Skip to content Skip to footer

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის ბოლომდე მელიორაცია-ირიგაცია სრულ რეგულირებაში მოექცევა. 2024 წლიდან კი, სექტორში ახალი ტარიფები დადგინდება.

ერთადერთი კომპანია, რომელიც ამ სექტორში ოპერირებს 100%-თ სახელმწიფო საკუთრებაა. ესაა „საქართველოს მელიორაცია“, რომელიც 40 ათასამდე მომხმარებელს ემსახურება და 70 ათას ჰექტარ მიწის ნაკვეთს სარწყავი წყლით უზრუნველყოფს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ტარიფები 10 წელზე მეტია უცვლელია და რეალობას ვერ პასუხობს. „საქართველოს მელიორაცია“ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელთან, „სემეკთან“, ერთად, ახალ სატარიფო პოლიტიკაზე მთელი 2022 წლის განმავლობაში მუშაობდა. შემუშავებულია ტარიფმდგენი ტექნოლოგიაც და ელიან, რომ საოპერაციო ხარჯები სრულად თვითუზრუნველყოფილი გახდება მელიორაციის მიერ.

დღევანდელი ტარიფი 75 ლარია 1 წლის განმავლობაში ჰექტარზე. ამჟამად წყლის გადასახადს ერთნაირად იხდის ყველა ფერმერი მაშინ როცა მათ სხვადასხვა კუბატურის და სხვადასხვა ტიპის წყალი სჭირდებათ. ზოგს, მაგალითად, სათევზე მეურნეობებს,ჰესებს, ტბორებს,  ტექნიკური წყალი ესაჭიროებათ. იგეგმება მათი დივერსიფიცირება, რასაც სემეკ-ი სატარიფო დათვლის ახალ მეთოდოლოგიაში გაითვალისწინებს.

შეგახსენებთ,  2023 წლის საქართველოს მელიორაციის ბიუჯეტი 65 მლნ ლარს შეადგენს.

Leave a comment