Skip to content Skip to footer

საეჭვო თანხები რუსეთის ფედერაციიდან – გაფრთხილება მომხმარებლებს

ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ფიზიკურ პირებს, რომლებიც საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკების მომსახურებით სარგებლობენ, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, უცნობი პირები პირად საბანკო ანგარიშზე ურიცხავენ თანხას და სხვადასხვა გზით ჩარიცხული თანხის განაღდებას სთხოვენ. აღნიშნული ტიპის თანხები ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან ირიცხება, – ამის შესახებ საბანკო ასოციაცია აცხადებს.

საქართველოში ლიცენზირებული კომერციულ ბანკების სახელით,საბანკო ასოციაცია აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ ზემოაღნიშნული საქმიანობა ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და მსგავსი საქმიანობით დაკავებული პირების მიმართ, შესაძლოა, დადგეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ასევე, კომერციული ბანკების საქმიანობის მარეგულირებელი წესების და ნორმების გათვალისწინებით მომხმარებლის მსგავსი შინაარსის ქმედებები შესაძლოა მისი ანგარიშის დახურვის და სანქცირების საფუძველი გახდეს.

“გარდა ზემოთქმულისა, ამ ტიპის საქმიანობა რისკის ქვეშ აყენებს ფიზიკური პირის პერსონალური და საბანკო მონაცემების კონფიდენციალობას, რაც ზრდის შესაბამისი ფიზიკური პირის კომერციულ ბანკებში დაცული აქტივების მიმართ თაღლითობის შესაძლებლობას და რისკს,” – გამარტავს საბანკო ასოციაცია და მოუწოდებს მოხმარებლებს გაითვალისწინონ მსგავსი მართლსაწინააღმდეგო სქემების არსებობა, ასევე თავი შეიკავონ უკანონო გარიგებებში მონაწილეობისაგან.

დეტალები, თუ რამდენად საშიშია სქემა, რომლითაც საქართველოში რუსეთის მოქალაქეები გაურკვეველ ფინანსურ ტრანზაქციებს ასრულებენ, გაეცანით “აგროგარემოს” ვრცელ სტატიასა და გადაცემა “აგრო სიახლეებს.”

Leave a comment