიგაციის პრობლემის დაძლევა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წყალუზრუნველყოფა, ასევე, მცირემიწიანობის, ანუ მიწების ფრაგმენტაციის საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა და, რაც მთავარია, განათლების დეფიციტის შევსება ფერმერებში სხვადასხვა ტრენინგებითა და სამეწარმეო უნარების სწავლების გზით.

შეგახსენებთ, დღეს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა დისკუსიას „რა გავლენა აქვს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს საქართველოს აგრო-ექსპორტზე ევროკავშირში?“ დისკუსიას “აგროგარემო Tv-იც” დაესწრო. შეხვედრაზე გასაჯაროვდა შედეგები კვლევის, რომელმაც DCFTA-ის 7 წლის თავზე შეაფასა სახელმწიფო დაფინანსების ეფექტიანობა ევროკავშირის ბაზარზე აგრო ექსპორტის ხელშეწყობაში.

კვლევის დეტალებს გაეცანით აქ ?

Leave a comment