Skip to content Skip to footer

რთველი დაიწყო – რამდენად დაიცვა სახელმწიფომ კახეთის მოსავალი სეტყვისგან?

კახეთში რთველი დაიწყო. ღვინის ეროვნული სააგენტოს  წინასწარი შეფასებით, 2026 წელს საქართველოში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი დაახლოებით 320 ათასი ტონაა.

თუმცა, თუ რა მოსავლით ხვდება რთველს კონკრეტული მევენახე, მხოლოდ ვაზის მოვლაზე ან მოსავლის საერთო პროგნოზზე არ არის დამოკიდებული. კახეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკი  სეტყვაა. მნიშვნელობა აქვს   რამდენჯერ, რა ინტენსივობით და ვაზის განვითარების რომელ ფაზაში დაისეტყვა ვენახი.

სეტყვისგან კახეთის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაცვა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სეტყვასაწინააღმდეგო სისტემას ევალება. სისტემა რეგიონში 2015 წლიდან მუშაობს და მისი აქტიური სეზონი, როგორც წესი, 1 აპრილიდან 1 ნოემბრამდე გრძელდება.

2026 წელსაც სახელმწიფომ სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტების მნიშვნელოვანი რაოდენობის შეძენა დაგეგმა. 17 თებერვალს „დელტამ“ გამოაცხადა ტენდერი 5 000 ერთეული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტის შესაძენად. სატენდერო კომისიის ოქმით, კონტრაქტის დაგეგმილი ღირებულება იყო 1,970,000 ევრო, დღგ-ის გარეშე, რაც იმ დღის კურსით 6,264,994 ლარს შეადგენდა. თუმცა ეს ტენდერი საბოლოოდ არ შედგა. შემდეგ, სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის მონაცემებში 30 აპრილით ფიქსირდება „დელტას“ მიერ ბულგარულ Stroyproject Ltd-თან 1,022,500 ევროს ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება. თუმცა ღია, ინდექსირებულ მონაცემებში ამ კონკრეტულ ჩანაწერს შესყიდვის საგანი მითითებული არ აქვს. ამიტომ,, უცნობია, ეს თანხაც მთლიანად სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებში გადაიხადეს თუ არა. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2026 წელს 2,045,000 ევრო უკვე დაიხარჯა სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებზე, თუმცა, ამის მტკიცებით ფორმაში თქმა დამატებით დოკუმენტურ გადამოწმებას საჭიროებს.

თუმცა კითხვა, რამდენად ეფექტიანად მუშაობს სისტემა, მხოლოდ წლევანდელი შესყიდვებით არ იწყება. ამ კითხვაზე მნიშვნელოვანი პასუხები უკვე აქვს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

2025 წელს გამოქვეყნებულ ეფექტიანობის აუდიტში, რომელიც ძირითადად 2022-2023 წლების სისტემის მუშაობას სწავლობს, წარმოდგენილია უფრო ფართო ფინანსური მონაცემებიც. აუდიტის მიხედვით, 2020 წლიდან 2024 წლის პირველ 11 თვემდე სეტყვასაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის ფუნქციონირებაზე 38,6 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ თანხიდან თითქმის 30 მილიონი ლარი — 29,984,419 ლარი — უშუალოდ რაკეტების შეძენაზე მოდიოდა.

მაგრამ აუდიტმა მხოლოდ ხარჯების ზრდა არ დააფიქსირა. ანგარიშში აღწერილია მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც სისტემის ეფექტიანობას პირდაპირ ზღუდავდა.

მაგალითად, კახეთის დასაცავად გამოყენებული მთავარი რადარი 2015-2024 წლებში არაერთხელ გამოვიდა მწყობრიდან და სრულად გაითიშა. აუდიტის თანახმად, ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც რადარის გათიშვის პერიოდში ტერიტორიები დაისეტყვა. ამავე რადარს მის ირგვლივ დაახლოებით 10-15-კილომეტრიანი ე.წ. „მკვდარი ზონა“ აქვს, სადაც ღრუბლების სრულფასოვანი კონტროლი ვერ ხორციელდება.

პრობლემა მხოლოდ რადარი არ ყოფილა. აუდიტის მომენტისთვის კახეთში მოქმედებდა 92 საცეცხლე დანადგარი, თუმცა მათგან 34-ს, ანუ დაახლოებით 37%-ს, გარკვეული მიმართულებებით გასროლის შეზღუდვა ჰქონდა. აუდიტის დასკვნით, არსებული დანადგარების რაოდენობა და განლაგება დასაცავი ტერიტორიის სრულ დაფარვას ვერ უზრუნველყოფდა.

განსაკუთრებით თვალსაჩინოა 2023 წლის მაგალითი. „დელტას“ შესაბამისი დეპარტამენტი სეზონისთვის 5 000 რაკეტას ითხოვდა, თუმცა სეზონის დასაწყისში მხოლოდ 2 500 შეიძინეს. 18-19 ივნისს, როდესაც სეტყვის ალბათობა 100%-ად ფასდებოდა, გამშვებ სისტემებში მხოლოდ 353 რაკეტა იყო ჩატვირთული, მაშინ როცა ყველა დანადგარის სრულად შესავსებად 2 340 ერთეული იყო საჭირო. კონკრეტული მეტეოროლოგიური პროცესის გასანეიტრალებლად სპეციალისტები 546 რაკეტას საჭიროდ მიიჩნევდნენ, რეალურად კი იმ დღე-ღამეში 81 რაკეტა გაისროლეს.

აუდიტმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გამოკვეთა: სახელმწიფოს სრულყოფილი მონაცემები არ აქვს იმის შესახებ, რამდენი სეტყვიანი დღეა ქვეყანაში და რა ზარალს იწვევს სეტყვა ყოველწლიურად. სწორედ ამიტომ აუდიტორებმა აღნიშნეს, რომ სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის საერთო ეფექტიანობის სრულყოფილად შეფასებაც ვერ შეძლეს.

ამიტომ საზოგადოებას უჩნდება საფუძვლიანი კითხვა — „თუ სახელმწიფო ყოველწლიურად მილიონებს ხარჯავს, რატომ ისეტყვება კახეთი?“ თუმცა ობიექტურობა მოითხოვს, რომ ითYქვას: მსგავსი ტექნოლოგია სეტყვის სრული გაქრობის გარანტიას ვერ იძლევა და მისი შედეგი კონკრეტულ მეტეოროლოგიურ პროცესზეა დამოკიდებული.

მაგრამ სახელმწიფო აუდიტის მიერ დადგენილი პრობლემები აჩვენებს, რომ საქართველოში საკითხი მხოლოდ ბუნების სიძლიერე არ ყოფილა — სისტემას წლების განმავლობაში ჰქონდა ტექნიკური, ინფრასტრუქტურული, ლოჯისტიკური და რაკეტების მარაგთან დაკავშირებული ხარვეზებიც.

და სწორედ ახლა, როდესაც კახეთში რთველი იწყება, რეალური შეფასებისთვის ორი მონაცემია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი: რამდენი ვენახი დაზიანდა სეტყვით 2026 წელს და რამდენად შეძლო სახელმწიფოს მრავალმილიონიანმა სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ ამ ზარალის შემცირება. ამ ორ კითხვაზე სრულყოფილი საჯარო პასუხი ამ ეტაპზე ჯერ არ ჩანს.

სეტყვისა და სხვა სტიქიური მოვლენებისგან ზარალის შემცირების მეორე მექანიზმი აგროდაზღვევაა, თუმცა პრაქტიკაში პრობლემად კვლავ დაზღვეული მეურნეობების მცირე წილი რჩება. პრობლემა ისაა, რომ ბევრი მეურნეობა კვლავ დაუზღვეველია. სახელმწიფო სადაზღვევო პრემიის 70%-ს აფინანსებს, მაგრამ დარჩენილი გადასახადი, ფართობის ლიმიტები და რეგისტრაციის მოთხოვნები ნაწილისთვის ბარიერად რჩება. შედეგად, სტიქიის დროს არაერთი მევენახე ზარალს ისევ საკუთარი რესურსით ხვდება.

და ბოლოს, ისიც უნდა ვქვათ, რომ 2026 წლის მოსავალზე ზეწოლა მხოლოდ სეტყვას არ მოუხდენია. 12 ივლისს თელავის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ნალექმა, მდინარეებისა და ხევების ადიდებამ და ღვარცოფულმა ნაკადებმა მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. კისისხევში, წინანდალში, კონდოლში, კურდღელაურსა და შალაურში დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ბაღები და ვენახები;, ცალკეულ ადგილებში ყურძნისა და ერთწლოვანი კულტურების მოსავალი სრულად განადგურდა. ადგილობრივების მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა წყლით, ტალახითა და ნატანით დაფარული სავარგულები, ხოლო ფერმერები ამბობდნენ, რომ მსხმოიარე ვენახების ნაწილი წყალში მთლიანად მოექცა.

ისიც უნდა ითქვას, რომ თუ სახელმწიფო ყოველწლიურად მილიონებს ხარჯავს სეტყვასაწინააღმდეგო სისტემაზე და პარალელურად აგროდაზღვევასაც აფინანსებს, საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რამდენად ეფექტიანად მუშაობს ეს მექანიზმები და რეალურად რამდენ ზარალს ამცირებს. სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა არა მხოლოდ სტიქიაზე რეაგირება, არამედ პრევენცია, ზუსტი მონაცემების წარმოება, სისტემის ხარვეზების დროული გამოსწორება და დაზარალებული ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი დაცვის მექანიზმების შექმნა.