Skip to content Skip to footer

საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა, რომელიც საქონლის წარმოშობას, თავისუფალ ვაჭრობას, ფიტოსანიტარიულ ნორმებსა და სხვა ეკონომიკურ კომპონენტებს დაარეგულირებს.

როგორც ლევან დავითაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდისთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, 2022 წელს საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის სავაჭრო ბრუნვა 400 მილიონ დოლარზე მეტია.

„უნდა აღინიშნოს, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროები არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკურ ცენტრად იქცა. ის, ძირითადად, ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ხარჯზე იზრდება. ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან თავისუფალი ეკონომიკური შეთანხმება გვქონდეს. სამი რაუნდი გაიმართა და დღეს მოლაპარაკებები წარმატებით სრულდება. პროცესი გასული წლის სექტემბერში დაიწყო და ის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებით ბოლოვდება, რომელიც თავისუფალ ეკონომიკურ არეალს განსაზღვრავს. დოკუმენტი დაარეგულირებს საქონლის წარმოშობის საკითხებს, თავისუფალი ვაჭრობის საკითხებს, ფიტოსანიტარიულ ნორმებს და სხვა კომპონენტებს იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები წავახალისოთ.

2022 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო. ამ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 400 მილიონ დოლარზე მეტი იყო და წინა წელთან შედარებით, გაორმაგდა. 2023 წელი კიდევ უფრო ინტენსიური იქნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, 2003 წლიდან დღემდე, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოს ეკონომიკაში მილიარდ ასი მილიონი დოლარია ინვესტირებული.

„არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობაც მნიშვნელოვანია. 2003 წლიდან დღემდე, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან მილიარდ ასი მილიონი დოლარია საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებული. ეს ითვალისწინებს სასტუმრო ინდუსტრიას, მრეწველობას, სოფლის მეურნეობას და ა.შ. ამას ჩვენი სტრატეგიული შეთანხმება მომავალშიც ხელს შეუწყობს და ასევე, ხელს უწყობს ორი ქვეყნის ლიდერების მჭიდრო მეგობრული კავშირი. ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ორჯერ ესტუმრნენ საამიროებს. მიმდინარე წელს არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში უკვე დადასტურებულია.

მე იმედი მაქვს, რომ საემიროებიდან ინვესტიციებს უძრავი ქონების, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და წარმოების სხვადასხვა სფეროში ვიხილავთ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

Leave a comment