Skip to content Skip to footer

სტანდარტის დაცვა ფერმერისთვის კომფორტის ზონიდან გამოსვლაა, სჭირდება ცოდნა და ფული – კოჭლამაზაშვილი

სტანდარტის დაკმაყოფილება ფერმერისთვის არის კომფორტის ზონიდან გამოსვლა, მოითხოვს დიდ ცოდნას და დიდი ინვესტიციას. იმისთვის რომ ქართველი ფერმერი ევროპის ბაზარზე გადაეწყოს, სჭირდება ცონდა და ფინანსები. ერთი მხრივ, ეს გამოწვაა, თუმცა, მეორეს მხრივ, შესაძლებლობაცაა,” – ეუბნება “აგრო სიახლეებს” რატი კოჭლამაზიშვილი, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.

მისი განმარტებით, დღეს ქართველ ფერმერთა უმეტესობა ევროპულ ბაზრებზე ვერ გადის. აგროექსპორტში ჯერ კიდევ მაღალია რუსეთის წილი, რაც დიდი რისკია. ბაზრების დივერსიფიცირება არის მნიშვნელოვანი.

კოჭლამაზიშვილის მტკიცებით, ნებისმიერ შემთხვევაში, სტანდარტების დაკმაყოფილება აუცილებელია, რითაც ადგილობრივ ბაზარსაც ხარისხიანი ნაწარმით მოვამარაგებთ და არც ექსპორტი გაგვიჭირდება.

მისივე განმარტებით, მთავარი პრობლემა, რასაც დღეს ქართველი ფერმერი ევროპაში აგროექსპორტისას აწყდება, არის მცირე მასშტაბის წარმოება.

რატი კოჭლამაზიშვილი მონაწილეობდა ISET-ის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის DCTA-ს მოთხოვნებთან დაახლოების თემაზე ჩატარებულ მრგვალ მაგიდაში, რომელსაც “აგრო სიახლეებიც” დაესწრო.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ასევე ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმაც, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ საქართველო DCFTA-ის პოტენციალს ვერ იყენებს მაშინ, როცა საქართველოდან დსთ-ს ქვეყნებში, რუსეთში, ყაზახეთში და ა.შ. აგროექსპორტის მაჩვენებლები მზარდია.

კვლევამ აჩვენა, რომ სოფლის მეურნეობის მიერ წარმოებული მშპ ნამდვილად გაზრდილია, თუმცა მხოლოდ პირველადი წარმოების ზრდის ხარჯზე და პრობლემა რჩება გასაღების ნაწილში.

ISET-ის წამყვანი ეკონომისტი, სალომე გელაშვილი, ასევე განმარტავს, რა ხარვეზებია სახელმწიფო მხარდამჭერ პროგრამებში, რაც ფერმერებისთვის DCFTA-ის შესაძლებლობებს ჯერ კიდევ აუთვისებლად ტოვებს.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომელიც უნდა გათვალისწინონ სახელმწიფო აგროპროექტების შედგენისას ასეთია: ირიგაციის პრობლემის დაძლევა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წყალუზრუნველყოფა, ასევე, მცირემიწიანობის, ანუ მიწების ფრაგმენტაციის საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა და, რაც მთავარია, განათლების დეფიციტის შევსება ფერმერებში სხვადასხვა ტრენინგებითა და სამეწარმეო უნარების სწავლების გზით.

შეგახსენებთ, დღეს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა დისკუსიას „რა გავლენა აქვს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს საქართველოს აგრო-ექსპორტზე ევროკავშირში?“ დისკუსიას “აგროგარემო Tv-იც” დაესწრო. შეხვედრაზე გასაჯაროვდა შედეგები კვლევის, რომელმაც DCFTA-ის 7 წლის თავზე შეაფასა სახელმწიფო დაფინანსების ეფექტიანობა ევროკავშირის ბაზარზე აგრო ექსპორტის ხელშეწყობაში.

კვლევის დეტალებს გაეცანით აქ ?

Leave a comment