რუსები 2022 წელს საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაში ლიდერები გახდნენ. გასულ წელს საქართველოში უძრავი ქონების შეძენაში რუსების წილმა 86,32% შეადგინა, რაც, 2021 წელთან შედარებით, ოდნავ, 0,16%-ით მეტია, – ამის შესახებ BD-GROUP-ის კვლევაშია აღნიშნული, რომელსაც Lente.ru/Ленте.ру ციტირებს.
საქართველოში საცხოვრებელი სახლების ყველაზე აქტიურ მყიდველთა სიაში მეორე ადგილი დსთ-ის ქვეყნების კლიენტებმა დაიკავეს. მთლიან მოთხოვნებში მათი წილი 6,65%-ია, რაც 2021 წელთან შედარებით, 1,81%-ით ნაკლებია. ერთი წლის განმავლობაში დსთ-ის ქვეყნების კლიენტთა მოთხოვნების საერთო რაოდენობა 177%-მდე, თითქმის, გაორმაგდა.
BD-GROUP-ის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაზე გლობალური მოთხოვნა, 2021 წელთან შედარებით, 253,5%-ით გაიზარდა. ჯგუფის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კლიენტები ამ ქვეყანას კომფორტული კლიმატის, ბიზნესის დაწყების მარტივი სისტემისა და უცხოელებისთვის სამუშაო შეზღუდვების არარსებობის გამო ირჩევენ. ექსპერტებმა ყველაზე აქტიურ მყიდველებს შორის, რუსების გარდა, ბელარუსის, უკრაინის, ისრაელის, თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეები გამოარჩიეს. მათი თქმით, ამ ქვეყნებში საქართველო, როგორც საინტერესო საინვესტიციო ბაზარი, აქტიურად არის რეკლამირებული.
რუსები აქტიურად ყიდულობენ ბინებს ბათუმში. ძირითადი მოთხოვნა ახალ შენობებზეა.
BD-GROUP-ის ექსპერტებმა 2 თებერვალს, ასევე, დადეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ბიზნის ყიდვის საკითხში თურქეთში მყოფი რუსეთის მოქალაქეებიც გააქტიურდნენ. მიზეზად შემდეგი ფაქტორი სახელდება: თურქეთში მოქალაქეობისა და ბინადრობის ნებართვის ობიექტებზე მაღალი ფასებია. ამასთან, ბევრი რეგიონი დაკეტილია, ხოლო კიდევ ერთი მთავარი ფაქტორი განსხვავებული რელიგიაა.
“საქართველოში უძრავ ქონებაზე ფასები უფრო დაბალია. ამასთან, ქვეყანაში რუსებს შეუძლიათ, დღიური გაქირავებით დაკავდნენ, რისი შესაძლებლობაც თურქეთში არ არსებობს,” – განმარტავს BD-GROUP-ის დამფუძნებელი, დარია ბოროდინა.