პარლამენტში „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდა.
კანონპროექტის დეტალებს დეპუტატი, ხატია წილოსანი განმარტავს. მისი თქმით, ეს კანონდათქმა სავაჭრო ობიექტებს შესაძლებლობას აძლევთ, სურსათის ბანკს/საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცენ ჭარბი სურსათი, რომლის რეალიზაცია აღარ ხდება, თუმცა ადამიანის მოხმარებისთვის ვარგისი და უსაფრთხოა. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ძირითადი სამიზნე სასურსათო მაღაზიებია, დაბალი რისკის, მშრალი პროდუქციის სურსათის ბანკებისთვის გადაცემას კვების ობიექტები და რიგითი მოქალაქეებიც შეძლებენ.
ცვლილებებით გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათები: შემოწირულობის სახით გაცემული სურსათი დღგ-თი (15%) და მოგების გადასახადით (18%) აღარ დაიბეგრება, როგორც ეს დღეს ხდება. კანონპროექტის ინიციატორები მოელიან, რომ კერძო სექტორს ჭარბი სურსათის შეწირულობის მოტივაციას გაუჩენს.
„გარკვეული კატეგორიის პროდუქციაზე არსებობს ეტიკეტირების მეორე წესიც, რომელიც გულისხმობს, რომ პროდუქტი უმჯობესია გამოყენებულ იქნას კონკრეტულ თარიღამდე, მაგალითად, ყავა, ჩაი, ბურღულეული და ა. შ. ეს პროდუქტები თავიანთ კვებით ღირებულებას არ კარგავენ, უბრალოდ ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები უსუსტდებათ. ასევე, ხშირად ხდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პროდუქტს შეფუთვა უზიანდება და იხსნება მაღაზიის თაროდან. სწორედ ამგვარი პროდუქტების შეწირულობას შეეხება კანონპროექტი“, – ამბობს წილოსანი და ამ კანონპროექტის სიკეთეებზე საუბრისას იშველიებს 2021 წლის მონეცემს, რომლის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში ნაგავსაყრელზე 600 000 ტონა სურსათის ნარჩენი მოხვდა.
“ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია მაშინ, როდესაც ბევრ ადამიანს სჭირდება უსაფრთხო და უვნებელ სურსათზე წვდომა,” – ამბობს დეპუტატის წილოსანი.