შავ ზღვაში რამდენიმე ათასი ტონა მაზუთის დაღვრა მხოლოდ რუსეთზე არ იმოქმედებს. გარემოსდამცველების პროგნოზით, იანვრის ბოლოს დაბინძურებამ, შესაძლოა, ოდესამდეც მიაღწიოს, ასევე, რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებსაც მისწვდეს, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში თურქეთამდეც მიაღწიოს, – ამის შესახებ ქვეყნებს აფრთხილებს რუსეთის აკადემიის წყლის პრობლემების ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი ვიქტორ დანილოვ-დანილიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (1991-1996) და გარემოს დაცვის სახელმწიფო კომიტეტს (1996-2000).
რამდენად ზუსტად გავრცელდება მაზუთი, პროგნოზირება საკმაოდ რთულია.
„ზღვის დინებები არ არის მდინარე. ეს არის სრულიად განსხვავებული სისტემა, სადაც ჩვეულებრივ არის რაღაც მეინსტრიმის მსგავსი და მისგან “ენები” (ანუ ლაქები), გვერდებზე მიდის“, – განმარტავს მეცნიერი.
დაბინძურება დაფიქსირდა ყირიმში (ქერჩი, ფეოდოსიის მახლობლად, კოკტებელთან, სუდაკში, იალტაში, ბალაკლავაში, სევასტოპოლში), რაც სწორედ მაზუთის ლაქების გამო მოხდა, მაგრამ ყირიმის სანაპიროს ბევრ უბანს ჯერ მასშტაბური დაბინძურება არ უგრძვნია. თუმცა არ არის გარანტია, რომ დაბინძურება იქამდეც მივა.
მეცნიერის მტკიცებით, მაზუთი სხვა ქვეყნების სანაპიროებზე დაბინძურების კონცენტრაცია უფრო დაბალი იქნება.
მისივე თქმით, „ეს უპრეცედენტო მოვლენა, ანუ პირველი შემთხვევაა, როცა შავ ზღვაში ასეთი დიდი რაოდენობით მაზუთი ჩაიღვარა, რაც 21-ე საუკუნის დასაწყისის შემდეგ რუსეთში ყველაზე სერიოზული ეკოლოგიური კატასტროფაა.
“ის, რაც შავ ზღვაში მოხდა, ეკოსისტემაზე საშინელი დარტყმაა. ათიათასობით ფრინველი და მრავალი დელფინი დაიღუპა, სანაპირო ფლორისა და ფაუნის დიდი დანაკარგია. ასეთ გარემოში თუნდაც მარილიან წყალში, პრაქტიკულად, ვერაფერი ცოცხლობს,” – ამბობს დანილოვ-დანილიანი და დასძენს, რომ რუსი მინიმუმ, 200-500 ათასი ტონა დაბინძურებული ნიადაგის ამოღებას უკვალოდ არ ჩაუვლია. კერძოდ, უკვე დარეგისტრირებულია ადგილები, სადაც მაზუთიანი ნიადაგის ამოღების გამო ზღვამ ხმელეთზე 30-50 მეტრზე შეაღწია.
დანილოვ-დანილიანს შავი ზღვის მაზუთისგან მთლიანად გაწმენდის ვადებზე პროგნოზის გაკეთება უჭირს, რადგან „200 მ-ზე მეტი სიღრმის ფსკერზე დალექვის შემდეგ მაზუთი შესაძლოა, იქ მეტად დიდი ხნის განმავლობაში “ჩაწვეს”, “”დასაწყობდეს”. მხოლოდ იმის გაკეთება არის შესაძლებელი, რომ აღმავალი ნაკადით მაზუთის ამოტივტივებისას შესაბამისი სამსახურები მობილიზებული იყვენენ, რისთვისაც აუცილებელია საკურორტო სანაპიროების მუდმივი მონიტორინგი.
შეგახსენებთ, ქერჩის სრუტეში ორი ნავთობტანკერის ჩაძირვის შედეგად შავი ზღვის ფსკერზე, დაახლოებით, 5,000 ტონა მაზუთი რჩება, რომელიც ჟელესმაგვარი მასაა და არ მოძრაობს. ამასთან, 10 იანვარს ტანკერ Volgoneft-239-ის უკანა ნაწილის შემოწმებისას ახალი გაჟონვა აღმოაჩინეს, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 2,8 ათასი მ²-ია. ეკოლოგების შეფასებით, M100-მარკის მაზუთი, რომელიც ტანკერებიდან ჟონავს, ზამთრის დაბალ ტემპერატურაზე იყინება და ფსკერზე ილექება. ზედაპირზე მხოლოდ მას შემდეგ ამოდის, რაც წყალი 25 გრადუსამდე თბება. ამ ნიშნულამდე შავი ზღვა ზაფხულში 20 მეტრამდე სიღრმეზე თბება. დელფინების გადარჩენის სამეცნიერო-ეკოლოგიურ ცენტრ “დელფას” ცნობით, შავ ზღვაში მაზუთის ჩაღვრის შემდეგ 30-ზე მეტი დელფინი დაიღუპა და ნაპირზე გამორიყა.
კრემლი შავ ზღვაში მაზუთის დაღვრის გამო ფედერალური დონის საგანგებო რეჟიმის შემოღებაზე დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავიდან მხოლოდ „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დამატებითი ჯგუფის“ გაგზავნით შემოიფარგლა. კატასტროფის შედეგების აღმოფხვრის ფედერალური შტაბი გემების ჩაძირვიდან, თითქმის, ერთ თვეში, მხოლოდ 12 იანვარს ჩამოყალიბდა.
“არსებობს რისკი, რომ რუსული მაზუთი უკრაინას გვერდს არ აუვლის,” – ამის შესახებ ჯერ კიდევ 9 იანვარს უკრაინის საზღვაო ძალების პრესმდივანმა დიმიტრი პლეტენჩუკმა განაცხადა.
სხვათა შორის, შავი ზღვის ექვსმა ქვეყანამ (ბულგარეთი, საქართველო, მოლდოვა, რუსეთი, რუმინეთი, უკრაინა) ხელი მოაწერა ბუქარესტის კონვენციას შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის შესახებ 1992 წელს. დოკუმენტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაეტარებინათ ყველა საჭირო ზომა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას შავი ზღვის საზღვაო გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირებისა და წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე მისი დაცვისა და შენარჩუნების მიზნით.
ცნობისთვის, 15 დეკემბერს ტანკერები Volgoneft-212 და Volgoneft-239 ჩაიძირა ქერჩის სრუტეში შტორმის გამო. მათ სულ 9,2 ათასი ტონა მაზუთი გადაჰქონდათ, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ზღვაში დაიღვარა. საწვავი დაიღვარა სანაპიროზე როგორც ყირიმში, ასევე კრასნოდარის მხარეში.
“აგროგარემო TV-ის” გადაცემა “აგრო სიახლეები” ბელა გელაშვილთან ერთად გადაცემას გიმზადებთ, სადაც ქართველი გარემოსდამცველები შეაფასებენ ეკოლოგიურ რისკებს, რაც თან ახლავს ქერჩის დაბინძურებას ჩვენი ბიომრავალფეროვნებისთვის.