Skip to content Skip to footer

ეკოლოგიური განგაში წალკის წყალსაცავში – რატომ დაიხოცა ტონობით თევზი ამ დრომდე უცნობია, არც ბიოლოგიური ნარჩენების გატანას ჩქარობენ

ქვემო ქართლში, წალკის წყალსაცავის სანაპიროზე, უკვე დღეებია ასობით დახოცილი თევზი ირიყება. ტერიტორიაზე მძაფრი სუნი დგას, ხოლო მიზეზი, რომელმაც თევზების მასობრივი დაღუპვა გამოიწვია, ამ დრომდე უცნობია. ადგილობრივები ტერიტორიის დასუფთავებას ითხოვენ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნიმუშები რამდენიმე დღის წინ აიღო, თუმცა ლაბორატორიული დასკვნა ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა. გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტერიტორიის დახოცილი თევზისგან გაწმენდა მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობაა. თავის მხრივ, წალკის მერის მოადგილე ფეოხარ პარასკოვი ამბობს, რომ შესაბამის გადაწყვეტილებას კვლევების დასრულების შემდეგ მიიღებენ.

ერთ-ერთ სავარაუდო ვერსიად სპეციალისტები წყალსაცავში ეუტროფიკაციის პროცესს განიხილავენ. მათი შეფასებით, წყალსატევში ჟანგბადის დეფიციტი შესაძლოა წყალმცენარეების ჭარბმა განვითარებამ და წყლის დაჭაობების პროცესმა გამოიწვია, რაც დამდგარი წყლისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. მაღალი ტემპერატურისა და მზიანი დღეების ფონზე წყალში ჟანგბადის ბალანსი ირღვევა, რის შედეგადაც თევზს სიცოცხლისთვის აუცილებელი ჟანგბადი აღარ ჰყოფნის. თუმცა სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი სავარაუდო ვერსიაა და საბოლოო დასკვნების გაკეთება მხოლოდ ლაბორატორიული კვლევების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

პარალელურად, ეკოლოგები ვითარებას საგანგაშოდ აფასებენ და აცხადებენ, რომ ლპობადი თევზის ღია სივრცეში დატოვება საფრთხეს უქმნის გარემოს, წყალსაცავის ეკოსისტემას, ცხოველებს, ფრინველებსა და ადამიანების ჯანმრთელობას.

ვინ არის პასუხისმგებელი შექმნილ ვითარებაზე? რატომ ჭიანურდება კვლევის შედეგების გამოქვეყნება? რას აჩვენებს ადგილზე გადაღებული ექსკლუზიური კადრები? და რა ვერსიებს განიხილავენ სპეციალისტები თევზების მასობრივი დახოცვის მიზეზებთან დაკავშირებით?

🐟 რა ხდება წალკის წყალსაცავში? – „აგროგარემო TV“ წალკის წყალსაცავიდან ექსკლუზიური კადრებით, ექსპერტების შეფასებებით და პასუხგაუცემელი კითხვებით.