Skip to content Skip to footer

მინისტრს მეტი, პენსიონერს რამდენიც გამოვა – პენსია, ხელფასები და უთანასწორობის ქართული ფორმულა

2027 წლის ბიუჯეტის პროექტში 70 წლამდე პენსიონერებისთვის თავდაპირველად მხოლოდ 20-ლარიანი მატება იყო გათვალისწინებული. გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მოქმედი კანონმდებლობით რიგითი დეპუტატის ხელფასი მომავალი წლიდან 1 080 ლარით უნდა გაზრდილიყო.

12 ოქტომბერს მთავრობამ პენსიის ზრდის ოდენობა 45 ლარამდე გაზარდა. შედეგად, მომავალი წლიდან 70 წლამდე პენსიონერი 415 ლარს მიიღებს.

გადაწყვეტილება 16 ოქტომბრისთვის დაგეგმილი პენსიონერების საპროტესტო აქციის წინ გამოცხადდა. არსებობს მოსაზრება, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე

ამანაც იმოქმედა.

ასეა თუ ისე, მიზეზს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, პენსია გაიზარდა, მაგრამ დღის წესრიგიდან არ მოხსნილა საკიტხი, რამდენად უზრუნველყოფს თუნდაც გაზრდილი პენსია  ღირსეულ სიბერეს?

Moorepay-ის კვლევით, საქართველოში საშუალო პენსია ერთი ადამიანის ცხოვრების ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავდა, ქირის გარეშეც. ეს შესწავლილ 39 ევროპულ ქვეყანაში

 პენსიას სოფლად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აქ  დასაქმების შესაძლებლობები შეზღუდულია, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი სეზონურ და არასტაბილურ შემოსავალზეა დამოკიდებული. ასეთ პირობებში პენსია ხშირად ოჯახის ერთადერთი გარანტირებული ყოველთვიური შემოსავალია, რომლითაც არა მხოლოდ ხანდაზმული ადამიანები, არამედ მათი შვილები და შვილიშვილებიც სარგებლობენ. ამიტომ პენსიის სიმცირე სოფლად მხოლოდ ერთი ადამიანის კი არა, ხშირად მთელი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება.

მართალია ხელისუფლებამ პენსიების ზრდისთვის ბიუჯეტიდან რესურსი გამონახა,  128 მილიონი ლარის, თუმცა ევროპული გამოცდილება აჩვენებს, რომ სოციალური პოლიტიკის შეფასებისას მხოლოდ მატების ოდენობა არ კმარა. მნიშვნელოვანია, რეალურად რამდენის შეძენა შეუძლია პენსიონერს თავისი შემოსავლით. 

ისიც დამაფიქრებელია, რამდენად თანაბრადან, არათანაბრად, იზრდება ქვეყანაში პენსიონერებისა და მაღალი თანამდებობის პირების შემოსავლები?  მოგიყვანთ ერთ მაგალითს. საქართველოში დეპუტატის დარიცხული ხელფასი 70 წლამდე პენსიონერის პენსიას 34.6-ჯერ აღემატება, გერმანიაში კი ბუნდესტაგის დეპუტატის ანაზღაურება სტანდარტულ პენსიას დაახლოებით 6.2-ჯერ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს აცხადებს, რომ მეტს ვეღარაფერს გაზრდის, რადგან სოციალური ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის მესამედს უკვე აღემატება და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციების ზღვარზეა. მისი მტკიცებით, დამატებითი სოციალური ხარჯები ეკონომიკურ  ზრდას შეანელებს, ინფლაციას წაახალისებს და საბოლოოდ თავად პენსიონერებსაც დააზარალებს. სამაგიროდ, სხვა არგუმენტი აქვს პრემიერს მინისტრების მაღალი ანაზღაურების დასაცავად. მისი თქმით, მინისტრები ხელზე დაახლოებით 12 ათას ლარს იღებენ და მათთვის ხელფასის შემცირება კორუფციისკენ ბიძგი იქნება. კობახიძე ამტკიცებს, რომ მსგავსი პასუხისმგებლობის თანამდებობაზე კერძო სექტორში ანაზღაურება გაცილებით მაღალი იქნებოდა. ამასთან, პრემიერის განმარტებით, ყველა სახელმწიფო თანამდებობის პირის ხელფასის გაუქმების შემთხვევაშიც კი პენსია სამ ლარზე ნაკლებით გაიზრდებოდა.

ცხადია, მაღალი პასუხისმგებლობის თანამდებობაზე კონკურენტული ანაზღაურება კორუფციის პრევენციის ერთ-ერთი მექანიზმია. თუმცა ჩნდება კითხვა: სად გადის ზღვარი ღირსეულ ანაზღაურებასა და კორუფციის თავიდან აცილების აუცილებლობას შორის? თუ დაბალი ხელფასი მინისტრისთვის კორუფციის რისკს ქმნის, იგივე არგუმენტი რატომ არ უნდა ვრცელდებოდეს სხვა საჯარო მოსამსახურეებზეც? მასწავლებელზე, ექიმზე, სოციალურ მუშაკზე ან ნებისმიერ ადამიანზე, რომელსაც თავისი შრომის ანაზღაურება ელემენტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად არ ჰყოფნის?

რა გამოდის, როცა მინისტრს ხელფასი არ ჰყოფნის, სახელმწიფომ უნდა გაუზარდოს, რათა კორუფციისკენ არ უბიძგოს, ხოლო როცა სხვა პროფესიის წარმომადგენელს არ ჰყოფნის, მან რა უნდა ქნას?

და ბოლოს, თუ არასაკმარისი ხელფასი კორუფციისკენ ბიძგია, როგორია სახელმწიფოს პასუხი იმ ათასობით ადამიანისთვის, რომელთა ანაზღაურებაც მათ საჭიროებებს ვერ ფარავს?

კორუფციის თავიდან აცილება მხოლოდ მაღალი ხელფასის საკითხია თუ, უპირველესად, კეთილსინდისიერების, ანგარიშვალდებულებისა და კანონის აღსრულების?