Skip to content Skip to footer

რას თმობს სახელმწიფო 6.6-მილიარდიანი პროექტისთვის? – უპრეცედენტო ინვესტიცია თუ უპრეცედენტო რისკი? მილიარდიანი პროექტის ფარული ფასი

6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, ათასობით სამუშაო ადგილი, ახალი საცხოვრებელი და ტურისტული სივრცეები – ასე წარადგენს ხელისუფლება Eagle Hills-ის პროექტს, რომელიც თბილისსა და გონიოში უნდა განხორციელდეს.

მაგრამ მრავალმილიარდიანი დაპირების მიღმა რჩება კითხვები, რომლებზეც საზოგადოებას დღემდე სრულყოფილი პასუხი არ აქვს: რა დათმო სახელმწიფომ ამ პროექტისთვის? რა რეალური ეკონომიკური სარგებელი რჩება საქართველოს? რა მოხდება, თუ პროექტის ფინანსური გათვლები არ გამართლდება? და ყველაზე მთავარი, რატომ იყო პროექტის ადგილმდებარეობა ფაქტობრივად შერჩეული მანამდე, სანამ გარემოსდაცვითი შეფასების პროცესი დასრულდებოდა?

რა არ ვიცით, სად არის წინააღმდეგობები და რა უნდა დაამტკიცოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ 6.6 მილიარდი დოლარის დაპირება რეალურ საზოგადოებრივ სარგებლად ჩაითვალოს.

„გონიო-კრწანისის დაცვის საორგანიზაციო ჯგუფის“ მიერ მომზადებული შენიშვნები Eagle Hills-ის კრწანისის პროექტზე აჩვენებს, რომ პრობლემა მხოლოდ გარემოს დაცვას არ ეხება. საკითხი ერთდროულად ეკონომიკურ, სამართლებრივ და სახელმწიფო ინტერესების რისკებსაც მოიცავს.

1. პროექტის ადგილმდებარეობა, როგორც ჩანს, გარემოსდაცვითი შეფასების დაწყებამდე იყო შერჩეული

დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ასეთია: სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება უნდა ტარდებოდეს მაშინ, როდესაც რეალური ალტერნატივები ჯერ კიდევ ღიაა. მათ შორის უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ „როგორ აშენდეს“, არამედ „უნდა აშენდეს თუ არა“ და „სად უნდა აშენდეს“.

ავტორები მიუთითებენ, რომ ჯერ კიდევ 2025 წლის 27 იანვარს მთავრობის განცხადებაში თბილისი და გონიო უკვე სახელდებოდა პროექტის ადგილმდებარეობებად და ნათქვამი იყო, რომ მათი წინასწარი შესწავლა და შეფასება დასრულებული იყო. მოგვიანებით ხელისუფლების სხვა განცხადებებშიც საუბარია უკვე შერჩეულ ლოკაციებზე. Green Alternative

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: თუ ლოკაცია უკვე პოლიტიკურ და კომერციულ დონეზე შეთანხმებულია, სგშ-ში სხვა ადგილების განხილვა შეიძლება ფორმალურ პროცედურად იქცეს და არა რეალურ არჩევანად.

2. პროექტის ალტერნატივები პრაქტიკულად უკვე შერჩეული ტერიტორიის შიგნით განიხილება

დოკუმენტის ავტორების შეფასებით, წარმოდგენილ სკოპინგში აქცენტი კეთდება სიმჭიდროვის, ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიისა და განაშენიანების ფორმებზე, მაგრამ სათანადოდ არ განიხილება ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ალტერნატივა:

საერთოდ განხორციელდეს თუ არა ასეთი პროექტი ამ სივრცეში და არსებობს თუ არა სხვა ტერიტორია.

ისინი მოითხოვენ, მაგალითად, განხილულ იქნეს ყოფილი სამრეწველო ტერიტორიები თბილისთან, რუსთავთან ან გარდაბანში და ასევე კრწანისის ტყე-პარკის აღდგენა, როგორც რეალური „ნულოვანი ალტერნატივა“.

3. საინვესტიციო ხელშეკრულება და აქციონერთა შეთანხმება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 22 ოქტომბერს მთავრობამ მოიწონა საინვესტიციო ხელშეკრულება და აქციონერთა შეთანხმება, თუმცა ისინი საჯარო არ არის.

ოფიციალურად ცნობილია მხოლოდ ზოგადი ჩარჩო: ეკონომიკის სამინისტროს მიხედვით, თბილისისა და გონიოს ორი პროექტის საერთო ღირებულება 6.6 მილიარდი დოლარია, ხოლო საქართველო ერთობლივ კომპანიაში 33%-იან წილს ფლობს.

აქედან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჟურნალისტური კითხვა გამოდის:

რის სანაცვლოდ მიიღო სახელმწიფომ 33% და ზუსტად რა ვალდებულებები აიღო საკუთარ თავზე?

საჯარო ხელშეკრულების გარეშე ვერ ვხედავთ მიწის შეფასების მეთოდს, ინფრასტრუქტურულ ვალდებულებებს, მოგების განაწილებას, შესაძლო გარანტიებს, პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში პასუხისმგებლობას და სხვა არსებით პირობებს.

4. სახელმწიფო მიწა კომპანიას დროებით უსასყიდლო უზუფრუქტით გადაეცა

დოკუმენტში მითითებულია მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის №453 განკარგულება, რომლის მიხედვითაც საპროექტო არეალში სახელმწიფო მიწა Eagle Hills Georgia-ს ორი წლით უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაეცა. ავტორები წერენ, რომ თავად აქტიც საჯაროდ გამოქვეყნებული არ იყო.

ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო მიწა საბოლოოდ უსასყიდლოდ გაასხვისა, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა საქმიანობის უფლება მისცა ამ უზუფრუქტმა კომპანიას და რა პირობებით.

5. მიწაზე სანიტარული ჭრის საკითხი წარმოიშვა საბოლოო ნებართვების მიღებამდე

დოკუმენტში წერია, რომ კომპანიამ 2026 წლის აპრილში სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართა და გარდაბნის ტერიტორიაზე უსასყიდლო უზუფრუქტით მიღებულ მიწაზე ტყის სანიტარული ჭრის ჩატარებაზე თანხმობა მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ავტორების თქმით, იმ მომენტში ყველა აუცილებელი საქმიანობის ნებართვა ჯერ არ ჰქონდა მიღებული. Green Alternative

აქ მნიშვნელოვანია ცალკე შემოწმება: ზუსტად რა რაოდენობის ხეებს ეხებოდა თანხმობა, რა მდგომარეობაში იყვნენ ისინი და რეალურად დაიწყო თუ არა ჭრა.

6. ტერიტორია ადრე სხვა სახელმწიფო ხედვის ნაწილიც იყო

დოკუმენტში მოყვანილია 2019-2022 წლების სახელმწიფო განცხადებები, სადაც კრწანისის ტყე-პარკზე საუბარია როგორც აღსადგენ მწვანე და სარეკრეაციო სივრცეზე.

მათ შორის, საუბარი იყო თბილისისა და რუსთავის დამაკავშირებელ დიდ მწვანე სივრცეზე, ეკოსისტემის აღდგენაზე, ჭალის მუხის დარგვაზე და კრწანისის ტყე-პარკის რეაბილიტაციაზე.

ამიტომ მნიშვნელოვანი კითხვაა:

რატომ შეიცვალა სახელმწიფოს სტრატეგია და რა ანალიზით დადგინდა, რომ ურბანული განაშენიანება უფრო ღირებულია, ვიდრე ტყე-პარკის აღდგენა?

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თბილისის გენგეგმა თავად ასახელებს მტკვრისპირა ბუნებრივ ტერიტორიებს, მწვანე დერეფნებსა და თბილისი-რუსთავის მწვანე სარტყელს პრიორიტეტულ მიმართულებებად.

7. შესაძლოა საერთოდ არ იყოს დათვლილი ის ეკონომიკური ღირებულება, რომელსაც ბუნებრივი ტერიტორია უკვე ქმნის

დოკუმენტში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოთხოვნაა ეკოსისტემური სერვისების ეკონომიკური შეფასება.

ტყე-პარკსა და ჭალას მხოლოდ „ცარიელი მიწის“ ფასი არ აქვს. მას შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკური ღირებულება:

  • წყალდიდობის შეკავებაში;
  • მიწისქვეშა წყლების შევსებაში;
  • ჰაერის ფილტრაციაში;
  • ქალაქის ტემპერატურის შემცირებაში;
  • ნახშირბადის შთანთქმაში;
  • ნიადაგისა და სანაპიროს სტაბილიზაციაში;
  • რეკრეაციასა და ჯანმრთელობისთვის სარგებელში;
  • ჰაბიტატების შენარჩუნებაში.

როდესაც სახელმწიფო ამბობს, რომ პროექტი ეკონომიკურად მომგებიანია, საჭიროა დაითვალოს არა მხოლოდ რამდენი ბინა აშენდება, არამედ რა ეკონომიკური სიკეთე იკარგება ტერიტორიის ურბანიზაციით.

8. 3.4 მილიარდი დოლარის კრწანისის ინვესტიცია ჯერ ფაქტობრივად არ ჩანს სტატისტიკაში

კრწანისის ნაწილისთვის დოკუმენტში დასახელებულია დაახლოებით 3.4 მილიარდი დოლარის სავარაუდო ინვესტიცია.

ავტორები ამ რიცხვს ადარებენ საქსტატის მონაცემებს და მიუთითებენ, რომ 2025 წელს არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის ცალკე საერთოდ არ ჩანს, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში მათი ინვესტიცია, მათი გამოთვლით, დაახლოებით 51.6 მილიონ დოლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე საჯარო სტატისტიკა ჯერ არ აჩვენებს გაცხადებული მასშტაბის კაპიტალის შემოსვლას.

9. 15 ათასი სამუშაო ადგილის დაპირება საჯაროდ დეტალურად დასაბუთებული არ ჩანს

დოკუმენტის ავტორები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ პროექტის კონცეფციაში ნახსენებ 15 000 სამუშაო ადგილს, რადგან მათი თქმით, არ ჩანს დეტალური დასაბუთება:

რამდენია სამშენებლო და რამდენი მუდმივი სამუშაო ადგილი, რა პერიოდში შეიქმნება, რამდენი იქნება საქართველოს მოქალაქე და რა იქნება ანაზღაურება.

ხელისუფლების პოზიცია განსხვავებულია: ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ პროექტი შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს და მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ტურიზმსა და ეკონომიკაზე.

საინტერესოა, როგორ არის გამოთვლილი 15 000 სამუშაო ადგილი და არსებობს თუ არა ამის ეკონომიკური მოდელი? – ამას საზოგადოებას არავინ განუყმარტავს.

10. „300 ბინა პირველ 24 საათში“ ჯერ კიდევ არ ადასტურებს მთელი პროექტის სიცოცხლისუნარიანობას

კონცეფციის მიხედვით, კომერციული გაყიდვების დაწყებიდან პირველ 24 საათში დაახლოებით 300 ერთეული გაიყიდა ან დაიჯავშნა.

დოკუმენტის ავტორები სწორად გამოყოფენ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას: „გაყიდვა“ და „დაჯავშნა“ ერთი და იგივე არ არის. უცნობია:

რამდენი რეალურად გაიყიდა, რამდენი მხოლოდ დაიჯავშნა, რამდენი თანხა გადაიხადეს მყიდველებმა და რამდენი ჯავშანი შეიძლება გაუქმდეს.

ამიტომ ეს მონაცემი შეიძლება მიანიშნებდეს ინტერესზე, მაგრამ მისგან მრავალმილიარდიანი პროექტის საბაზრო წარმატების დასკვნა ჯერ ვერ კეთდება.

11. პროექტის მასშტაბთან შედარებით საცხოვრებელი ბაზრის მოთხოვნა ცალკე შესასწავლია

დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს პროექტის სავარაუდო მასშტაბზეც. ავტორები პრემიერ-მინისტრის სხვადასხვა განცხადებასა და პროექტის ეკონომიკურ მაჩვენებლებს ადარებენ და მიუთითებენ, რომ საუბარი შეიძლება იყოს მილიონობით კვადრატული მეტრის უძრავ ქონებაზე.

მათი გამოთვლით, 2.4 მილიონი კვადრატული მეტრი, საშუალოდ 65 კვ.მ-იან ბინებად გარდაქმნის შემთხვევაში, დაახლოებით 36 900 ბინის ეკვივალენტია. ისინი ამას ადარებენ თბილისის ახალაშენებული ბინების წლიურ გაყიდვებს და კითხულობენ, რამდენად სწრაფად შეუძლია ბაზარს ასეთი მასშტაბის შეთავაზების ათვისება.

ეს ნამდვილად დასამუშავებელი ეკონომიკური კითხვა არის:

თუ პროექტის მოთხოვნა მოსალოდნელზე დაბალი იქნება, ვისზე გადავა რისკი: მხოლოდ ინვესტორზე თუ პარტნიორ სახელმწიფოზეც?

ამის პასუხი ისევ ხელშეკრულების პირობებზეა დამოკიდებული.

12. ყველაზე სერიოზული გარემოსდაცვითი პრეტენზია ფაუნის კვლევის ხარისხს ეხება

დოკუმენტის მესამე დიდი ნაწილი ფაუნის კვლევას აკრიტიკებს.

ავტორების შეფასებით, კვლევის მეთოდოლოგია არასაკმარისია. მაგალითად, ისინი მიუთითებენ, რომ ძუძუმწოვრების კვლევაში ფოტოხაფანგები არ ყოფილა გამოყენებული, ღამურებისთვის კი არ ჩანს სპეციალური ულტრაბგერითი დეტექტორის გამოყენება. ფრინველების დაკვირვებისას არ არის დეტალურად აღწერილი ტრანსექტები, დაკვირვების საათები და ხანგრძლივობა.

ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან თუ საწყისი ბიომრავალფეროვნების სურათი არასრულია, შემდგომში ზიანის მასშტაბიც შეიძლება არასრულად შეფასდეს.

13. წავის არაღმოჩენა არ ნიშნავს, რომ ის იქ არ არსებობს

ფაუნის ანგარიშში წერია, რომ ტერიტორიაზე წავი საველე კვლევისას არ გამოვლენილა.

კრიტიკული დოკუმენტის ავტორები პასუხობენ, რომ წავი ძირითადად ღამის ან გარიჟრაჟის ცხოველია და მის გამოსავლენად ფოტოხაფანგები ბევრად ეფექტური იქნებოდა. ანუ, კვლევამ წავი ვერ დააფიქსირა; დოკუმენტის ავტორები კი აცხადებენ, რომ გამოყენებული მეთოდი საკმარისი არ იყო მისი არარსებობის დასადასტურებლად.

14. სადავოა ფრინველთა სამიგრაციო მარშრუტების შეფასებაც

სკოპინგის თანდართულ კვლევაში აღნიშნულია, რომ საპროექტო ტერიტორიაზე ფრინველთა სამიგრაციო მარშრუტი არ გადის.

გონიო-კრწანისის დაცვის ჯგუფი ამას მკვეთრად ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ მიგრაციული მარშრუტი ერთი ფიქსირებული ხაზით არ განისაზღვრება და კრწანისის ჭალა მტკვრის დერეფნის ნაწილია.

ამ საკითხზე დამოუკიდებელი ორნითოლოგიური ექსპერტიზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რადგან თავად მხარეები ფაქტობრივად ურთიერთგამომრიცხავ შეფასებებს აკეთებენ.

15. თუ ჰაბიტატი განადგურდა, „ახალი მწვანე სივრცის“ შექმნა მის პირდაპირ შემცვლელად ვერ ჩაითვლება

დოკუმენტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი არგუმენტი ისაა, რომ მწვანე ფართობის რაოდენობა და ბუნებრივი ეკოსისტემა ერთი და იგივე არ არის.

თუ ჭალის ტყეში არსებული ხნიერი ხეები, ფრინველების საბუდარი ადგილები, ღამურების კოლონიები და სხვა ჰაბიტატები დაიკარგა, მათი კომპენსირება უბრალოდ ახალი გაზონის, პარკის ან დეკორატიული გამწვანების მოწყობით ყოველთვის შეუძლებელი იქნება. ხელისუფლების აცხადებს, რომ მწვანე სივრცეების მოცულობა არ შემცირდება და შესაძლოა გაიზარდოს. აუცილებელია დაზუსტება: იზრდება მხოლოდ კვადრატული მეტრები თუ ნარჩუნდება ეკოლოგიური ღირებულებაც?

პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ პროექტმა შეიძლება ბუნებას ზიანი მიაყენოს. საქმე იმაშია, რომ სახელმწიფომ უკვე აიღო პოლიტიკური და სახელშეკრულებო ვალდებულებები მრავალმილიარდიან პროექტზე მაშინ, როდესაც საზოგადოებას არ აქვს ხელმისაწვდომი ხელშეკრულების სრული პირობები და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ამიტომ შესაძლებელია სამი ტიპის რისკი ერთდროულად წარმოიშვას:

ეკონომიკური რისკი: არ ვიცით, რა ღირებულების აქტივს დებს სახელმწიფო, რა საჯარო ხარჯი მოჰყვება პროექტს, როგორ ნაწილდება ფინანსური რისკი და რამდენად რეალისტურია მოთხოვნისა და სამუშაო ადგილების პროგნოზები.

გარემოსდაცვითი რისკი: თუ თავდაპირველი ფაუნისტური და ეკოსისტემური კვლევები არასრულია, შეიძლება დაკარგული ბუნებრივი ღირებულება სათანადოდ საერთოდ არ იყოს დათვლილი.

ინსტიტუციური რისკი: თუ ჯერ მთავრობა და ინვესტორი თანხმდებიან კონკრეტულ ლოკაციასა და მასშტაბზე და მხოლოდ შემდეგ იწყება პროცესი, რომელმაც წესით ეს არჩევანი უნდა შეაფასოს, ჩნდება კითხვა, რამდენად შეუძლია გარემოსდაცვით შეფასებას პროექტის რეალურად შეცვლა ან უარყოფა.

თუ საბოლოო გარემოსდაცვითმა და ეკონომიკურმა შეფასებამ აჩვენა, რომ კრწანისში პროექტის ამ ფორმით განხორციელება მიზანშეწონილი არ არის, შეუძლია თუ არა სახელმწიფოს დღეს რეალურად თქვას უარი პროექტზე ისე, რომ საქართველოს ფინანსური ან სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისროს? ამაზე პასუხი დღეს საჯაროდ ხელმისაწვდომი მასალებიდან არ ჩანს.