Skip to content Skip to footer

თხილის ბაღები ხმება, სექტორი მოსავლის კლებას პროგნოზირებს – სამეცნიერო კვლევის ცენტრი კულტურის ხმობის მიზეზებს 2023 წლიდან სწავლობენ

დასავლეთ საქართველოში თხილის ბაღების ხმობა გრძელდება და სულ უფრო სერიოზული პრობლემა ხდება. განსაკუთრებით ხშირად შემთხვევები სამეგრელოსა და გურიაში ფიქსირდება. კერძო სექტორის ინფორმაციით, ბოლო წლებში ხმობის შედეგად დაახლოებით 7 ათას ჰექტარზე თხილის ბაღებია დაზიანებული.

თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ საუბარი მხოლოდ ერთ დაავადებაზე არ არის. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი თხილის უეცარი, ანუ სწრაფი ხმობის მიზეზებს 2023 წლიდან სწავლობს. კვლევებით გამოვლენილია ბაქტერიული კიბოსა და ბაქტერიული სიდამწვრის ნიშნები. დასუსტებულ მცენარეს ხშირად სოკოვანი დაავადებებიც ემატება, მათ შორის ვერტიცილიოზი. პროცესს კი ხელს უწყობს კლიმატური სტრესი, გვალვა ან ჭარბტენიანობა, ნიადაგის მაღალი მჟავიანობა და მცენარის არასათანადო მოვლა.

დაავადების დროს ფოთლები ყვითლდება და ჭკნება, ტოტებზე ჩნდება ნახეთქები, ზიანდება მცენარის გამტარი ქსოვილები და მძიმე შემთხვევაში მთელი ბუჩქი ხმება. პირველადი კვლევებით, პრობლემის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა ტონდა ჯიფონის, ანუ იტალიური და ასევე ანაკლიურის ჯიშები.

სპეციალისტების რეკომენდაციით, დაავადებასთან ბრძოლა კომპლექსურ მოვლას მოითხოვს: ნიადაგის ანალიზსა და მჟავიანობის მოწესრიგებას, სწორ განოყიერებას, დრენაჟის გამართვას, დაავადებული ტოტების მოცილებასა და განადგურებას, სამუშაო იარაღების დეზინფექციას და შესაბამის პერიოდებში სპილენძის შემცველი პრეპარატებით დამუშავებას. ძლიერ დაზიანებული და მთლიანად გამხმარი მცენარის შემთხვევაში კი მისი ამოძირკვა ხდება საჭირო.

თხილის კიდევ ერთი ძველი მტერი აზიური ფაროსანაა.

ამ ფონზე, 2026 წლიდან დასრულდა თხილის წარმოების ხელშეწყობის ცალკე სახელმწიფო პროგრამა. 2023-2025 წლებში 0.2-დან 3 ჰექტრამდე თხილის ბაღის მფლობელები ყოველ ჰექტარზე 500 ლარის ეკვივალენტ დახმარებას იღებდნენ. თანხა სწორედ თხილის მოვლისთვის საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესაძენად იყო განკუთვნილი. სამი წლის განმავლობაში პროგრამაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 68 მილიონი ლარი დაიხარჯა.

მთავრობა პროგრამის დასრულებას იმით ხსნის, რომ ის თავდაპირველად დროებითი, ერთწლიანი დახმარება იყო, რომელიც საბოლოოდ სამი წლის განმავლობაში გაგრძელდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ამ ეტაპზე თხილის სექტორისთვის ცალკე სუბსიდირების პროგრამის აღდგენა არ იგეგმება.

სეზონის დასაწყისში სექტორი 50 ათას ტონამდე მოსავალს ელოდა, მაგრამ მოსავლის აღების პროცესში უკვე გაჩნდა მნიშვნელოვნად უფრო დაბალი შედეგის მოლოდინი. საუბარია მოსავლის 10%-იან კლებაზე. მიზეზებად უამინდობა, შეწამვლის დაგვიანება, ფაროსანა და სხვა მავნებლებით დაზიანება სახელდება. ზუსტი მოცულობა, მისი თქმით, თხილის გაშრობისა და გადარჩევის შემდეგ გამოჩნდება.

თხილი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო აგროპროდუქტია. მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში ქვეყნიდან თითქმის 78 მილიონი დოლარის ღირებულების, 7 ათას 600 ტონაზე მეტი თხილი გავიდა. სწორედ ამიტომ კულტურის დაავადება და ბაღების ხმობა მხოლოდ ცალკეული ფერმერების პრობლემა აღარ არის, ის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალსაც ეხება.