გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი, ნელი კორკოტაძე, BMG-ს გადაცემა „რედაქტ2“-ში სტუმრობისას, ამბობს, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ახლა მუშაობს ტექნიკურ რეგლამენტზე, რომელიც მეორად ავტომობილებს ეხება.
მეორადი ავტომობილების რეგლამენტი, პირველ რიგში, ეხება მიტოვებულ ავტომობილებს.
„ძალიან ხშირად უვარგისი ავტომობილები გვხვდება მიტოვებული, რაც წლების განმავლობაში გარემოს აბინძურებს. რეგლამენტით განისაზღვრება, როგორ უნდა მოხდეს მეორადი ავტომობილების ამოღება, მისი ნაწილებად დაშლა, მერე რეალიზაცია, როგორ უნდა მოხდეს ნარჩენებიდან ნივთიერებების ამოღება, რომ ჩვენ ეს დავაბრუნოთ უკან, ეკონომიკაში და არ აღმოჩნდეს ნაგავსაყრელზე, რაც კიდევ უფრო რთული სამართავია, როცა ხევში ან სადმე სხვაგან აღმოჩნდება. ვფიქრობ, ეს არის რესურსი, რომელსაც არ ვუფრთხილდებოდით, ვყრიდით გარემოში, ვაბინძურებდით წყალს, ბუნებას და ჰაერს. ახლა ვფიქრობთ, რომ ეს ტექნიკური რეგლამენტები ახალ სიცოცხლეს შესძენს ნარჩენებს და ჩვენ ამ რესურსს გამოვიყენებთ“, – ამბობს კორკოტაძე.
რაც შეეხება, აღსრულებას, როგორ მოხდება გადამუშავება, სახელმწიფო ინსპექტორი განმარტავს, რომ ეს ბიზნესისთვის იქნება სრულიად ახალი შესაძლებლობა, მოიპოვოს ნედლეული და გადაამუშაოს. შეიქმნება ბიზნესი, რომელიც მოახდენს ნარჩენების რეციკლირება-გადამუშავებას.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი, ნელი კორკოტაძე, ამბობს, რომ შეფუთვის ნარჩენებთან დაკავშირებითაც გარკვეული პროექტი მზადაა, თუმცა მიდის ინტენსიური კომუნიკაცია, მათ შორის ჩართულ სექტორთან, მუნიციპალიტეტებთან და ა.შ.
ცნობისთვის, საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების 6 კანონქვემდებარე აქტიდან 4 ძალაში შევიდა. რეფორმის ფარგლებში, ნარჩენების მართვის ვალდებულება უკვე აქვთ ელექტრონული მოწყობილობების, ავტომობილის ზეთების, ბატარეებისა და აკუმულატორების იმპორტიორ კომპანიებს. დარჩენილი 2 რეგლამენტი, რომელიც მეორად ავტომობილებს და მოცულობით ყველაზე დიდ, შესაფუთ ნარჩენებს ეხება, რამდენიმე წელია დამტკიცების მოლოდინშია.
შეგახსენებთ, ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემებით, ევროპაში სატრანსპორტო სითბური გაზების ემისიათა 72%-ს ავტომობილები გამოყოფენ. სხვადასხვა ქვეყანა ავტომობილების ნაცვლად, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციისა და წახალისებისთვის სხვადასხვა ზომას მიმართავს.
მაგალითად, ცოტა ხნის წინ ესპანეთში, მადრიდის საქალაქო ელექტროველოსიპედები, BiciMad-ი უფასო გახდა. ცვლილება ძალაში 7 მარტიდან შევიდა და 31 მაისამდე მოქმედებს. ამით მადრიდის მერია იმედოვნებს, რომ მოსახლეობა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს ავტომობილებზე ხშირად გამოიყენებს. ველოსიპედით უფასო მგზავრობა დღეში შეუზღუდავი რაოდენობით არის შესაძლებელი. ერთადერთი შეზღუდვა ისაა, რომ მგზავრობის საერთო დრო 30 წუთს არ უნდა აღემატებოდეს.
მადრიდში სულ 7 500 ახალი ელექტროველოსიპედი და 611 სადგური მუშაობს.
ესპანეთში არაეკოლოგიური ავტომობილების ნაკლებად გამოსაყენებლად მოსახლეობის წამახალისებელი არაერთი ინიციატივა მოქმედებს. მაგალითად, მადრიდის მერია მსუბუქი ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების (ელექტროსკუტერის, ველოსიპედის, მოპედის, ელექტროძრავიანი მოტოციკლის) შესაძენად მოქალაქეებს ღირებულების 50%-მდე უნაზღაურებს.
პატარა ესპანურ ქალაქ სანტანდერსში 2021 წლიდან მერია ელექტროველოსიპედის შეძენის მსურველ მოქალაქეებს 350 ევროს უხდის. იმავე წლიდან ფრანგები ელექტროველოსიპედის შესაძენად და თავიანთი ძველი, არაეკოლოგიური მანქანების უტილიზაციის სანაცვლოდ, ხელისფლებისგან 2 500 ევროს იღებენ.
ქვეყნის მთავრობის მიზანია, 2030 წლისთვის სითბური გაზების ემისიები 40%-ით შემცირება.