ცივი გაზაფხული და სეზონური წანაცვლება — ეს უბრალო დისკომფორტი კი არა, სერიოზული პრობლემაა, რომელიც პირდაპირ ურტყამს ქართულ სოფლის მეურნეობას. თბილი ზამთრის შემდეგ მცენარეები ადრე „იღვიძებს“, მაგრამ დაბრუნებული სიცივე ყველაზე სუსტ ფაზაში ხვდება მათ. ყველაზე დიდი ზარალი მოდის ხეხილზე, ვენახზე და ბოსტნეულზე — ყვავილობის პერიოდში რამდენიმე საათიანი ყინვაც კი საკმარისია, რომ მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდეს. დარტყმის ქვეშაა მეფუტკრეობაც. სეზონების არევა არღვევს მცენარეებისა და ფუტკრის სინქრონს, რაც ამცირებს დამტვერვას და საბოლოოდ მთელ აგროსისტემას აზიანებს. რა რისკების წინაშე დგას აგროსექტორი და როგორ შეიძლება მათი შემცირება? — დეტალებზე “აგრო სიახლებში”
დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობა დგას არა უბრალოდ დათბობის, არამედ კლიმატური რიტმის დარღვევის წინაშე. ზამთარი ხშირად თბილია, მცენარე ადრე „იღვიძებს“, იწყება კვირტის გაშლა ან ყვავილობა… და სწორედ ამ დროს ბრუნდება სიცივე, გვიანი ყინვა, ან, ხანგრძლივი, ცივი, გაზაფხული. ასეთ პირობებში მცენარე უკვე აღარ არის ზამთრის გამძლე ფაზაში და ყველაზე სუსტ მდგომარეობაში ხვდება სიცივეს. საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს: თბილი ზამთარი და ადრე დაწყებული გაზაფხული ზრდის გვიანი ყინვის რისკს, რადგან ბუნების ციკლი წინ მიდის, არც ყინვა იხევს უკან.
საქართველოსთვის ეს გამოწვევა განსაკუთრებით მძაფრია. ქვეყანა მრავალფეროვან აგროკლიმატურ ზონებზეა დაყრდნობილი — კახეთიდან სამეგრელომდე, იმერეთიდან მთიან რეგიონებამდე — და თითოეული მათგანი განსხვავებულ ტემპერატურულ და ტენიანობის რეჟიმზეა დამოკიდებული. რთულდება პროგნოზირებადობა.
ყველაზე მძიმე დარტყმა მოდის ხეხილზე. ვაშლი, ატამი, გარგარი, ალუბალი, თხილი, მოცვი — ესაა კულტურები, რომლებიც ყვავილობის პერიოდში განსაკუთრებით მოწყვლადია. რამდენიმე საათიანი ყინვაც კი საკმარისია, რომ მოსავალი მნიშვნელოვნად დაზიანდეს.
მსგავსი რისკის ქვეშ არის მევენახეობაც. ვაზი გაზაფხულზე განსაკუთრებით მგრძნობიარეა. თბილი ამინდი პროცესს აჩქარებს, მაგრამ დაბრუნებული სიცივე აზიანებს ყლორტებს და საბოლოოდ ეს ყვეაფერი უარყოფითად მოქმედებს ყურძნის როგორც რაოდენობაზე, ისე ხარისხზე.
პრობლემა არ შემოიფარგლება მხოლოდ ბაღებითა და ვენახებით. ბოსტნეულსაც და სათბურებსაც უჭირთ ცივ გაზაფხულზე, იზრდება დაავადებების რისკი და წარმოების ხარჯი.
მეცხოველეობაში კი იცვლება საძოვრების ციკლი — ბალახი გვიან ამოდის ან არასტაბილურად ვითარდება, რაც ზრდის საკვების დეფიციტს.
და ამ ჯაჭვში გამონაკლისი არც მეფუტკრეობაა. სეზონების არევა პირდაპირ არღვევს ბუნებრივ სინქრონს მცენარეებსა და ფუტკარს შორის. მცენარე შეიძლება ადრე აყვავდეს, მაგრამ თუ ამ დროს სიცივე დაბრუნდა, ფუტკარი სკიდან ვერ გამოდის. შედეგად, მცირდება დამტვერვა, ზარალდება მოსავალი და მცირდება თაფლის წარმოებაც. ცივი და წვიმიანი გაზაფხული ამცირებს ნექტარს, ხოლო ფუტკრის ოჯახები სუსტდება, ზოგ შემთხვევაში კი მთლიანად ნადგურდება. აქ უკვე საქმე აღარ ეხება მხოლოდ თაფლს — მეფუტკრეობა ხომ მთელი აგროსისტემის საფუძველია.
გამოსავალი ამ პირობებში ერთჯერადი ვერ იქნება. საჭიროა სისტემური მიდგომა.
პირველი — ზუსტი აგრო-მეტეო სისტემები, რომ ფერმერმა წინასწარ იცოდეს რისკი.
მეორე — ჯიშების ადაპტაცია, გვიანმოყვავილე და გამძლე კულტურების შერჩევა.
მესამე — მეფუტკრეობის მართვა, სკების გადაადგილება და დამატებითი კვება.
მეოთხე — წყლისა და ინფრასტრუქტურის განვითარება.
და მეხუთე — დაზღვევა, რომელიც ფერმერს რეალურად დაიცავს კლიმატური რისკებისგან.
როდესაც მცენარე, ფუტკარი და ფერმერი სხვადასხვა „კალენდრით“ ცხოვრობენ, ზარალი გარდაუვალია.
ცნობისთვის, სეზონების წანაცვლების ტენდენცია ახალი არ არის.
კლიმატის ცვლილება სოფლის მეურნეობაში ახალ-ახალ გამოწვევებს ქმნის.