სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მეპურეთა სექტორს უბრძანა, რომ პური არ გაძვირდეს, – ამბობენ პურის მწარმოებელთა ასოციაციაში. საუბარია მასობრივი მოხმარების ბატონ პურზე. არადა, სექტემბერში პური და პურპროდუქტები 7%-ით ისედაც გაძვირდა და მომდევნო თვეებშიც მცირედ მატებას პროგნოზირებენ. ბიზნესი მთავრობის ბრძანებას შესაძლოა დაემორჩილოს, თუმცა სექტორს უკიდურესად უჭირს. ჯაჭვი იმდენად გრძელია, რომ ვეცდები ყველა სექტორის სამზარეულოში შეგახედოთ და დაგანახოთ, რის ფასად მოდის პური ჩვენამდე. ამით აგიხსნით, რატომ უჭირთ ფერმერებს ხორბლის გაყიდვა, რა აძვირებს პურს და რას ველოდოთ მომავალში, არის თუ არა აქ რამე იმედისმომცემი.
დავიწყოთ იქიდან, რომ როცა მთავრობა ერთ სექტორს ეხმარება, მეორეს აზარალებს. მაგალითად, გასულ კვირას მეხორბლეების დახმარება სცადა, მაგრამ წისქვილკომბინატებს დაარტყა. შედეგი, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ის იქნება, რომ დიდი ხნით ვერც ქართველი მეხორბლე გაიმართება წელში, წისქვილები გაჩერდება და მეპურეები კი რუსული იმპორტირებული ფქვილით გამოგვიცხობენ პურს. ოცნებამ 1 ოქტომბრიდან ხორბლის იმპორტს ტონაზე 100-ლარიანი ბაჟი დაუწესა. ამან, მთავრობის მოლოდინით, რუსეთიდან ხორბლის იმპორტი უნდა შეამციროს, რაც ადგილობრივ მეხორბლეს მოსავლის შედარებით მაღალ ფასში რეალიზაციის შესაძლებლობას მისცემს. რა ფასად, ეს ბაზარმა უნდა დაადგინოს და დაარეგულიროს, მაგრამ მდგენელი ჯერ არ ჩანს. ხორბლის ჩამბარებელი პუნქტები, ანუ წისქვილები, ბაჟის დროებით დაწესებას არ ეწინააღმდეგებიან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ხანგრძლივად, რადგან მათი თქმით, თუკი რუსეთიდან ხორბლის შემოტანა შეიზღუდება ან ბაჟის გამო ძვირად შემოვა, გრძელვადიან პერსპექტივაში მეპურეები ჩვენს წისქვილებში დაფქვილი ძვირი ფქვილის ნაცვლად პურს გამოგვიცხობენ პირდაპირ რუსეთიდან შემოტანილი ფქვილით. თან ამბობენ, რომ ის უფრო ხარისხიანია. გამოდის, რომ ადგილობრივი მეწისქვილეები თამაშგარე აღმოჩნდებიან, რადგან დიდი ალბათობით ადგილობრივი მეხორბლისგან ხორბალს ძვირად არ იყიდიან. არარელევანტური იქნება. აქვე გეტყვით, რას ეძახიან ძვირს: კილოში 48, მაქსიმუმ 50 თეთრს. ქართულ ხორბალზეა საუბარი.
ზოგადად, ვინც თვალს გვადევნებთ, ჩვენ ხშირად გიყვებით ამ სექტორის გასაჭირზე, იმაზე, რომ მეხორბლეებს ყოველწლიურად საწვავი უძვირდებათ. სასუქიც, ხნვა-თესვაც უჭირთ, აქვთ ბანკის ვალები, ამბობენ, რომ შეღავათებითაც არ სარგებლობენ და სწორი მიდგომებით არც მხარდამჭერი პროგრამები მუშაობს, არ სარგებლობენ არანაირი შეღავათით. გაძვირებული ცხოვრება ხარჯებს მხოლოდ უზრდით. სექტორში წლების განმავლობაში სურათი არ იცვლება. გვჭირდება იმპორტი და იმასაც ბაჟით ვებრძვით. ასეთივე მიდგომა გვქონდა ჩვენ ფქვილის იმპორტზეც. წისქვილებმა ახლა ფქვილიდან იაფ ხორბალზე გადაინაცვლეს და ახლა იმასაც ბეგრავენ. ჩვენ ეს კინო 2020 წელს უკვე ვნახეთ. მაშინ 200 ათასი ტონა რუსული ფქვილი ვიყიდეთ და დღევანდელი მუშა წისქვილების ნახევარზე მეტი გაჩერდა, რაც მუშაობდა, მხოლოდ 20%-იანი დატვირთვით. ეს ბუნებრივია: როცა იაფი ფქვილი შემოდის, წისქვილი ფუნქციას კარგავს. გაჩერებული წისქვილი ქართულ ხორბალსაც კი აღარ ჩაიბარებს და გამოდის, რომ ეს ბაჟიც აზრს მოკლებულია.
გამოდის, რომ ოკუპანტი რუსეთის ბაზარს ვართ მიბმული და ვერაფრით ვეხსნებით. შარშან, იანვარ-აგვისტოში, 50 მილიონი დოლარის 191 ათასი ტონა ხორბალი ვიყიდეთ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან. წელს კი იმავე პერიოდში 65 მილიონის 265 ათასი ტონა. რუსეთს ხორბლის ჭარბი მოსავალი აქვს და გასაღების ბაზრები სანქციებიდან და ომებიდან გამომდინარე დაკეტილი. შავ და აზოვის ზღვებზე სამხედრო კონფლიქტებია და საექსპორტო საზღვაო ტერმინალები ბლოკირებულია, ვეღარ მუშაობენ. გაააქტიურეს რკინიგზა და გასაღების ბაზრად ერთ-ერთ ყველაზე მოსახერხებლად შევრჩით ჩვენ. გამოდის, რომ რუსეთი გვამარაგებს იაფი ხორბლით, მაშინ როცა ჩვენ ჩვენსასაც ვერ ვყიდით. ოკუპანტების ხორბალი ტონაზე 5 ათას რუბლამდეა დაცემული 13 ათასიდან. იაფდება რუსული ფქვილიც.
რა მოხდება, სექტორი ამბობს, რომ გამოჩნდება 2-3 კვირაში. ფაქტი ისაა, რომ მდგომარეობა არ სწორდება. ჩვენსას ვერ ვყიდით, სხვის იაფს ვაძვირებთ, რომ როგორმე ჩვენი გავყიდოთ ძვირად. ისიც უნდა გაგახსენოთ, რომ ჩვენ საკმარისი წარმოებაც არ გვაქვს და სასიცოცხლოდ გვჭირდება სხვისიც. ანუ ადგილობრივი წარმოება მოთხოვნის მაქსიმუმ 20%-ს ფარავს. ეს უკვე აგროსექტორის ხარვეზებზე მიუთითებს, იმ აგროსექტორის, კობახიძე რომ თავს იწონებს, ჩვენი მმართველობის დროს მხოლოდ იზრდება და 2.5-ჯერ გაიზარდაო.
დავუბრუნდეთ ჩვენს ბაზარს. საბაჟო ტარიფმა თითქოს იმოქმედა. 2023 წლის ივნისში რუსულ ფქვილზე დაწესდა 50-ლარიანი ზღვარი. ფერმერების მოთხოვნით მალევე აიწია 250 ლარამდე. ამ დროისთვის 300-ლარიანი ბაჟი მოქმედებს. შედეგი ასეთია: თუ 2023 წლის იანვარ-მაისში 49 ათასი ტონა ფქვილი შემოვიდა, წელს იმავე დროს იმპორტი თითქმის 16-ჯერაა შემცირებული. მეპურეები ამბობენ, რომ ბაჟის დაწესებით დაიკარგა კონკურენცია და მას მიჰყვა ხარისხიც, რადგან, მათივე თქმით, ქართული ხორბალი უხარისხოა.
წელს 150 ათასი ტონაა საქართველოს ხორბლის მოსავალი, აქედან 10-15%-ია საკვებად ვარგისი. დანარჩენი საფურაჟეა. ადგილობრივი მოსავალი ბაზრის მოთხოვნის 20%-ს ჰყოფნის. სახელმწიფოს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, ვინ რამდენ ხორბალს აწარმოებს, ვინ ჩააბარა და ვის აქვს დასაწყობებული. ანუ მთავრობას არ აქვს ინფორმაცია, რა ხდება ინდუსტრიაში და ისე დაიწყეს იმპორტის შეზღუდვა, მოტივით, თითქოს ადგილობრივი ხორბლის ფასის ზრდაზე ზრუნავენ. რეალურ სურათს კი ასეთ ვითარებაში ვიღებთ: მეპურეებს რუსული იაფი ფქვილი ურჩევნიათ, ქართული ხორბალი ისევ საწყობშია და შენახვა მეხორბლისთვის დამატებითი ხარჯია, თან გაფუჭების, ანუ ზარალის, რისკიც. წისქვილები კი გაჩერების პირას აღმოჩნდებიან. რამდენად გააზრებულია ეს საგადასახადო პოლიტიკა, ნამდვილად სადავოა. ამ სქემებით გამოდის, რომ წყალს რუსეთის წისქვილზე ვასხამთ და პურს საქართველოში ვაცხობთ.
პურის მცხობელს და მყიდველს არც ბაჟი აინტერესებს და არც ხორბლის მოსავალი. ერთს აინტერესებს, რამდენი დაუჯდება პურის დახლამდე მიტანა, მეორეს აინტერესებს, რამდენი თეთრის გადახდა მოუწევს პურში. პურის მწარმოებლებს არ მოსწონთ ხორბალზე ბაჟი.
ახლა მოკლედ: იმისთვის, რომ ფერმერებმა შედარებით მაღალ ფასში გაყიდონ ხორბალი, მთავრობა რუსული ხორბლის იმპორტს დამატებით ბეგრავს. წისქვილებს ეს არ აწყობთ, რადგან ამბობენ, რომ თუ იაფ ხორბალს შევზღუდავთ, ბაზარზე შემოვა იაფი ფქვილი. ორივე რუსული. წისქვილები მოგებას ვერ ნახავენ და ვეღარც ადგილობრივი ფერმერის მოსავალს ჩაიბარებენ. მეპურეებს ფქვილის ბაჟი არ აწყობთ, რადგან ამბობენ, რომ ადგილობრივ წისქვილში დაფქვილი ადგილობრივი ხორბლის ხარისხი დაბალია. რა იქნება და სად აღმოჩნდება ამ ალიაქოთში მეწისქვილე, პურის მცხობელი თუ პურის მჭამელი, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ მანამდე ფაქტი ერთი გვრჩება, არც ისე სასიამოვნო: ფერმერს ფასი არ მოსწონს, დასაწყობებული ხორბალი უფუჭდებათ, ყრიან ატამს, აქციებია ყურძნის ფასის გამოც, მაგრამ აგროსექტორი და ჩვენი ეკონომიკა ნებისმიერ სეზონზე ზრდას აჩვენებს.
