“ვინც კლიმატის ცვლილების საკითხებზე ვმუშაობთ, ჩვენთვის ალბათ კიდევ სხვანაირად სადარდებელი და საპასუხისმგებლოა, რაც ახლა გურიაში ხდება. ერთი მხრივ, გაცნობიერებული გვაქვს ჩვენს ქვეყანაში მოსალოდნელი პროგნოზები და მეორე მხრივ, ყოველთვის გვახსოვს, როგორი დაბალია მზაობა ქვეყანაში ამ ყველაფრის გასამკლავებლად”, – ასე ეხმიანება გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ექსპერტი მარიამ დევიძე გურიაში დიდთოვლობის პრობლემებს.
სპეციალისტი იხსენებს გურიაში 2023 წელს, სექტემბერში (შოვის შემდეგ მალევე) წყალდიდობასა და მეწყერს, რომელმაც ბევრი სოფელი დააზარალა. დღევანდელ დიდთოვლობასთან მიმართებით მაშინდელ რამდენიმე აქტუალურ და რელევანტურ საკითხზე პარალელს ავლებს.
“რესპონდენტები იხსენებდნენ, რომ იმ ღამეს თავდაუზოგავად მუშაობდნენ მაშველები და მათი დამსახურებით იყო, რომ მსხვერპლი მაღალი არ იყო. თუმცა, არ ჰქონდათ საკმარისი და საჭირო ტექნიკა, წაღებული იყო ხიდები და ბევრ ადამიანთან მისვლა ფიზიკურად ვერ შეძლეს.
ასევე, იხსენებდნენ, რომ დახმარებას ცდილობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც, თუმცა მათი რესურსებიც შეზღუდული იყო. მაინტერესებდა თვითმმართველობის საჭიროებები და პერსპექტივები, თუმცა ვერაფრით ჩავწერე მათთან ინტერვიუ. ერიდებოდნენ ამაზე საუბარს. ბაღდათში ჩავწერე სამაგიეროდ ძალიან საინტერესო ინტერვიუ. ამ პრობლემებზე თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თუ არ ისაუბრეს, არ იმუშავეს ან არ მოითხოვეს საჭირო დახმარება, არაფერი გამოვა. ელემენტარული, მონაცემებიც კი არ გროვდება ადგილობრივ მაცხოვრებლებზე და მათ საჭიროებებზე.
თვითონ ადგილზე თემის მზაობა ცალკე სადარდებელია. სოფლებში პრობლემები ყველამ ვიცით, სიღარიბე, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა… გურიაში მიყვებოდნენ, რომ კაცების უმეტესობა ემიგრაციაშია, სოფლებში მოხუცები ცხოვრობენ ან სრულად ქალებს აქვთ გადაბარებული ოჯახზე ზრუნვის და უსაფრთხოების პასუხისმგებლობა. ახლა ამხელა თოვლს ეს ადამიანები უმკლავდებიან.
იმდენად დიდი იყო ზარალი, 800-ზე მეტი ოჯახის განსახლების პროცესი დაიწყო, თუმცა ბევრად მეტი ოჯახი და სახლი დაზარალდა რეალურად. დაიღუპა ბავშვიც. ახლა ამ დიდთოვლობის ფონზე ჩანს, რა ისწავლეს სახელმწიფო სტრუქტურებმა ამ კატასტროფის შემდეგ – ქმედითი ვერაფერი, სამწუხაროდ. ამ პროცესების მართვა არაა მარტივი, თუმცა არც რთულია, როცა ამისი პოლიტიკური და ადამიანებზე ზრუნვის ნება არსებობს,” – წერს დევიძე სოციალუირ ქსელში.
შეგახსენებთ, სპეციალისტები მტკიცებით, დიდთოვლობასთან ერთად, გურიაში არსებობს რისკი, რომელმაც შესაძლოა კიდევ უფრო დაამძიმოს გურულების ყოფა და უფრო დიდი საფრთხე შეუქმნას ადამიანების სიცოცხლეს. ეს არის უხვი ნალექის ფონზე საშიში გეოლოგიური პროცესების განვითარების საფრთხე. დეტალები წაიკითხეთ აქ 👇