კახეთში მევენახეების პროტესტისა და ჩასაბარებელ პუნქტებთან რამდენიმედღიანი დაძაბულობის ფონზე, მთავრობამ ყურძნის ჩასაბარებელი პირობები და ფასები შეცვალა. მევენახეები განსაკუთრებით შაქრიანობის მიხედვით დაწესებულ ტარიფებს აპროტესტებდნენ. 21 სექტემბერს აქცია გაიმართა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელშიც.
ახალი გადაწყვეტილებით, მაღალკონდიციური საფერავი, რომლის შაქრიანობა 20 გრადუსიდან ზემოთ იქნება, კილოგრამი 1 ლარად და 50 თეთრად ჩაიბარება. რქაწითელისა და სხვა ჯიშების შემთხვევაში 1 ლარი და 30 თეთრი უკვე 19 გრადუსიდან ზემოთ შაქრიანობაზე გავრცელდება. 16-დან 20 გრადუსამდე საფერავის ფასი 1 ლარი იქნება, ხოლო 16-დან 19 გრადუსამდე რქაწითელისა და სხვა ჯიშების – 90 თეთრი. 16 გრადუსზე ნაკლები შაქრიანობის ყურძენს სახელმწიფო 50 თეთრად ჩაიბარებს, ჰიბრიდულ ჯიშებს კი – 30 თეთრად. იმ მევენახეებს, რომლებმაც ყურძენი უკვე ძველი პირობებით ჩააბარეს, თანხა ახალი ფასებით გადაეთვლებათ და სხვაობას აუნაზღაურებენ.
მანამდე მოქმედი პირობები უფრო მკაცრი იყო. 17 სექტემბრის მდგომარეობით, საფერავის შემთხვევაში 1 ლარი და 50 თეთრი მხოლოდ არანაკლებ 21%-იანი შაქრიანობისა და შესაბამისი ხარისხის ყურძენზე მოქმედებდა; 17-დან 21%-მდე შაქრიანობის საფერავი 90 თეთრად ფასდებოდა, 17%-ზე ნაკლები კი – 30 თეთრად. სხვა ნებადართული ჯიშების შემთხვევაში 20%-დან ზემოთ ფასი 1 ლარი და 30 თეთრი იყო, 17-დან 20%-მდე – 80 თეთრი, ხოლო 17%-ზე ნაკლები – 30 თეთრი.
ღვინის ეროვნული სააგენტო ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად წლევანდელ კლიმატურ პირობებს ასახელებს. სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, უხვი ნალექის გამო ყურძენს შაქრიანობის აღება გაუჭირდა და ამიტომ პირობების გადახედვა გახდა საჭირო.
თუმცა სწორედ აქ ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა: თუ რთველის დაწყებისას უკვე შესაძლებელი იყო შეფასებულიყო, რა გავლენა ჰქონდა წლევანდელ ნალექს ყურძნის ხარისხსა და შაქრიანობაზე, რატომ გადაიხედა პირობები მხოლოდ ახლა, მევენახეების პროტესტისა და ჩასაბარებელ პუნქტებთან დაძაბულობის შემდეგ?
მით უფრო, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს პოზიცია ჯერ კიდევ ზაფხულში ბევრად უფრო მკაცრი იყო. ივლისში ლევან მეხუზლა აცხადებდა, რომ სწორად მოვლილ ვენახში 17%-იანი შაქრიანობის მიღწევა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო და დაბალი მაჩვენებელი, როგორც წესი, აგროტექნიკური მოთხოვნების დარღვევას უკავშირდებოდა. აგვისტოში კი სააგენტოს თავმჯდომარე ამბობდა, რომ 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ყურძენზე 30-თეთრიან ფასთან დაკავშირებით კომპრომისი არ იქნებოდა.
დღევანდელი გადაწყვეტილება არა მხოლოდ ფასების კორექტირებაა. შეიცვალა თავად ზღვარიც, რომლის მიხედვითაც ყურძენი ხარისხობრივ კატეგორიებში ნაწილდებოდა: მაღალი ფასის მისაღებად საჭირო შაქრიანობა შემცირდა, დაბალკონდიციურ ყურძენზე ტარიფი გაიზარდა, ხოლო 16 გრადუსზე ნაკლები შაქრიანობის ყურძენზე, რომელიც მანამდე 30 თეთრად ფასდებოდა, ახლა 50 თეთრია განსაზღვრული.
ოფიციალურად მთავრობა ცვლილებას კლიმატურ პირობებსა და წლევანდელი მოსავლის თავისებურებებს უკავშირებს. თუმცა გადაწყვეტილების დრო და ის გარემოება, რომ იგი მევენახეების პროტესტს მოჰყვა, აჩენს უმარტივეს კითხვას: იყო თუ არა შესაძლებელი ამ რეალობის გათვალისწინება უფრო ადრე, ვიდრე ფერმერები ჩასაბარებელ პუნქტებთან პროტესტისთვის გამოვიდოდნენ?
