Skip to content Skip to footer

85 ათასამდე ბენეფიციარის 45,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია რეგისტრირებული – მინისტრი

მეთხილე ფერმერების ხელშეწყობისთვის აგრობარათებზე დარიცხული ₾14 მლნ-დან ამ ეტაპისთვის ₾3.2 მლნ-ის ქულებია განაღდებული – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგენისას განაცხადა.

უწყების ანგარიშის წარდგენისას მან 2022 წელს მეთხილეობის დარგის ხელშეწყობის მიზნით სამინისტროს მიერ დაწყებულ სუბსიდირების პროგრამასა და თხილის ბაღების რეესტრის შესახებ ისაუბრა.

„2022 წელს, სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე თხილის მწარმოებელმა ფერმერებმა ვერ შეძლეს აგროტექნიკური ღონისძიებების სათანადოდ ჩატარება, რამაც გამოიწვია მოსავლიანობისა და ხარისხის შემცირება, კერძო სექტორმა ვერ მიიღო სათანადო შემოსავალი. მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ ვეხმარებით თხილის სექტორს და ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2-3 ჰექტრამდე ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, მიიღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას, რის საშუალებითაც მოხერხდება აგროტექნიკური ღონისძიებების სათანადოდ ჩატარება. მიმდინარე მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 85 ათასამდე ბენეფიციარის 45,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია რეგისტრირებული. ამ ეტაპზე აგრობარათებზე დარიცხულია 14 მლნ ლარამდე, განაღდებული ქულების რაოდენობა 3,2 მლნ ლარს აღწევს“, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ თხილის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო და პროგრამისთვის პირველ ეტაპზე 20 მლნ ლარი გამოიყო.

დღესვე ოთარ შამუგია “მინისტრის საათის” ფორმატში დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომ შარშან აგროპროდუქციის (პირველადი და გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვებამ 15.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მაჩვენებელი 112%-იანი ზრდაა, ხოლო 2021 წელთან შედარებით სახეზეა 14%- ით ზრდა. მისივე მტკიცებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება 96%-ით არის გაზრდილია და 4.4 მილიარდ ლარს შეადგენს, 2021 წელთან შედარებით ზრდა 13%-ია.

რაც შეეხება, ექსპორტს, შამუგიას თქმით, ბოლო 10 წელში ქართული აგროექსპორტის თითქმის 147%-იღ გაიზარდა და მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ევროკავშირის ბაზარია, თუმცა აქვს დასძენს, რომ ევროკავშირის ბაზრის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისათვის ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება აუცილებელია.

მინისტრის მონაცემებით, სახელმწიფო პროგრამა “დანერგე მომავლის” დაწყებიდან დღემდე 20,000 ჰექტრამდე თანამედროვე ბაღია გაშენებული და 16 თანამედროვე სანერგე მეურნეობაა მოწყობილი. საპროგნოზო მაჩვენებლით, 2030 წლისათვის მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში გაშენებული ბაღებიდან მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 200 ათას ტონას მიაღწევს, რომლის ღირებულება დაახლოებით 500 მილიონი ლარი იქნება. პროგრამის ფარგლებში, ჯამში დასაქმებული 10 000-მდე მუდმივი და 45 000-მდე დროებით დაქირავებული სამუშაო ძალაა.

პროდუქციის შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოო ინფრასტრუქტურის შექმნის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეიქმნა 218 გადამამუშავებელი საწარმო და შემნახველი ინფრასტრუქტურა. მინისტრის პროგნოზით, სახელმწიფოს დაფინანსებული საწარმოების სრულად ამოქმედების შედეგად, დასაქმდება 3000-ზე მეტი ადამიანი, შეიქმნება 240 მლნ ლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, შემნახველი ინფრასტრუქტურის ტევადობა 130 000 ტონას მიაღწევს. 128 საწარმო უკვე ექსპლუატაციაშია შესული და ამჟამად 130 მილიონი ლარის პროდუქცია იწარმოება, შემნახველი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს 43 000 ტონა პროდუქციის თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შენახვას და დასაქმებულია 2 000 ადამიანი.

ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა 200-მდე კომპანიამ. პროგრამა მოიცავს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, ბრენდირებას, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის პროდუქციის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის თანადაფინანსებას.

მინისტრმა შამუგიამ დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში 2022 წლის ანგარიშის წარადგენისას 9 წლის განმავლობაში აგროდაზღვევის პროგრამის შედეგებიც მიმოიხილა. მისი ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში 2014 წლიდან დღემდე 65,000-ზე მეტ ბენეფიციარს დაზღვეული ქონდა 140,000 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი, ანაზღაურებული ზიანი 67 მლნ ლარს აღემატება.

მინისტრის შეფასებით, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციაზე მოთხოვნა კერძო სექტორის მხრიდან მაღალია და დღემდე სახელმწიფო ხელშეწყობით 3000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა, რომლებმაც 5324 ერთეული, 203 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა შეიძინეს. მათ შორის, 2021 წელს პრემიერის ინიციატივით გამოიყო 50 მლნ ლარი, რომლითაც 2500-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა.

რას აკეთებს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სტიმულირებისთვის, გაეცანით აქ ?

Leave a comment