Skip to content Skip to footer

ფქვილზე საიმპორტო გადასახადი წესდება

საქართველოს მთავრობა იმპორტირებულ ფქვილზე დროებით, 5 თვის ვადით, საიმპორტო საფასურის აწესებს, რომელიც ძალაში, სავარაუდოდ, 10ი ივნისიდან შევა. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება.

უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მარცვლეულის, ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების და პურის მრეწველთა კავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მინისტრმა ოთარ შამუგიამ ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და, შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფქვილის იმპორტზე დაწესდება დამატებითი საფასური, რაც წისქვილკომბინატების მუშაობას კონკურენტუნარიანს გახდის. მთავარი ამოცანა არის, რომ პურზე ფასები შენარჩუნდეს. ყველას მხარესთან შეჯერებული გვაქვს ეს პოზიციები”, – ამბობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიც ადასტურებენ, რომ გადაწყვეტილება შეჯერებული პოზიციაა და არსებულ ვითარებას ისე დაარეგულირებს, რომ პურის ფასი არ გაიზრდება.

“მინდა ყველა დავამშვიდო, მივედით იმ შეთანხმებამდე, რომ პური არ გაძვირდება. ისეთი ოდენობაზეა განსაზღვრული ფქვილის ღირებულება, რომ არსებული ფასები არ გაიზარდოს”, – განაცხადა პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ.

გადაწყვეტილებით კმაყოფილია მარცვლეულის ასოციაციაც.

“ფქვილზე დამატებითი საფასური ხორბალს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, შესაბამისად, დაიწყება ხორბლის იმპორტი. ამუშავდება წისქვილი და ფერმერები შეძლებენ პროდუქციის – როგორც ძველი, ასევე ახალი მოსავლის გაყიდვას”, – ამბობს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე.

იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო საფასურის დაწესების თაობაზე შესაბამის დადგენილებას მთავრობა უახლოეს მთავრობის სხდომაზე მიიღებს.

რუსულ ხორბალზე საბაჟო გადასახადის ზრდის გამო საქართველოში წისქვილები გაჩერდნენ. რა პრობლემები შექმნა ამან, დეტალებს გაეცანით აქ ?

Leave a comment