Skip to content Skip to footer

რთველი ოფიციალური სურათის მიღმა – მოსავლის დაზიანებიდან შაქრიანობის დავამდე, ვინ იცავს მევენახის ინტერესს?

რთველი აქტიურ ფაზაშია. ოფიციალურ ინფორმაციაში მთავარი აქცენტი პროცესის ორგანიზებულად წარმართვაზე, ყურძნის გადამუშავებულ მოცულობასა და მოსავლის რეალიზაციის შესაძლებლობაზე კეთდება, თუმცა, თავად მევენახეების გამოცდილება სხვა რამეს ამბობს და არაერთ პრობლემას კვეთს. ჯერ კიდევ ივლისსა და აგვისტოში მევენახეობის დარგობრივ ჯგუფებში აქტიურად იდებოდა პოსტები ყურძნის მდგომარეობაზე, დაავადებებზე, დაბალ ხარისხსა და გამოყენებული შესაწამლი პრეპარატების ეფექტიანობაზე. დღეს ერთ-ერთი მევენახე წერს, რომ მიუხედავად ვენახის მრავალჯერადი დამუშავებისა, ჭრაქის მაინც ვერ შეაჩერა, რამაც მოსავალი გააფუჭა იმდენად რომ მას დაკრეფაჩაბარება აღარც უღირს.

ჩვენ პოსტის ავტორს დავუკავშირდით და დეტალები ვკითხეთ. მისი თქმით, სეზონის განმავლობაში ვენახი ათზე მეტჯერ შეწამლეს, თუმცა სასურველი შედეგი მაინც ვერ მიიღეს.

მევენახე ამბობს, რომ მისი ვენახის გარშემოც სხვა ვენახებშიც მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანდა. პრობლემას მხოლოდ ამინდის პირობებს ვერ უკავშირებს. მან ასევე მოგვაწოდა იმ პრეპარატების ფოტოები, რომლებსაც ვენახის დასამუშავებლად იყენებდნენ, თუმცა, ეს კონკრეტული მევენახის შეფასებაა და იმის დასადგენად, რეალურად უკავშირდება თუ არა პრობლემა გამოყენებული პრეპარატების ხარისხს ან ეფექტიანობას, დამატებითი სპეციალისტური შეფასება და შესაბამისი უწყებების განმარტებაა საჭირო.

სექტემბერში კი, როდესაც ყურძნის ჩაბარება დაიწყო, კიდევ ერთი პრობლემა გამოიკვეთა, – მევენახეები შაქრიანობის განსაზღვრასთან დაკავშირებულ შემთხვევებზე წერენ და უკმაყოფილონი არის იმით, რომ, როგორც თავად ამბობენ, ზუსტად და თანაბარი წესით არ ფასდება ჩასაბარებელი ყურძენი.

ვიცით, რომ შაქრიანობის მაჩვენებელი პირდაპირ უკავშირდება ყურძნის ჩაბარების ფასს. შესაბამისად, მევენახეები ფინანსურად ზარალობენ.

ახალი რეგულაციებით, თუ ყურძენს შაქრის შემცველობა 21%-ზე მეტი გამოუვიდა, 1 კგ-ს ფასი 1,5 ლარით განისაზღვრება. 21%-ის დაბლა 90 თეთრი და 17%-ის დაბლა 30 თეთრი.

ორივე საკითხი, – ზაფხულში ვენახების დაზიანებასა და გამოყენებული პრეპარატების ეფექტიანობაზე გაჩენილი კითხვები, ხოლო რთველისას შაქრიანობის განსაზღვრასთან დაკავშირებული განსხვავებები, – აჩვენებს იმას, სახელმწიფოს წარმომადგენლები რთველს შეუფერხებელ და წარმატებულ პროცესად წარმოაჩენენ, რეალურად გვყავს მევენახეები, რომლებიც მოსავლის დაზიანებასა და ჩაბარების პირობებთან დაკავშირებულ ფინანსურ ზარალს ვერ აუდიან.

ერთ შემთხვევაში კითხვის ნიშანია, რამდენად დაცული იყო მოსავალი სეზონის განმავლობაში, მეორე შემთხვევაში კი – რამდენად ზუსტად და გამჭვირვალედ ფასდება უკვე ჩასაბარებელი ყურძენი. ორივე პრობლემა საბოლოოდ ერთ შედეგამდე მიდის: მევენახეები კარგავენ შემოსავალს.