Skip to content Skip to footer

რუსული ბაზრის ხაფანგი და ემბარგოს გაკვეთილი, რომელიც ვერ ვისწავლეთ – რა ფასი აქვს არასაიმედო ბაზარზე დამოკიდებულებას?

რუსეთმა ქართული ღვინისა და სასმელების ნაწილის იმპორტი და რეალიზაცია აკრძალა. შეზღუდვა შეეხო „თელიან ველს“, „თბილღვინოს“, „ასკანელ ძმებს“, „ვაინმენს“, „ქართული ლუდის კომპანიას“, მინერალურ წყალს „ნაბეღლავსა“ და საქართველოში წარმოებულ „კოკა-კოლას“.

რუსეთის სანიტარული სამსახური გადაწყვეტილებას პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობით ხსნის. თუმცა ამ განმარტებას არ ეთანხმებიან ქართული კომპანიების წარმომადგენლები. „თბილღვინოს“ აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ მარგველაშვილი ხარისხთან დაკავშირებულ ბრალდებას გამოგონილს უწოდებს. მისი განცხადებით, კომპანია გარკვეულ დანაკარგს მიიღებს, თუმცა რუსულ ბაზარზე დაბალი დამოკიდებულების გამო მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალის მოლოდინი არ აქვს.

ეკონომისტები კი შეზღუდვებში პოლიტიკური ზეწოლის ნიშნებს ხედავენ. მათი შეფასებით, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს საქართველოს მიმართ გავლენის ერთ-ერთ ბერკეტად იყენებს.

საქართველოს მსგავსი გამოცდილება უკვე აქვს. 2006 წელს რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტი აკრძალა. ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ დაბრუნდა.

მიუხედავად ამ გამოცდილებისა, ოცი წლის შემდეგაც ქართული ღვინის მთავარი მყიდველი ისევ რუსეთია. მეტიც, ჩვენი ქვეყნის ცალკეული აგრარული დარგები რუსულ ბაზარზე ღვინის სექტორზე მეტადაც არიან დამოკიდებული.

მაგალითად, 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ექსპორტირებული ვაშლის 95 პროცენტზე მეტი რუსეთში გაიყიდა. მიმდინარე წლის მაისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე ექსპორტზე გასული 22 800 ტონა ატმისა და ვაშლატამას თითქმის 94 პროცენტი, ანუ 21 468 ტონა, ასევე რუსეთში გაიყიდა.

არანაკლებ საყურადღებოა მანდარინის მაგალითი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2025 წელს ქართული მანდარინის ექსპორტის 75 პროცენტი რუსეთზე მოდიოდა, 22 პროცენტი კი სომხეთზე.

რუსეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარია ქართული მწვანილისთვისაც. ამასთან, რუსეთში იყიდება ქართული ხურმა და კარალიოკი.

რუსეთზე მაღალი დამოკიდებულება აქვს მინერალური და მტკნარი წყლების სექტორსაც. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ უცხოეთში 185 მილიონი ლიტრი მინერალური და მტკნარი წყალი გაყიდა, 127 მილიონ 400 ათასი დოლარის ღირებულებით. აქედან 100 მილიონ 700 ათასი ლიტრი, ანუ მთლიანი ექსპორტის 54,4 პროცენტი, რუსეთში გავიდა.

ეს ნიშნავს, რომ რუსული ბაზრის შესაძლო შეზღუდვა მხოლოდ ღვინის მსხვილი კომპანიების პრობლემა არ არის. განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდნენ ვაშლის, ატმისა და ციტრუსის მწარმოებელი ფერმერები, რომელთა შემოსავალი დიდწილად ექსპორტზეა დამოკიდებული.

პრობლემას მეორე მხარეც აქვს. საქართველო რუსეთზე მხოლოდ ექსპორტით არ არის დამოკიდებული. ამ ქვეყნიდან შემოგვაქვს ხორბალი, ფქვილი, მზესუმზირის ზეთი და სხვა სასურსათო პროდუქცია. 2026 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული ხორბლის დაახლოებით 92 პროცენტი, ფქვილის 98,5 პროცენტი, ხოლო მზესუმზირის ზეთის 70 პროცენტზე მეტი სწორედ რუსეთზე მოდიოდა.

შესაბამისად, სავაჭრო ურთიერთობების შესაძლო შეფერხება მხოლოდ ექსპორტიორების შემოსავლებს არ უქმნის საფრთხეს. რუსეთზე იმპორტდამოკიდებულება ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების საკითხიცაა.

და ეს ყველაფერი ხდება იმ სახელმწიფოსთან ეკონომიკური ურთიერთობების პირობებში, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული აქვს.

რუსული ბაზარი ბიზნესისთვის დიდი და გეოგრაფიულად ახლოა, თუმცა ამ ბაზარზე მაღალი კონცენტრაცია ეკონომიკურ რისკსაც ნიშნავს. ერთმა გადაწყვეტილებამ შეიძლება გაყიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი შეაჩეროს, დააზარალოს საწარმოები, შეამციროს ფერმერების შემოსავლები და პრობლემები შეუქმნას მთლიან დარგს.

რა თქმა უნდა, რუსეთში ვაჭრობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ ბიზნესი არასწორად მოქმედებს. თუმცა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ ის უნდა იყოს, რომ მეწარმეს ალტერნატიული ბაზრების ათვისებაში დაეხმაროს და მისი საქმიანობა ერთი ქვეყნის გადაწყვეტილებებზე ნაკლებად იყოს დამოკიდებული.

ამ მხრივ საინტერესოა დაფნის მაგალითი. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ქართული დაფნის ექსპორტის 69 პროცენტი ჩინეთში გავიდა, რუსეთში კი მხოლოდ 17 პროცენტი. ეს აჩვენებს, რომ ქართული აგრარული პროდუქციისთვის რუსეთის გარდა სხვა მსხვილი საექსპორტო ბაზრებიც არსებობს. თუმცა ერთ ბაზარზე მეორით დამოკიდებულების ჩანაცვლება სრულფასოვანი დივერსიფიკაცია არ არის.

ყველაზე ნათლად რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების მასშტაბს ღვინის ექსპორტის უახლესი სტატისტიკა აჩვენებს.

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ უცხოეთში 163 მილიონ 600 ათასი დოლარის ღირებულების 52 419 ტონა ღვინო გაყიდა. აქედან 34 898 ტონა, 102 მილიონ 200 ათასი დოლარის ღირებულებით, რუსეთში გავიდა.

ანუ ქართული ღვინის ექსპორტის თითქმის 67 პროცენტი მოცულობით და 62,5 პროცენტი ღირებულებით სწორედ რუსულ ბაზარზე მოდის.

რუსეთის შემდეგ ყველაზე მსხვილი მყიდველები პოლონეთი, უკრაინა და ჩინეთი არიან, თუმცა მათი წილი რუსეთთან შედარებით გაცილებით მცირეა.

რატომ ვერ შეძლო საქართველომ წლების განმავლობაში საექსპორტო ბაზრების ისეთი დივერსიფიკაცია, რომელიც ბიზნესს ერთი ქვეყნის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე ნაკლებად დამოკიდებულს გახდიდა? როდესაც ოკუპანტი სახელმწიფო შენი ღვინის თითქმის ორ მესამედს, მინერალური და მტკნარი წყლების ნახევარზე მეტს, ვაშლისა და ატმის 90 პროცენტზე მეტს, მანდარინის კი სამ მეოთხედს ყიდულობს, პრობლემა მხოლოდ ვაჭრობა აღარ არის. ეს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხიც ხდება.