Skip to content Skip to footer

წელს ტყის აღდგენა 1500 ჰა ფართობზეა დაგეგმილი

ტყის კოდექსმა ჩამოაყალიბა ტყის მდგრადი მართვის მნიშვნელოვანი პრინციპები. ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს საქმიანი ეზოების მოწყობა იმისთვის, რომ ეტაპობრივად დაინერგოს ხე-ტყის დამზადებისა და სატყეო მეურნეობის წარმოების მდგრადი სისტემა, – ამის შესახებ მან პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა.

მისი თქმით, 2023 წლის მდგომარეობით, მოწყობილია 40-მდე საქმიანი ეზო. დამატებით, წლის ბოლომდე, დაგეგმილია 20-მდე ახალი საქმიანი ეზოს მოწყობა.

„საქმიანი ეზოების“ ჩამოყალიბება და ხე-ტყის მდგრადად მართვის მექანიზმების დანერგვა, სპეციალისტების გადამზადება და ამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, არის უმთავრესი წინაპირობა სატყეო სექტორის რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში პირველად ჩატარდა ტყის ეროვნული აღრიცხვა; შედეგად, მომზადდა ანგარიში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ.

მინისტრის ინფორმაციით, 2023 წელს, ტყის აღდგენა 1500 ჰა ფართობზეა დაგეგმილი. ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებების მასშტაბების გაზრდის და სამუშაოებში საზოგადოების მაქსიმალურად ჩართვის უზრუნველსაყოფად, შემუშავდა მოხალისეობრივი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც, ფიზიკური და იურიდიული პირების მხარდაჭერით, იგეგმება ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება. 2030 წლამდე, ჯამში, ტყის აღდგენის ღონისძიებები 15000 ჰა ფართობზე განხორციელდება.

ოთარ შამუგიამ გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ კვლავ გამოწვევად რჩება ტყით უკანონო სარგებლობა.

„2023 წელს, ტყის დაცვის ფუნქციის გაძლიერების და სატყეო კანონმდებლობის შეუფერხებლად აღსრულების მიზნით, გაიზარდა ტყის მცველების რაოდენობა; დღეისათვის, ჯამში, საქართველოს ტყის რესურსების დაცვას 500 ტყის მცველი ემსახურება“, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, სოციალური ჭრის სისტემის გაუქმება 2026 წლის აინვრამდე გადავადდა. რა არის და როგორ მუშაობს საქმიანი ეზო? რა როლი აქვს ტყეს ეკოლოგიასა და კლიმატის ცვლილების საკითხში, რა სიახლე შემოიტანა კოდექსმა, რომელიც ტყის მდგრადი მართვა უნდა განაპირობოს? რამდენად წარმატებულია ტყის რეფორმა, რომელმაც მისი დეგრადაცია უნდა შეაჩეროს? დეტალები გაიგეთ აქ ?

Leave a comment