სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოება საქართველოში დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებულია. შესაბამისად, ადგილობრივი ხორბალი დღგ-თი არ იბეგრება, იმპორტირებული ხორბლის შეძენისას კი წისქვილკომბინატს გადახდილი დღგ-ის ჩათვლის შესაძლებლობა აქვს. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის, ლევან სილაგავას განმარტებით, სწორედ ეს გარემოება განაპირობებს მნიშვნელოვან სხვაობას ადგილობრივი და იმპორტირებული ხორბლის ჩასაბარებელ ფასებს შორის.
როგორც სილაგავამ „აგროგარემო TV-სთან“ საუბრისას განმარტა, იმპორტირებული ხორბლის ღირებულებაში დღგ შედის, თუმცა წისქვილკომბინატი მისი შეძენისას გადახდილ გადასახადს შემდგომ ითვლის და საქმიანობაში იყენებს. ადგილობრივი ხორბლის შემთხვევაში კი, რადგან პირველადი წარმოება დღგ-ისგან გათავისუფლებულია, წისქვილს ჩასათვლელი დღგ არ წარმოექმნება.
მისი თქმით, ეს საგადასახადო განსხვავება ადგილობრივი ხორბლის შესყიდვის ფასზეც პირდაპირ აისახება. სილაგავა აცხადებს, რომ ქართული ხორბალი დღგ-თი რომ იბეგრებოდეს და წისქვილებს მისი ჩათვლის უფლება ჰქონდეთ, დღეს არსებული დაახლოებით 60-65 თეთრის ნაცვლად, ერთი კილოგრამის ჩასაბარებელი ფასი შესაძლოა 80-85 თეთრამდე გაზრდილიყო.
„ადგილობრივი ხორბლის ფასი ამ ეტაპზე ერთ კილოგრამზე 55-დან 63 თეთრამდე მერყეობს. ცალკეულ შემთხვევებში ფასი 65 თეთრსაც აღწევს, ხოლო იმპორტირებული ხორბლის ღირებულება დაახლოებით 80 თეთრია. ნებისმიერი ბიზნესმენი მზად არის ნედლეულში მეტი გადაიხადოს, როდესაც შეძენისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლა და შემდგომ გამოყენება შეუძლია. მარტივად რომ ვთქვათ, ქართული ხორბალი დღგ-თი რომ იბეგრებოდეს, მას 65 თეთრის ნაცვლად დაახლოებით 80 თეთრად ჩავიბარებდით. ეს საკითხი მხოლოდ ხორბლის სექტორს არ ეხება და მიწოდების სხვა სფეროებშიც აქტუალურია“, – განაცხადა ლევან სილაგავამ “აგროგარემო TV-სთან”
მისივე შეფასებით, თავის დროზე ქართული ხორბლის დღგ-ისგან გათავისუფლება სწორი გადაწყვეტილება და მეხორბლეობის ხელშემწყობი მექანიზმი იყო. თუმცა, სილაგავა მიიჩნევს, რომ სექტორის განვითარების ამ ეტაპზე ადგილობრივი ხორბლის დღგ-ით დაბეგვრას შესაძლოა მეტი სარგებელი ჰქონდეს, რადგან ეს ადგილობრივი და იმპორტირებული ხორბლის შესყიდვის პირობებს გაათანაბრებს და ქართველ ფერმერებს პროდუქციის უფრო მაღალ ფასად რეალიზაციის შესაძლებლობას მისცემს.